საქმე # 330100122006516723
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №226აპ-24 ქ. თბილისი
პ.დ. 226აპ-24 25 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. პ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 2731 მუხლის მე-2 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი);
1.2. მარიხუანის უკანონო გასაღება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 2731 მუხლის მე-8 ნაწილით (სამი ეპიზოდი);
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. დ. პ–მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ჯ. კ–ზე ასევე უკანონოდ გაასაღა გამომშრალი მარიხუანა, წონით – 7,39 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჯ. კ–საგან ამოიღეს 2022 წლის 17 ოქტომბერს ქ. თ–ში, ……ის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.2. დ. პ–მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ჯ. კ–სზე ასევე უკანონოდ გაასაღა გამომშრალი მარიხუანა, წონით – 10,26 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2022 წლის 20 ოქტომბერს ქ. თ–ში, ……..ის გამზირზე, N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ. კ–საგან ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.3. დ. პ–მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ჯ. კ–ზე ასევე უკანონოდ გაასაღა გამომშრალი მარიხუანა, წონით – 9,32 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჯ. კ–საგან ამოიღეს 2022 წლის 25 ოქტომბერს ქ. თ–ში, …….გამზირზე, N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.4. ასევე, დ. პ–მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა გამომშრალი მარიხუანა, წონით – 15,75 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2022 წლის 31 ოქტომბერს დ. პ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით დ. პ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჯარიმა – 2000 ლარი;
3.2. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2022 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჯარიმა – 2000 ლარი;
3.4. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2022 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთა – 3 წლითა და 6 თვით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჯარიმა – 2000 ლარი;
3.6. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2022 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.7. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჯარიმა – 2000 ლარი;
3.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.9. დ. პ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 31 ოქტომბრიდან.
3.10. დ. პ–ს, როგორც მარიხუანის გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. პ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ტ–მ. ადვოკატმა მოითხოვა მსჯავრდებულ დ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (სამ ეპიზოდში) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (სამ ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულებში გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ყველაზე მსუბუქი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი, დ. პ–ს მიმართ, დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. პ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ტ–მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ დ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (სამ ეპიზოდში) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (სამ ეპიზოდში) გათვალისწინებულ დანაშაულებში გამართლებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) – ყველაზე მსუბუქი სასჯელის შეფარდებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს დ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (სამ ეპიზოდში) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (სამ ეპიზოდში) გათვალისწინებულ დანაშაულებში გამართლებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – ყველაზე მსუბუქი სასჯელის შეფარდებას.
8.1. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. პ–სის მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია, ჩაიდინა თუ არა დ. პ–მ მსჯავრადშერაცხილი: საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2022 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2022 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2022 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) – გათვალისწინებული დანაშაულები, ასევე საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის – 2000 ლარიანი ჯარიმის – კანონიერება.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ. პ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ან/და მარიხუანის უკანონო გასაღების რომელიმე ეპიზოდი. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმე ჯ. კ–ს ჩვენებით, ამოღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით, ექსპერტიზის, მათ შორის, ქიმიური, ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, ქვითრებით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ. პ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-8 ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები, მათ შორის, მარიხუანის უკანონო გასაღება და იგი, ჯ. კ–ს, როგორც ახლობელს, მხოლოდ ეხმარებოდა შეძენაში. სასამართლო ითვალისწინებს, მოწმე ჯ. კ–ს ჩვენებას, რომლის თანახმად, 2022 წლის 17, 20 და 25 ოქტომბერს, ოპერატიული ღონისძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დ. პ–საგან საკონტროლო შესყიდვისას შეიძინა მარიხუანა. კერძოდ, აღნიშნულმა მოწმემ განმარტა, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც დ. პ–ე იყო მარიხუანის გამსაღებელი, მას შემდეგ, რაც აწარმოა ოპერატიული დაკვირვება და დარწმუნდა, რომ იგი მართლაც ყიდიდა მარიხუანას, გამოვლენის მიზნით, დ. პ–სთან დაამყარა „მეგობრული“ ურთიერთობა და მოიპოვა მისი ნდობა. აღნიშნულის შემდეგ დ. პ–მ შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შესყიდვა, შესაბამისად, დ. პ–ის მითითებით, მისსავე ანგარიშის ნომერზე, მისივე გაგზავნილი პირადი ნომრის მეშვეობით, ჯ. კ–მა თითოეულ ჯერზე ჩარიცხა – 500 ლარი, შეხვდა დ. პ–ს და ხელიდან ხელში გამოართვა ქაღალდის ნაჭრებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანა.
11.1. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ სს „......... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დ. პ–ს ანგარიშის ნომერზე – .............., დ. პ–სის სახელით, 2022 წლის 17, 20 და 25 ოქტომბერს ჩაირიცხა თანხა 500-500 ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული თანხის იმავე დღეს გამოტანა ან გადარიცხვა არ ფიქსირდება. ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება დ. პ–ს მითითებით, მისსავე საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის, შემდეგ კი ჯ. კ–სა და დ. პ–სის შეხვედრისა და ჯ. კ–სათვის მარიხუანის გადაცემის ფაქტები.
12. ზემოხსენებული მტკიცებულებების გათვალისწინებითა და დაცვის პოზიციის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას, რომ დ. პ–ს მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება არ ჩაუდენია და ჯ. კ–ს, როგორც ძალიან შინაურს, ეხმარებოდა ნარკოტიკული საშუალების ყიდვაში, ვინაიდან დაცვის მხარის აღნიშნული პოზიციის დასადასტურებლად საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება. ამასთან, სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე ობიექტური გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
13. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ეჭვებს, სს საქმეში ნივთმტკიცებად ცნობილი მარიხუანის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ოდენობებთან დაკავშირებით და კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია – საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის რომელიმე პოზიციას/ვერსიას, არ არის წარმოდგენილი არც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა. ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა დაცვის მხარისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების ან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე უსაფუძვლოა ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ; სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
15. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – ყველაზე მსუბუქი სასჯელის შეფარდების თაობაზე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
15.1. საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას – ას სამოციდან ორას ოც საათამდე ვადით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა ორი ალტერნატიული სასჯელიდან ერთ-ერთი – ჯარიმა, იმავდროულად, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და შეუფარდა სასჯელის ისეთი სახე, რომელიც მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ტ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე