3კ-1160-02 27 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
კასატორის თხოვნა: გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 11 ოქტომბერს, ლ. ბ.-ის მიერ საკუთარ ბინაში ელექტროშესადუღებელი სამუშაოების ჩატარებისას, ჩავარდნილი ნაპერწკლისაგან ლ. გ.-ის აივანზე გაჩნდა ხანძარი. ხანძარის შედეგად დაიწვა ბინის ნაწილი და ნივთები. ლ. გ.-მ აღძრა სარჩელი ლ. ბ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 15760 ლარის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რადგან მან ზიანი უკვე აანაზღაურა. კერძოდ, ხანძრის შემდეგ მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება, რომლითაც ლ. ბ.-ს უნდა გაეკეთებინა რემონტი. რაც შეეხება ნივთებს, აღნიშნულზე შეთანხმება არ ყოფილა ბინაში კი მან სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. გ.-ის სარჩელი ლ. ბ.-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ლ. ბ.-ს ლ. გ.-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 3150 ლარი, ხოლო სარჩელს, 12220 ლარის დაკისრების ნაწილში, უარი ეთქვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დამწვარი ნივთების ღირებულების ანაზღაურება, კერძოდ: ტელევიზორის, მაცივრის, ბიბლიოთეკის, წიგნების თაროების, კომოდის, ტანსაცმლის კარადის, ტახტის, ლოგინების, საწოლის, ტრილიაჟის, საკერავი მანქანა “ზინგერის", ჭურჭლის კარადისა და ჭაღის.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. გ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ბ.-ის ლ. გ.-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 4370 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1999წ. 11 ოქტომბერს ლ. გ.-ის ბინაში გაჩნდა ხანძარი, რაც გამოწვეული იყო ლ. ბ.-ის მიერ ელშესადუღებელი სამუშაოების შესრულების დროს წარმოშობილი ნაპერწკლით. ხანძრის შედეგად ლ. გ.-ს მიადგა ზიანი. კერძოდ, განადგურდა საცხოვრებელი ბინის 30 კვ.მ-ზე მეტი, ავეჯი და სხვა საოჯახო ნივთები. კერძოდ, საძინებელი გარნიტური “სოფია", ტელევიზორი, ვიდეომაგნიტოფონი, ფოტოაპარატი, მაგნიტოფონი, მაცივარი, ბიბლიოთეკა, წიგნების კარადა თაროებით, ორი ცალი კომოდი, ერთი ცალი სერვანდი, შიგ მოთავსებული ჭურჭლით, მაგიდა სკამებით, კარადა ტანსაცმლით, ლოგინი, ერთი საწოლი, ტრილიჟი, ჭაღი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ყველა იმ ნივთის ღირებულების ანაზღაურება, რომელთა განადგურების (დაწვის) ფაქტი დასტურდება საქმეზე არსებული მტკიცებულებებით (შემთხვევის (ხანძრის) ადგილის დათვალიერების ოქმი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, აუდიტის დასკვნა). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა ანაზღაურდეს იმ ნივთების ღირებულება, რომლების ანაზღაურებაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელეს, კერძოდ, საძინებელი გარნიტური “სოფია" (1800 ლარი), ვიდეომაგნიტოფონი (250 ლარი), ფოტოაპარატი (120 ლარი), მაგნიტოფონი (100 ლარი), 1 ცალი კომოდი (200 ლარი), სერვანდი (1500 ლარი) და მაგიდა სკამებით (500 ლარი), სულ 4370 ლარის ღირებულების.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 408-ე და მე-1000 მუხლებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ.-მ იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია; სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ნივთების ჩამონათვალში, აუდიტის დასკვნაში და ლ. გ.-ის ახსნა-განმარტებაში დამწვარი ნივთების ღირებულება ერთმანეთისაგან განსხვავდება. სასამართლოს უნდა ჩაეტარებინა სასაქონლო ექსპერტიზა, დაეკითხა მოწმეები და ამ გზით დაედგინა ზიანის ზუსტი ოდენობა. სასამართლო არ მიუთითებს იმ მტკიცებულებებზე, რითაც დაადგინა, რომ სხვა ნივთებთან ერთად დამწვარია საძინებელი გარნიტური “სოფია".
კასატორი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა ქვს ადგილი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილების იურიდული დასაბუთებაში იგულისხმება სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დაცვა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს აღნიშნული ნორმის მოთხოვნები არ დაურღვევია, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მთთითებულია სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე, მტკიცებულებებზე, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს მე-1000 მუხლი, რადგან ამ ნორმის მეორე ნაწილით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან, ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის, ან ნივთის მფლობელი ვალდებულია, ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. აღნიშნული ნორმა მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ელექტროშედუღება, რადგან იგი ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ელექტროშემდუღებლის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. აქედან გამომდინარე, პირი, რომელმაც მომეტებული საფრთხით სხვას ზიანი მიაყენა, ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (408-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურება ევალება ნაგებობის ან ნივთის მფლობელს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ნაგებობის (ბინის) მესაკუთრეა. ამდენად, სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა მატერიალურ სამართლებრივი ნორმები.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის შესახებ, რადგან, ჯერ ერთი, სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოპასუხემ არ გამოიყენა შესაძლებლობა, თავი დაეცვა მის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელისაგან. მეორე, მოსარჩელემ წარადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც დადგენილ იქნა ხანძრის შედეგად დამწვარი ნივთების სახეობა, რაოდენობა და მათი ღირებულება.
პალატა ვერ გაიზაირებს კასატორის მოსაზარებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა დაენიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. მართალია, სსკ-ს 162-ე მუხლებით სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით დანიშნოს ექპერტიზა, მაგრამ იგი არაა ვალდებული, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ამასთან, ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს ისეთი საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქმის განხილვისას ისეთი საკითხი, რომელიც სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა, არ წამოჭრილა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.