Facebook Twitter

საქმე N 080100121004696490

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №211აპ-24 1 ივლისი, 2024 წელი

ჯ–ა დ., №211აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ბ. ნ–სა და ა. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ჯ–ს (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქალაქ ქ–ში .... ქუჩაზე მდებარე ... საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ფარულად დაუფლებული იქნა ი. ჭ–ს კუთვნილ „KYMCO“-ს მარკის, „QUANNON 125“ მოდელის, მოტოციკლი. მომხდარის გამო ი. ჭ–ე, მის მეგობრებთან ერთად საკუთარი ძალებით შეეცადა მოტოციკლის მოძებნას, ძებნის პროცესში მათ შეხვდა ქ. ქ–ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის .. განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – ს. ხ–ე, რომელიც დაპირდა დახმარებას და ერთობლივი ძალებით განაგრძეს მოტოციკლის ძებნა. მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მოტოციკლის ადგილსამყოფელი, რის გამოც მივიდნენ ქალაქ ქ–ში .... ქუჩაზე ერთ-ერთ მიტოვებულ სახლის ეზოსთან, ამავდროულად მოპირდაპირე სახლის ეზოდან გამოვიდა ლ. ბ–ე, დაუდგენელ პირთან ერთად, მათ შორის საუბარი შედგა მოტოციკლეტთან დაკავშირებით, თუმცა ლ. ბ–ე და მისი თანმხლები პირი მალე გაეცალნენ იქაურობას. ძებნის შემდეგ მიტოვებული სახლის ეზოში ი. ჭ–მ ნახა მისი კუთვნილი მოტოციკლი, ამავდროულად დაბრუნდა ლ. ბ–ე, რომელსაც თან ახლდა დ. ჯ–ს და გამოძიებით დაუდგენელი რვა პირი. პოლიციის თანამშრომლის – ს. ხ–ს სამსახურებრივი საქმიანობით განაწყენებულმა დ. ჯ–სმ, ს. ხ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხა და სახეში დაარტყა მუშტი, ამავდროულად ს. ხ–ს ცემა დაუწყო ლ. ბ–მ, რომელმაც მუშტი დაარტყა მარჯვენა მხარეს სახეში, რის შემდეგაც ორივე ხელებით განაგრძო ცემა თავის, სახისა და კისრის არეში, ჩხუბში ჩაერთო დ. ჯ–ს და ლ. ბ–ს თანმხლები პირები, ს. ხ–ს სცემდნენ სახისა და ტანის არეში. ფიზიკური შეურაცხყოფისას დ. ჯ–მ ძლიერად გადაუტრიალა ს. ხ–ს მარცხენა ხელის ცერა თითი. ს. ხ–მ მის მიმართ განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, დ. ჯ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობით მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ჯ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით – ჯარიმა 2810 ლარი.

2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ბ. ნ–მ და ა. გ–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ბ. ნ–სა და ა. გ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დ. ჯ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 3 ნოემბერს, მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, ბ. ნ–მემ და ა. გ–მ, საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორების პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. განაჩენი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, იგი აგებულია ვარაუდებზე, კერძოდ: პალატა დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებული პირების ჩვენებებს, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ არის გასაზიარებელი. სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით არასწორად დაადგინა ფაქტი დ. ჯ–ს მხრიდან ძალადობის შესახებ, ასევე საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რამდენად წარმოადგენდა ს. ხ–ს მიერ განხორციელებული მოქმედებები პოლიციის თანამშრომლის საქმიანობას, რა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ის მოქმედებდა როგორც პოლიციელი და რით დგინდება, რომ ამის შესახებ იცოდა დ. ჯ–მ. სასამართლო შეეცადა გამოეკვეთა დ. ჯ–ს მოტივი, კერძოდ ის, რომ დ. ჯ–ს ს. ხ–ზე ძალადობდა მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება თავად დაზარალებულის ჩვენებითაც. მოტივთან მიმართებაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არადამაჯერებელია, ხოლო მისი სანდოობის შემოწმება სხვა პირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე, იმგვარად, რომ დადასტურებულად იქნეს მიჩნეული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა შეუძლებელია. ამდენად, რომც დადგენილიყო დ. ჯ–ს მხრიდან ძალადობრივი ქმედების ჩადენა, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ აღნიშნული დაკავშირებული იყო პოლიციის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და ეჭვს, რაც დ. ჯ–ს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შემთხვევის თვითმხილველი მოწმის ლ. ბ–ს სასამართლოზე დაკითხვაზე არდაშვებამ დაარღვია თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, რითაც დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა და მთლიანად სამართალწარმოება აქცია არასამართლიანად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ჯ–სს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ – ს. ხ–ს, მოწმეების – ნ. ხ–ს, კ. ხ–ს, ი. ჭ–ს, ლ. დ–ს, ჯ. ხ–ს ჩვენებებს, მოწმე – ი. მ–ს გამოკითხვის ოქმს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის ჩვენებას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.4. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ – ს. ხ–ს, მოწმეების – კ. ხ–ს და ნ. ხ–ს ჩვენებებით, ასევე მოწმე ი. მ–ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია ჩხუბის დაწყების, განვითარებისა და დასრულების დროის მონაკვეთი. თუ როგორ დაიწყო და რამდენი ხანი გაგრძელდა ჩხუბი, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა, ვინ რა შეძახილით მიმართავდა დაზარალებულს, როგორ გააშველეს მათ ისინი და რა გახდა კონფლიქტის მონაწილეთა დაშლის მიზეზი. დაზარალებულმა ასევე მიუთითა კონფლიქტის დაწყების და განვითარების მიზეზები, რაც ასევე დაადასტურეს ფაქტის თვითმხილველმა მოწმეებმაც, რომლებმაც ჩხუბის მიზეზების შესახებ დაზარალებულისგან გაიგეს ჩხუბის დასრულების შემდგომ, კერძოდ:

5.5. 2021 წლის 4 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ს. ხ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ დ. ჯ–მ (ხ–მა) თავდაპირველად მას სახეში შეაფურთხა, შემდეგ კი დაუწყო გინება და ჰკითხა, რატომ დააყენა თავზე მან ლ. ბ–ს და მასთან ერთად მყოფ პირებს მოპარული მოპედის მეპატრონე და მისი მეგობრები. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდა მასთან პრეტენზია. დ. ჯ–ს მას ეძახდა ბოზს, ძაღლს, შემდეგ დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა სახეში, მარცხენა ხელის ცერა თითში მოკიდა ხელი და გადაუტრიალა, რის გამოც ძლიერი ტკივილი იგრძნო, მას ასევე ფიზიკურად გაუსწორდა დ. ჯ–ს თანმხლები რამდენიმე პირი. ჩხუბის დროს სახლიდან გამოვიდნენ დაზარალებულის დედა და მეზობელი ი. მ–ე. ჩხუბი დაახლოებით 3-5 წუთი გაგრძელდა, გაშველების შემდეგ დ. ჯ–ს ჩაჯდა „ე–ს“ მარკის ავტომობილში, რა დროსაც მარცხენა ფეხის არეში მიაჯახა მანქანა, რის შედეგადაც, ასევე იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ჩვენებით, დ. ჯ–ს მისი მეზობელია, მისგან ოდნავ მოშორებით ცხოვრობს და მან, ისევე როგორც ლ. ბ–მ, კარგად იცოდნენ, რომ ის პოლიციელი იყო. მოწმე ნ. ხ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის 4 მარტს, საღამოს 18:00 საათისთვის შემოესმა ხმაური, გავიდა გარეთ და დაინახა, რომ ჭიშკართან მის შვილს რამდენიმე ადამიანი სცემდა სახისა და მუცლის არეში, გაიქცა გასაშველებლად. მან ჩხუბის მონაწილეთაგან შეიცნო ლ. ბ–ე და დ. ჯ–ს (ხ–ი), რომლებიც ს. ხ–ეეს ურტყამდენ გაშლილ ხელს სახეში, დ. ჯ–ს ასევე კისერში უჭერდა ხელს, მარცხენა ხელის თითში ჩაავლო ხელი და გადაუტრიალა. დ. ჯ–ს მის შვილს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, კერძოდ: „ძაღლო, ეს როგორ გააკეთე, ხომ იცი მოგკლავო“, ჩხუბმა დაახლოებით 5 წუთს გასტანა, მან და მისმა მეუღლემ შეძლეს სიტუაციის განმუხტვა. ანოლოგიური ფაქტობრივი გარემოებები იქნა დადასტურებულ კ. ხ-ძის ჩვენებითაც, მოჩხუბართაგან მანაც ლ. ბ–ეე და დ. ჯ–ს შეიცნო, ასევე დაადასტურა, რომ მსჯავრდებული მის შვილს მოიხსენიებდა სიტყვა „ძაღლით“. მოწმის ჩვენებით, მან მეუღლესთან და ი. მ–სესთან ერთად შეძლო თავდამსხმელების მოგერება. მოწმე ი. მ–ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ს. ხ–ს მისივე სახლის წინ დაახლოებით 8-10 ადამიანი ურტყამდა, რა დროსაც ს. ხ–ე შეეცადა მათ მოგერიებას, აღნიშნული პირებიდან მან იცნო დ. ჯ–ს (ხ–ი), რომელიც არის მათი უბნელი და დაინახა თუ როგორ ჩაარტყა ს. ხ–ს ხელი სახის არეში. ს–ს სახის არეში ეტყობოდა შეფურთხების კვალი. მოწმეთა ჩვენებებით, ასევე დასტურდება, რომ მათ ს. ხ–საგან შეიტყეს, რომ დ. ჯ–სმ და მისმა თანმხლებმა პირებმა ის იმიტომ სცემეს, რომ იყო პოლიციელი და შეეცადა მოპარული მოპედის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ ს. ხ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია თითქოს დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას - საფუძველს მოკლებულია.

5.6. სადავო არ არის 2021 წლის 4 მარტს, განვითარებულ მოვლენებამდე ს. ხ–ეის მონაწილეობა და დახმარების მცდელობა ი. ჭ–ს კუთვნილი მოტოციკლის აღმოჩენის პროცესში და მისი კომუნიკაცია ლ. ბ–სთან და მის თანხმლებ პირთან. ქალაქ ქ–ში .... ქუჩაზე მდებარე ... საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ი. ჭ–ს კუთვნილი მოტოციკლის დაკარგვის და შემდგომში ძიების ფაქტი, რომელშიც მონაწილეობდა ს. ხ–ე, დადასტურებულია მოწმეების – ლ. მ–ს, ლ. დ–ს, ჯ. ხ–სა და ი. ჭ–ს ჩვენებებით. ასევე მათი ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ს. ხ–ე და აღნიშნული პირები კვალმა მიიყვანა ლ. ბ–ეის საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე ეზოში, სადაც ს. ხ–მ ლ. ბ–ეესთან და მის თანმხლებ პირთან დაამყარა კომუნიკაცია, ხოლო ი. ჭ–მ და მისმა მეგობრებმა წამოიყვანეს მოტოციკლი.

5.7. საგულისხმოა, რომ მოწმეებმა – ი. ჭ–მ, ლ. მ–მ, ლ. დ–მ და ჯ. ხ–მა აღწერეს, მოტოციკლის დაკარგვის, ს. ხ–ს დახმარების მცდელობის ფაქტი, მისი ლ. ბ–სთან კომუნიკაციის, შემდგომში მოტოციკლის პოვნის და წამოყვანის ფაქტი, ასევე დაადასტურეს კონფლიქტის და ჩხუბის დაწყება, თუმცა ვერ მიუთითეს კონფლიქტის მონაწილენი და დეტალები, ვინაიდან ისინი ზემოთ იყვნენ და იმ ადგილას, საიდანაც მოტოციკლეტი წამოიყვანეს აღარ დაბრუნებულან.

5.8. ნათელია, რომ 2021 წლის 4 მარტს, განვითარებული მოვლენები იყოფა ორ მოქმედებად. პირველი - მოტოციკლეტის დაკარგვა, რომელშიც ერთვება ს. ხ–ე და ეხმარება ი. ჭ–ს კუთვნილი ნივთის პოვნაში და მეორე - როდესაც ის კომუნიკაციას ამყარებს ლ. ბ–სთან, აღნიშნული პირი ტოვებს ტერიტორიას და მოგვიანებით ბრუნდება დ. ჯ–სთან ერთად, რის შემდეგაც იწყება კონფლიქტი. დამაჯერებლობას მოკლებულია, რომ დ. ჯ–ს და ს. ხ–ს მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ და ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან აღნიშნული დადასტურებულია, როგორც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ისე დაზარალებულ ს. ხ–ს ჩვენებით, მოწმეების – ნ. ხ–ს და კ. ხ–ს ჩვენებებითა და ი. მ–ს გამოკითხვის ოქმით. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია და მიმართულია დ. ჯ–სთვის პასუხისმგებლობის აცილებისკენ. მოწმე ბ. ბ–ს ჩვენებით, დ. ჯ–ს შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა, ხოლო მოწმე ა. ს–ს ჩვენებით მან დაინახა დ. ჯ–ს, რომელიც მანქანიდან ნახევარი ტანით იყო გადმოსული და ს. ხ–ს მოუწოდებდა გაწეულიყო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ნათელია რომ დაცვის მხარის მოწმეები სასამართლოში იძლევიან არა რეალურ, არამედ ამ სიტუაციაში მსჯავრდებულისთვის სასურველ ჩვენებას.

5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, ისეთებთან, როგორიცაა მაგ.: ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სხვა, რის გამოც, დაცვის მხარის პოზიცია ხსენებულ მოწმეთა ჩვენებების არასანდოობის შესახებ - საფუძველს მოკლებულია. ს. ხ–ს მიერ დაზიანების სხვა ვითარებაში მიღების თაობაზე რაიმე გონივრული ეჭვი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა დ. ჯ–ს მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობას - არ არსებობს. აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ რაიმე არგუმენტი დაცვის მხარეს არ გაუჟღერებია, გარდა იმისა, რომ ამ გარემოების უტყუარად დადგენის შემთხვევაში, ალტერნატივის სახით, სადავოდ ხდიდა მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციას.

5.10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფის გამო, პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული თავისი კონსტრუქციით ფორმალური შემადგენლობისაა და სუბიექტური მხრივ მისი ჩადენა, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. ჯანმრთელობის ხელყოფა გულისხმობს, როგორც სხეულის დაზიანების მცდელობას, ისე ფაქტობრივ დაზიანებას. ჯანმრთელობის დაზიანებაში იგულისხმება ნებისმიერი სიმძიმის დაზიანება. ქმედება ამ მუხლით დაკვალიფიცირდება არა მარტო მაშინ, როდესაც ხელყოფა ხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არამედ მაშინაც, როცა აღნიშნული ხორციელდება მსხვერპლის საქმიანობასთან დაკავშირებით.

5.11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც ქმედების პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. დანაშაულებრივი ქმედების სწორად კვალიფიკაციისათვის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ასევე ის გარემოება როგორ ვითარებაში იქნა აღნიშნული მიყენებული, რა უძღოდა წინ და შემდგომ, ადგილი ხომ არ ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს მსხვერპლის საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვა.

5.12. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული დ. ჯ–ს მიერ ს. ხ–ზე განხორციელებული თავდასხმის მიზანი, მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ დ. ჯ–მ არ იცოდა ს. ხ–ს საქმიანობის სფერო და მისი საქმიანობიდან გამომდინარე ი. ჭ–ს დახმარების ფაქტი მოტოციკლის ძიების პროცესში. ფაქტის თვითმხილველი მოწმეების – ნ. ხ–ს და კ. ხ–ს ჩვენებებით, ასევე მოწმე ი. მ–ს გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია, რომ დ. ჯ–ს და მისი თანმხლები პირები ს. ხ–ს მიმართავდნენ უშვერი სიტყვებით, ისეთებით როგორიცაა „ბოზი“ და „ძაღლი“.

5.13. საქმეში წარმოდგენილი, ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დ. ჯ–ს მიერ ს. ხ–ს მიმართ ჩადენილი ძალადობა დაკავშირებული იყო ზოგადად მისი, როგორც პოლიციის თანამშრომლის საქმიანობასთან. მოწმეთა ჩვენებების ერთობლივად შეფასებისას ნათლად გამოკვეთილია საერთო სურათი 2021 წლის 4 მარტს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, რომელიც, ობიექტურ პირს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებს დ. ჯ–ს მხრიდან ს. ხ–ზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტში, რაც განპირობებული იყო მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

5.14. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს საქმის მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობაზე. კერძოდ, დაცვის მხარის პოზიციით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმე ლ. ბ–ს გამოკითხვის ოქმის არდაშვებამ დაარღვია თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც მთლიანად სამართალწარმოება აქცია არასამართლიანად.

5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე. ხოლო ამავე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო.

5.16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პროცესში მხარეები აღჭურვილნი არიან შეჯიბრებითობის უფლებით, რა დროსაც დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან თანასწორად უფლებამოსილია მოიპოვოს და წარადგინოს სასამართლოში მისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ზემოაღნიშნული პრინციპის იმპერატიული მოთხოვნები დაირღვევა თუ არ იარსებებს რეალური შესაძლებლობა, ბრალდებულმა გავლენა მოახდინოს პროცესზე – მისი ხმა/პოზიცია მოსმენილი და შეპირისპირებული იყოს სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვევა თუკი ბრალდებულს არ მიეცემა ეფექტური შესაძლებლობა შეეწინააღმდეგოს სადავო მტკიცებულებების გამოყენებას მის წინააღმდეგ და გაასაჩივროს ის გარემოებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი მსჯავრდება საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი უფლებით აღჭურვა არ გულისხმობს იმას, რომ დაცვის მხრიდან დაცული არ იქნას ის ფორმალური საფუძვლები, რაც აუცილებელია მტკიცებულების გამოძიების პროცესში მოპოვებისა და სასამართლოში საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით წარდგენისათვის. მოწმე ლ. ბ–ს შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი დაცვის მხარისთვის იმთავითვე იყო ცნობილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ადვოკატებმა ვერ დაასაბუთეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენის შეუძლებლობის ფაქტი, რის გამოც დაცვის მხარეს საფუძვლიანად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

5.17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.19. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ბ. ნ–სა და ა. გ–ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე