საქმე N 210100123007735444
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №222აპ-24 2 ივლისი, 2024 წელი
გ. გ-ი, №222აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2018 წლის 20 მარტს, შპს „მ–ა“ და გ. გ–ის შორის შპს „მ....“ თ–ს ფილიალში გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს „მ....“ გ. გ–სგან მინდობილობის საფუძველზე შეიძინა გ. ა–ის საკუთრებაში არსებული „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით – ...... აღნიშნული ავტომობილი, ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ლიზინგის მიმღებს – გ. გ–ის ფლობის, სარგებლობისა და მომავალში მისი გამოსყიდვის უფლებით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგის თანხად განისაზღვრა 8580 ლარი, თვეში 4,05%-ის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 20 მარტამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 408,2 ლარის გადახდით, თუმცა გ. გ–მა სრულად არ გადაიხადა აღნიშნული თანხა და ლიზინგის საგანი – „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით – „....“, დაშლის შემდგომ ნაწილ-ნაწილ გაასხვისა. შპს „ფ.....“ 2021 წლის 17 ივნისს შპს „მ....გან“ შეიძინა პრობლემური აქტივების პაკეტი, რომელშიც შედიოდა გ. გ–ს საქმე. შესაბამისად, გ. გ–ს ქმედების შედეგად შპს „ფ.....-“ მიადგა 8099 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენით გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.
2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 26 იანვარს, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, მიხეილ კუპრაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ – მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3.3. 2024 წლის 5 თებერვალს, მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ–მ პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გ. გ–სთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე გასაჩივრებულ განაჩენს სადავოდ არ ხდის გ. გ–ს მსჯავრდების კუთხით, ამ მხრივ საკასაციო საჩივარი არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია. ბრალდების მხარისთვის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს გ. გ–სთვის დანიშნული სასჯელი, რომელიც მისი აზრით, ზედმეტად მსუბუქია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს, რამდენად კანონიერი და სამართლიანია გ. გ–სათვის დანიშნული სასჯელი.
5.2. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც მსჯავრი დაედო გ. გ–ის, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5.4. გ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის კანონიერების და სამართლიანობის შეფასებამდე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნებზე, კერძოდ, სასჯელის მიზანია: 1) სამართლიანობის აღდგენა, 2) ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და 3) დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა ამისა, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
5.5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უპირველეს ყოვლისა, სასჯელი – ეს არის მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის სახელმწიფოს პასუხი. დანიშნული სასჯელი, პირველ რიგში, უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რომელმაც მომავალში მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკები, ამასთან, დაზარალებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს უსამართლობის ანდა დაუცველობის განცდა და საზოგადოებაში უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის პოტენციური მსურველებისთვის. სწორედ ამიტომ, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ვინაიდან სხვადასხვაა თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი.
5.6. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ: „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისათვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.7. შესაბამისად, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნას შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
5.8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ–სთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე – ჯარიმა, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა საწყის ეტაპზევე აღიარა დანაშაული და უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ჩადენილი დანაშაულის ხერხთან, ხასიათთან, საზოგადოებრივ საშიშროებასთან მიმართებით და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, აკმაყოფილებს სამართლიანობის და კანონიერების მოთხოვნებს, თუმცა გამოყენებული სასჯელის ზომა – 2000 ლარი დანაშაულის შედეგად გამოწვეულ ზიანთან მიმართებით, მიუხედავად მისი მისწრაფებისა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, არაპროპორციულია და ვერ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნებს, არ შეესაბამება სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რის გამოც, გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და გ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ. გ–ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს). სასჯელის ზომასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ დაკისრებული სასჯელისგან დამოუკიდებლად, დაზარალებულს უფლება აქვს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რაც მნიშვნელოვანი საპროცესო გარანტიაა.
5.9. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას დამატებით სასჯელად სავალდებულოდ ითვალისწინებს, რაც იმპერატიული ხასიათისაა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს გ-ი გ-სთვის აღნიშნული დამატებითი სასჯელი დანიშნული არ აქვს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი სასჯელის დამძიმების მოთხოვნით არის წარმოდგენილი და პროკურორს ასეთი პოზიცია ეკავა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ–ის, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება.
5.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.11. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
5.12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება ჯარიმის სახით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მიმართ. რაც შეეხება გ. გ–ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია რამდენიმე პირობის ერთდროულად არსებობასთან, რაც, მოცემულ შემთხვევაში, გამოკვეთილი არ არის. კერძოდ, საქმის მასალებით მართალია დასტურდება, რომ გ. გ–ი ნასამართლევი არაა, თუმცა დაზარალებულისთვის ზიანის აუნაზღაურებლობის და მისი თანხმობის არარსებობის გამო, გ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ დამატებით სასჯელზე ვერ იქნება გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. გ. გ–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარი;
4. გ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად 1 წლით ჩამოერთვას სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება;
5. გ. გ–ის დამატებითი სასჯელის ვადა აეთვალოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია;
8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე