Facebook Twitter
3კ-1167-02

3კ-1167-02 2 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 10 იანვარს ა. გ.-მა შპს “...-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1973წ. თებერვლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ქ.თბილისის ნავთლუღის მეორე გამანაწილებელი პუნქტის გასამხედროებულ დაცვაში. 1974 წელს 80%-ით დაკარგა პროფესიული შრომის უნარი. 1972 წლიდან 1992 წლამდე პენსიასთან ერთად დანამატის სახით იღებდა 45 მანეთს. 1992 წელს მოხდა რკინიგზის დეპარტამენტის გასამხედროებული დაცვის ლიკვიდაცია და შეიქმნა რკინიგზის ობიექტების დაცვის ბლოკი, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს რკინიგზის ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველო. აღნიშნულის გამო 1992 წლიდან მას შეუწყდა პენსიაზე დანამატის მიცემა.

მოსარჩელემ შს “...-ისაგან” მოითხოვა 1992 წლიდან გაუცემელ პენსიაზე დანამატი, რამდენადაც იგი წარმოადგენს ა/კ რკინიგზის სამართალმემკვიდრეს.

რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს “...-ა” არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს და საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს რკინიგზის ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველო.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ.-ის სარჩელი და საქართველოს შ/ს სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზის საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს ერთდროულად დაეკისრა 2076 ლარის და 81 თეთრის, ხოლო ყოველთვიურად 18 ლარისა და 71 თეთრის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვტილება.

2002წ. 8 აგვისტოს საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშველოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველომ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა ახალი სამოქალაქო კოდექსით, არამედ ძველი (1964წ.) სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლით, რომელიც ადგენდა სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიან ვადას. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ცხრაწ. შემდეგ. მან არასაპატიოდ გაეშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიესრ მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე შემდგომი განხილვის მიზნით გადაეცეს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო ზიანის ანაზღაურება. მოპასუხე არის საქართველოს შსს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველო. მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს საწარმოო ტრავმის შედეგად პროფესიული შრომის უნარდაკარგვის გამო პენსიაზე დანამატის გაცემა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში დავა განიხილება იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციულ სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის, გარიგების ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

მოცემულ დავაში მოპასუხე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების შესაბამისად.

ადმინისტრაციული დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისაგან.

ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი ეთქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოადგენის შესახებ.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მტკიცებულებას სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლო თავისი ინიციატივით არ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ.

აღნიშნულის გამო პალატა თვლის, რომ როდესაც ადმინისტრაციულ დავას იხილავს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე, ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ დავათა განხილვის უმთავრესი პრინციპი და დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენების გათვალისწინების გარეშე, რაც ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო საქმეთა სასამართლო წარმოებისაგან განასხვავებს.

პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარ დარღვევას შეიძლება შედეგად მოჰყვეს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერებისა და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

ვინაიდან მოცემული დავა განხილულია თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.