Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№256აპ-24 თბილისი

ქ-ა მ., 256აპ-24 8 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ქ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განაჩენით მ. ქ-ა, -, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განაჩენით განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და მ. ქ-ას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 21 თებერვლიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მ. ქ-ას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 21 თებერვლიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ქ-ამ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით, 09:10 საათზე, ----ში მცხოვრებმა მ. ქ-ამ დედას – რ. ქ-ას – მოსთხოვა, წასულიყო აღნიშნული საცხოვრებელი ბინიდან, რადგან ბინა მას ეკუთვნოდა და ამავე დროს დაემუქრა დანით სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, რ. ქ-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული და ადვოკატი ს. კ-ე ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მ. ქ-ასათვის სასჯელის შემსუბუქებას, ბრალის აღიარებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ადვოკატ ს. კ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლისა და აღდგენის თაობაზე და აღუდგა გასაჩივრების ვადა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი (მათ შორის – აღიარება და ჯანმრთელობის მდგომარეობა) გარემოებები და მ. ქ-ას, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და სათანადო მუხლის სანქციის ფარგლებშია.

9. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმის, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მ. ქ-ას დანიშნული აქვს სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება, რომლის შემსუბუქება, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ქ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე