Facebook Twitter

საქმე # 210100122006252991

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №201აპ-24 ქ. თბილისი

უ. ა. 201აპ-24 18 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ა. უ–ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. უ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ. ქ–ს მიერ გამოიცა N......... შემაკავებელი ორდერი 30 დღით, რომლის თანახმადაც ა. უ–სს ოჯახის წევრის, კერძოდ, შვილის მეუღლის - ნ. დ–ს მიმართ განესაზღვრა შემდეგი ვალდებულება: აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, 2022 წლის 13 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ს. ი–ში, ა. უ–სი ყოველ დღე, პირადად ამყარებდა კომუნიკაციას ნ. დ–თან, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ა. უ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა. უ–ს მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 3 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. უ–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 3 დღით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათი;

3.4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ა. უ–ს სასჯელის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 17 აგვისტოდან 2022 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით (3 დღე) და გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან;

3.5. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

3.6. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, მსჯავრდებულ ა. უ–ს დაევალა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ პრობაციის ბიუროს.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ა. უ–სისათვის საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ა. უ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ტ–მ და მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განაჩენით უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ა. უ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ტ–მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. 2024 წლის 5 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კ..... პრობაციის ბიუროს პრობაციის ოფიცრის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გ. მ–ს წერილი, რომლის თანახმად, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათი ა. უ–ს მოხდილი აქვს სრულად.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა. უ–სისათვის კანონიერი სასჯელის დანიშვნას.

3. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს ა. უ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით) ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის კანონიერება.

4. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. უ–სის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ნ. დ–ს, მოწმეების: ნ. ს-ის, ლ-ის, მ. ქ–ს, ვ. ჯ-ის, გ. უ-ის, თ. მ-ის ჩვენებები, N.......შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. უ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედების ჩადენას.

5. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).

6. საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-111-ე მუხლს, რომლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144​​3, 149-ე−151​​1, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, მე-111-ე მუხლზე მითითებით წარმოადგენს ასევე ოჯახურ დანაშაულს.

8. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის; შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ფარგლებში არ არსებობს ა. უ–სის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების კანონისმიერი საფუძველი.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.

9.1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა.

9.2. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ა. უ–სი (დაბ.: .... წელს) არის საპენსიო ასაკის პირი. შესაბამისად, არ არსებობს ა. უ–სის მიმართ სასჯელის სახით არც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების კანონისმიერი საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, მართალია საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება საპენსიო ასაკის პირს, მსჯავრდებული ა. უ–სი კი არის პენსიონერი, თუმცა მოცემული გარემოება ცალკე აღებული არ უნდა გახდეს გადაწყვეტილების მსჯავრდებულის საუარესოდ მიღების და სასჯელის დამძიმების წინაპირობა, ვინაიდან კანონის აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს პრივილეგიას სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულებისადმი (შშმ პირი, ორსული ქალი, საპენსიო ასაკის პირი და ა.შ) და არა მათი მდგომარეობის დამძიმების საფუძველს. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულის მიერ დანიშნული სასჯელის (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) დიდი ნაწილი მოხდილია და მსჯავრდებული ა. უ–სი აგრძელებს სასჯელის მოხდას.

11. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული ხასიათიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ჩანაწერი ცალსახად და უპირობოდ გამორიცხავს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას მათ შორის საპენსიო ასაკის პირისათვის. შესაბამისად, დაუშვებელია ა. უ–სის, როგორც საპენსიო ასაკის პირის, მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.

12. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის კონსტიტუციურობის შემოწმებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პოზიცია სასჯელის მიზნებთან დაკავშირებით, ვინაიდან კონსტიტუციის ფარგლებში კონკრეტული დანაშაულისთვის შესაბამისი საფრთხეების ანალიზისა და საზოგადოებრივი საჭიროების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი სასჯელის განსაზღვრის კომპეტენცია ექსკლუზიურად კანონმდებელს გააჩნია... სასამართლო ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომლის ფუნქცია მართლმსაჯულების განხორციელებაა, პარლამენტი კანონშემოქმედების პროცესში ბევრად უფრო ახლოს დგას და უფრო მეტი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ ობიექტურად შეაფასოს ესა თუ ის სოციალური საშიშროება და ემპირიული დასკვნების საფუძველზე განსაზღვროს მასთან ბრძოლის შესაძლო ეფექტური გზები. ამიტომაც არის, რომ „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად ... საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლეო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“ (mutatis mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). იგივე უნდა ითქვას დასჯადი ქმედებისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრის შესახებ... იმ შემთხვევაში, როდესაც საერთო სასამართლოების მიერ ნორმის განმარტება უშუალოდ დაუპირისპირდება კანონმდებლის ნებას და დაადგენს ახალი დანაშაულის შემადგენლობას ანდა ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელისგან განსხვავებულ სასჯელს განსაზღვრავს, საფრთხე ექმნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. მნიშვნელოვანია იმის გათვითცნობიერება, რომ, ზოგადად, დემოკრატიისა და კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის ერთ-ერთ მთავარ გარანტორს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი წარმოადგენს, რომლის დანიშნულებაა, არ მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია მხოლოდ ერთ სახელისუფლებლო შტოში და გამოირიცხოს ამა თუ იმ ორგანოს მიერ მისთვის კონსტიტუციით მიუნიჭებელი ფუნქციების განხორციელება (იხ.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N1/10/703 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II – 24-26; 37-38).

13. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მკაფიოდაა განსაზღვრული სასჯელის სახეები: ჯარიმა (რომელიც არ გამოიყენება ოჯახური დანაშაულის საქმეებზე), საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (რომელიც არ შეიძლება დაენიშნოს მათ შორის საპენსიო ასაკის პირს) და თავისუფლების აღკვეთა.

13.1. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ა. უ–სის მიმართ სასჯელის სახედ დაუშვებელია ჯარიმის და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება, ხოლო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დანიშნოს სასჯელის ის სახე, რომელიც საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით არ არის გათვალისწინებული, ა. უ–სის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით)“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. იმავდროულად, სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით, - მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. უ–სი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 აპრილის საპროცესო განაჩენით მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა კი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის საპროცესო განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

17.1. სასამართლო, ითვალისწინებს, რომ ა. უ–მა მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს (2022 წლის 11 აგვისტოს) ა. უ–სი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განაჩენის საფუძველზე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად, საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე სასჯელის დანიშვნამ ვერ უზრუნველყო საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვერც ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და ვერც რესოციალიზაციის მიზნის მიღწევა.

18. იმავდროულად, ვინაიდან რომ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს – 2022 წლის 11 აგვისტოს - ა. უ–ი იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა), რაც, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად. კერძოდ, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

19. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი N14აპ-22; ასევე - 2023 წლის 8 მაისის განაჩენი N150აპ-23) საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე მითითება თავისთავად არ განაპირობებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების აუცილებლობას.

19.1. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოცემა უკავშირდებოდა ა. უ–ს მიერ შვილის მეუღლის - ნ. დ–ს მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას. შესაბამისად, ა. უ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედების - საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევს ოჯახის წევრის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

19.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დამატებით ობიექტს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გამოყენება - საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის გამო - გამოიწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმართლებელ დამძიმებას (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის N14აპ-22 განაჩენი, II-15; ასევე - 2023 წლის 8 მაისის განაჩენი N150აპ-23). აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებებობს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის გამო ა. უ–სისათვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით დანიშვნის საფუძველი.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა. უ–სს საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ არსებობს ა. უ–სათვის სასჯელის სახით განსაზღვრული – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით ან საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ნაწილობრივ ან სრულად პირობითად ჩათვლის საფუძველი. ვინაიდან,

21.1. მსჯავრდებული ა. უ–სი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით ( თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის) გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ვინაიდან, ა. უ–სმა გამოძიების ეტაპზე (იხ.: 2022 წლის 18 აგვისტოს გამოკითხვის ოქმი (იხ.: ტ.1, ს.ფ.71-74)), წინასასამართლო სხდომაზე (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი) და საქმის არსებითი განხილვისას (იხ.: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრისა და 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომის ოქმები) მიუთითა, რომ არ აღიარებდა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია ა. უ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის ( სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა) და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობას.

21.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი გამოსაცდელ ვადაში პირობით მსჯავრდებულის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობითი მსჯავრის გამოყენებას ითვალისწინებს მხოლოდ გამონაკლისის სახით - მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი ცალსახად და ამომწურავად განსაზღვრავს გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საგამონაკლისო წესს - ერთადერთ შემთხვევაში - თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ხსენებული ნორმა ეხება ზოგადად პირობითი მსჯავრის ინსტიტუტის გამოყენებას, რაც საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სისტემური, ტელეოლოგიური და გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, მოიცავს დანიშნული სასჯელის როგორც სრულად (საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე), ისე ნაწილობრივ (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე) პირობითად ჩათვლას. საწინააღმდეგო განმარტება არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის ძირითად არსსა და მიზანს. შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენისას, დანიშნული სასჯელის ნაწილის ან სრულად პირობითად ჩათვლა (საპროცესო შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით - დაუშვებელია.

23. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. უ–სის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

24. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მართალია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები უთითებენ ა. უ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (უჭირს გადაადგილება, სმენა და მხედველობა აქვს დაქვეითებული), თუმცა სისხლის სამართლის საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.

24.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ერთი მხრივ, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება აღნიშნულის ობიექტურად არსებობის (და ასეთის შემთხვევაში - ხარისხის/ სიმძიმის განმსაზღვრელი) დამდგენი დოკუმენტი, მსჯავრდებული გამოძიების ეტაპზევე იყო უზრუნველყოფილი ადვოკატის დახმარებით, ამასთან ა. უ–სთვის სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის საფუძველი იყო საქართველოს სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი („გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას“) და არა საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი; ამასთან გასაჩივრებული განაჩენების დამდგენმა სასამართლოებმა განაჩენებში მითითებული/ აღწერილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად მაინც შესაძლებლად მიიჩნიეს ა. უ–სისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ა. უ–ს შესაძლებლობა აქვს შეწყალების თხოვნით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს (საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით); ასევე - მოითხოვოს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ( საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევებში, ასევე საქართველოს სსსკ-ის 284-ე მუხლის შესაბამისად).

26. დაზარალებულის პოზიციასთან (საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადება (დამოწმებული ნოტარიუსის მიერ)) მიმართებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ა. უ–ი (დაბ: 1...წლის ......, პ/ნ ..........) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა. უ–სის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ს.......... რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა - 3 დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. უ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 1 წლითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა;

5. ა. უ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2022 წლის 17 აგვისტოდან 2022 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით (3 დღე).

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი