¹ 3კ/1168-01 13 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,მ. ახალაძე
დავის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
პ. გ-ავას საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა “გაზ-31029", მის სახელზე ასევე ირიცხებოდა სენაკის რაიონის სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთი. პ. გ-ავა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. გ-ავასთან. პ. გ-ავას პირველი ქორწინებიდან ჰყავს სამი შვილი. იგი გარდაიცვალა 1999 წლის 9 მარტს. მისი გარდაცვალების შემდეგ მ. გ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში აწ გარდაცვლილი პ. გ-ავას ვაჟის, თ. გ-ავას, მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო ქონების გაყოფა.
ფოთის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 7 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. გ-ავას სარჩელი _ აწ გარდაცვლილ პ. გ-ავას სამკვიდრო ქონებიდან მ. გ-ავას თანასაკუთრების უფლებით გამოეყო სენაკის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 1/2, ხოლო დარჩენილი 1/2 სამკვიდრო ქონებიდან _ 1/6. მ. გ-ავას იდეალური წილის სახით ასევე გამოეყო აწ გარდაცვლილი პ. გ-ავას სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების 1/6.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ავამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 მაისის მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის, თ. გ-ავას და მისი წარმომადგენლის ს. გ-ავას გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. გ-ავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის იდეალური წილის სახით აწ გარდაცვლილი პ. გ-ავას სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების 1/6-ის მიკუთვნების ნაწილში. მ. გ-ავას გამოეყო აწ გარდაცვლილი პ. გ-ავას სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონებიდან, კერძოდ, ქ. ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანა “გაზ-3129-ის" 1/2 საკუთრების უფლებით და დარჩენილი 1/2-დან გამოეყო 1/6 იდეალური წილი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. გ-ავას წარმომადგენელმა ს. გ-ავამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მიიღო თ. გ-ავას საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და 2001 წლის 24 სექტემბერს დანიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 24 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა თ. გ-ავას საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ მ. გ-ავას სააპელაციო საჩივრის განხილვის დრო _ 2001 წლის 7 მაისი ცნობილი იყო თ. გ-ავას წარმომადგენელი ს. გ-ავასთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე _ თ. გ-ავა და მისი წარმომადგენელი ს. გ-ავა. საფოსტო შეტყობინებებიდან გაირკვა, რომ თ. გ-ავა რუსეთში იმყოფებოდა, ხოლო ს. გ-ავამ უარი თქვა დეპეშის ჩაბარებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად კი, თუ ადრესატი უარს განაცხადებს უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია, განიხილოს საქმე. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პალატის განჩინებაში მითითებულია ისიც, რომ აპელანტის ახსნა-განმარტებაში და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ. გ-ავას მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ქონება, განსხვავებით სენაკის რაიონის სოფ. ... მდებარე ქონებიდან, ქორწინების პერიოდში არ ყოფილა შეძენილი და ამდენად, საოლქო სასამართლოს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, მიეჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
ქ. ფოთის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის 2000 წლის 13 სექტემბრის ¹550 ცნობიდან ირკვევა, რომ ქ. ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი 1966 წლის მშენებლობის პროექტით ტექაღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში აღირიცხა 1988 წელს. ამიტომ თ. გ-ავას მტკიცება იმის შესახებ, რომ სადავო სახლი 1966 წლის პროექტით დღესაცაა აღრიცხული ტექინვენტარიზაციის ბიუროში და იგი მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში არ შექმნილა, არ იქნა გაზიარებული, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის პრინციპებიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე სასამართლოსათვის შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, თუ როდის აწარმოვა მოწინააღმდეგე მხარემ სადავო სახლზე უნებართვო მიშენება. მოსარჩელე კი სამკვიდრო ქონებიდან ითხოვს ქ. ფოთში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2-ს, ხოლო დარჩებილი 1/2-დან _ 1/6-ს. ამავე პრინციპით ითხოვს ავტომანქანა “გაზ-31-29”-ის გაყოფას, რადგან მას მიაჩნია, რომ ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1168-ე, 1336-ე და 1339-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერად იქნა მიჩნეული.
თ. გ-ავას წარმომადგენელმა ს. გ-ავამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესის შესახებ სასამართლო უწყება არ მიუღია არც კასატორს და არც თ. გ-ავას; სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, რადგან სამკვიდრო ქონება არ წარმოადგენს მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილს; საქმის მასალებით არ დასტურდება ს. გ-ავას მიერ უწყების ჩაბარებაზე უარის თქმა; საოლქო სასამართლოს სასამართლო უწყება შედგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ მ. გ-ავა და თ. გ-ავა არიან აწ გარდაცვლილი პ. გ-ავას პირველი რიგის მემკვიდრეები: მ. გ-ავა მეუღლეა, თ. გ-ავა კი _ შვილი პირველი ქორწინებიდან. მ. გ-ავამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ. გ-ავას წინააღმდეგ და მოითხოვა პ. გ-ავას სამკვიდრო ქონების გაყოფა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მ. გ-ავას სააპელაციო საჩივრის განხილვისას 2001 წლის 7 მაისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე თ. გ-ავას გამოუცხადებლობის გამო. თ. გ-ავას წარმომადგენელმა ს. გ-ავამ გაასაჩივრა სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 24 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა თ. გ-ავას საჩივარი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 7 მაისის მთავარი სხდომის შესახებ ცნობილი იყო თ. გ-ავასათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ" პუნქტის შესაბამისად სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულია თ. გ-ავასათვის და მისი წარმომადგენლის, ს. გ-ავასათვის, გაგზავნილი სასამართლოს უწყებები, რომლებიც არ შეიცავენ მითითებას მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებზე, არ არის მითითებული გამოუცხადებლობის მიზეზების სასამართლოსათვის შეტყობინების ვალდებულება. ამდენად, სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 მაისის მთავარ სხდომაზე მხარე არ ყოფილა მოწვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" პუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტლების გამოტანა დაუშვებელია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ თ. გ-ავას წარმომადგენელ ს. გ-ავას საჩივრის (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე) განხილვისას არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. გ-ავას წარმომადგენელ ს. გ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 სექტემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.