Facebook Twitter

საქმე # 200100123007724952

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №251აპ-23 ქ. თბილისი

გ.უ. 251აპ-23 5 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ უ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით უ. გ–ს, – დაბადებულს 19.. წელს – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2023 წლის 17 ივლისს, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უ. გ–ი ხანჯლის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ა. მ–ს, რის შედეგად მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:

3.1. უ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

3.2. უ. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ მოითხოვა უ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განაჩენით გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენი.

5.1. უ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2023 წლის 17 ივლისიდან 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით) ჩაეთვალა მოხდილად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ უ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განაჩენის გაუქმება, უ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის შესაგებელი, რომლითც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს უ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება უ. გ–ს მიერ დანაშაულის – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ – ჩადენა.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, რაც შესაძლოა, დაირღვეს, როდესაც დაზარალებულს ემუქრებიან ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარის ფორმა ადრესატს უქმნის მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს. ამასთან, მუქარა თავისი ფორმით, განხორციელების ვითარებით და განმახორციელებელი სუბიექტის გათვალისწინებით ადრესატს უქმნის მუქარის განხორციელების რეალურობის განცდას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულმა ა. მ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის, მეუღლის მიმართ. ამასთან, თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილ იქნა უდავოდ (იხ.: თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი 14:18:57 – 14:19:48).

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას უ. გ–ს უდანაშაულობის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ „ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19). მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულმა ა. მ–მა ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის, მეუღლის მიმართ, თუმცა 2023 წლის 17 ივლისის მუქარის ფაქტის დასაბუთებულობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე და საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: სსიპ 112-ის შეტყობინება, მოწმეთა: ი. მ–სა და დ. მ–ს გამოკითხვის ოქმები, N......... შემაკავებელი ორდერი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სახლისა და ეზოს დათვალიერების ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები) რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ უ. გ–სმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

13. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის მიერ სსიპ 112-ში განხორციელებულ შეტყობინებას, რომლითაც დგინდება, რომ ა. მ–მა 112-ს დახმარების თხოვნით ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მიმართა 2023 წლის 17 ივლისს, 20:43 საათზე (შემთხვევის დღეს. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მუქარის ფაქტი უ. გ–მა ჩაიდინა 2023 წლის 17 ივლისს).

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).

14.1. მოწმეთა: ი. მ–სა და დ. მ–ს გამოკითხვის ოქმების ის ნაწილი, რომელიც ეხება მათ მიერ უშუალოდ ნანახს (დეტექტივების: ი. მ–სა და დ. მ–ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, სსიპ 112-ში განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე მისულ დეტექტივებს დაზარალებული ა. მ–ი ქუჩაში დახვდათ, რომელიც ჩანდა აღელვებული და შეშინებული, უჭირდა ქართულ ენაზე საუბარი, თუმცა მიხვდნენ, რომ იგი საუბრობდა მის მიმართ, მეუღლის უ. გ–ს მიერ განხორციელებული ოჯახური კონფლიქტის შესახებ. ა. მ–ი მათ მიერ გადაყვანილ იქნა შსს ა–ს რაიონულ სამმართველოში, სადაც გამოიკითხა თარჯიმანთან ერთად და ვინაიდან გამოიკვეთა უ. გ–ს მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, მათ მიერ დაკავებული იქნა უ. გ–ი), წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. კერძოდ, ი. მ–სა და დ. მ–ს გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია პირდაპირია იმ ნაწილში, რომელიც ეხება დაზარალებულის მდგომარეობას შემთხვევიდან მალევე მათთან შეხვედრისას – მათ პირადად ნახეს, რომ დაზარალებული იყო აღელვებული და შეშინებული, გამოსული იყო ქუჩაში და განმარტა, რომ მეუღლე დაემუქრა.

15. სასამართლო ითვალისწინებს N...... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს, რომლითაც დადგენილია, რომ 2023 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უ. გ–ი ხანჯლის გამოყენებით (ხანჯალი ამოღებული იქნა 2023 წლის 18 ივლისს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს (იხ.: 2023 წლის 18 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ტ.1, ს.ფ. 16-40)) მოკვლით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ა. მ–ს, კერძოდ, მოუღერა ხანჯალი და დაემუქრა მოკვლით, ასევე ესროლა ხანჯალი, რის გამოც მას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, გაერიდა მას სახლიდან ქუჩაში და გამოიძახა პოლიცია. შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია როგორც უ. გ–სის, ასევე დაზარალებულ ა. მ–ს და ოქმის შემდგენი პირის მიერ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 51-61).

15.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერი უ. გ–ს არ გაუსაჩივრებია; მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ; საქმის მასალებში არ არსებობს მითითებული შემაკავებელი ორდერის კანონიერებასა და მასში მითითებული ფაქტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი; შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია ეხება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N585აპ-19; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განჩინება საქმეზე N 331აპ-22; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის N1051აპ-21 განაჩენი). ამასთან, შემაკავებელი ორდერი/ოქმი აკმაყოფილებს დეტალიზაციის კრიტერიუმს.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც უ. გ–მა მიიღო ალკოჰოლური სასმელი, ხოლო შემდეგ მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

16.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბრის 409აპ-21 განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამოყენება მსჯავრდებისთვის (როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად განხორციელდა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება) იმ შემთხვევაშიც, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მხარეების მიერ უდავოდ იყო ცნობილი, მაგრამ დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით.

16.1.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული განჩინება ეხება არსებითად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, მითითებული განჩინებით დგინდება, რომ დაზარალებულმა არ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, ის დაიკითხა და მისცა ჩვენება სასამართლოში, მაგრამ დაზარალებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში და სასამართლოში დაკითხვისას მიცემული ინფორმაცია სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ამასთან, დაზარალებულმა დაკითხვისას კატეგორიულად გამორიცხა გ. შ-ს ქმედებით ფიზიკური ტკივილის განცდა.

16.1.2. განსახილველ შემთხვევაში კი, დაზარალებულმა ა. მ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული განჩინება განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით ირელევანტურია.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ა. მ–მა მართალია ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ, მაგრამ იმავდროულად: ერთის მხრივ მას არ უარყვია გამოკითხვის ოქმში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაციის სისწორე და იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაცვის მხარემ უდავოდ სცნო სისხლის სამართლის საქმეში არსებული პრაქტიკულად ყველა მამხილებელი მტკიცებულება - მათ შორის - შემაკავებელი ორდერი, სსიპ 112-ის შეტყობინება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რითიც დაეთანხმა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შეთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული იმ მტკიცებულებების გამოყენება, რომელთა პირველწყარო არის დაზარალებული დაუშვებელია, თუ დაცვის მხარის მიერ ისინი არ იქნება უდავოდ ცნობილი (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინება, პარ. 10-11)

19. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას უ. გ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ უ. გ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს. მაგალითად, ის არ ახდენს ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებას, რომლებსაც დაეყრდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/20202).

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ უ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე