Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№272აპ-24 თბილისი

შ. ი., 272აპ-24 1 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. შ-ეს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, სამი ეპიზოდი); ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით, 09:00 საათზე, --- ბინაში, ი. შ-ემ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იძალადა მეუღლეზე – მ. ბ-ზე. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები. აღნიშნული განწყობით, ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ბ-ს ხელი დაარტყა კისრის არეში, არაერთგზის მოჰქაჩა თმა და შეაჯანჯღარა, ასევე თავი მიარტყმევინა კედელზე. მ. ბ-მა, ყველა შემთხვევაში, განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით, 09:00 საათზე, --- ბინაში, ი. შ-ე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დაემუქრა მეუღლეს – მ. ბ-ს. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები. ამ განწყობით, ურთიერთშელაპარაკებისას, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მ. ბ-ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, -----ში მდებარე ესთეტიკის ცენტრ “მ---ში“ მყოფ მ. ბ-ს, სატელეფონო კომუნიკაციისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დაემუქრა მეუღლე – ი. შ-ე, რომელსაც მიაჩნდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები. ურთიერთშელაპარაკებისას, ამ განწყობით, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით, დაემუქრა მ. ბ-ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 19 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით დროის პერიოდში (ზუსტი თარიღი უცნობია) --- ბინაში, ი. შ-ემ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იძალადა მეუღლეზე – მ. ბ-ზე. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები. აღნიშნული განწყობით, ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ბ-ს არაერთგზის მოჰქაჩა თმა და შეაჯანჯღარა, ასევე – თავი მიარტყმევინა კედელზე. დაზარალებულმა, ყველა შემთხვევაში, განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 19 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით დროის პერიოდში (ზუსტი თარიღი უცნობია) --- ბინაში, ი. შ-ე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დაემუქრა მეუღლეს. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები. ამ განწყობით, ურთიერთშელაპარაკებისას, ი. შ-ე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მ. ბ-ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით დროის პერიოდში (ზუსტი თარიღი უცნობია) --- ბინაში, ი. შ-ემ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იძალადა მეუღლეზე – მ. ბ-ზე. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები. აღნიშნული განწყობით, ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ბ-ს ყელში ძლიერად მოუჭირა ხელები, ასევე – წყლით ნახევრადსავსე პლასტმასის ბოთლი მოარტყა ფეხის არეში. მ. ბ-მა, ყველა შემთხვევაში, განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით დროის პერიოდში (ზუსტი თარიღი უცნობია) --- ბინაში, ი. შ-ე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დაემუქრა მეუღლეს – მ. ბ-ს. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები. ამ განწყობით, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის დემონსტრირებით, ყელის გამოჭრით დაემუქრა მ. ბ-ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის აპრილიდან 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ----ბინაში, ი. შ-ე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს – მ. ბ-ს. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა და უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები. ამ განწყობით, ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ბ-ს სისტემატურად, მათ შორის არასრულწლოვანი შვილების: ზ. და დ. ჭ-ეების – თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, მ. ბ-ი განიცდიდა ტანჯვას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ი. შ-ე, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (2022 წლის 19 აგვისტოდან იმავე წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, 2022 წლის 18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდები) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 ნოემბრის, იმავე წლის 24 ნოემბრის, 2022 წლის 19 აგვისტოდან იმავე წლის 24 აგვისტოს ჩათვლით და 2022 წლის 18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; ი. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აპრილიდან 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ეპიზოდი) და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აპრილიდან 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და ი. შ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 25 ნოემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2022 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით, 09:00 საათზე, --- ბინაში, ი. შ-ემ იძალადა მეუღლეზე – მ. ბ-ზე. ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ბ-ს ხელი დაარტყა კისრის არეში, არაერთგზის მოჰქაჩა თმა და შეაჯანჯღარა, ასევე თავი მიარტყმევინა კედელზე. მ. ბ-მა, ყველა შემთხვევაში, განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის აპრილიდან 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით დროის პერიოდში ----ბინაში, ი. შ-ე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს – მ. ბ-ს. ურთიერთშელაპარაკებისას, მ. ბ-ს სისტემატურად, მათ შორის – არასრულწლოვანი შვილების: ზ. და დ. ჭ-ეების – თანდასწრებით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, მ. ბ-ი განიცდიდა ტანჯვას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თინათინ ჭურღულია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. შ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში და კანონიერი, სასჯელის მიზნების რელევანტური მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა ი. შ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (2022 წლის 19 აგვისტოდან იმავე წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, 2022 წლის 18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდები) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 ნოემბრის, იმავე წლის 24 ნოემბრის, 2022 წლის 19 აგვისტოდან იმავე წლის 24 აგვისტოს ჩათვლით და 2022 წლის 18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდები) გამართლების ნაწილში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდებში ი. შ-ის ბრალეულობა.

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით ისჯება ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯას, ამ უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – სხვა, ობიექტური კრიტერიუმებიც.

11. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა მ. ბ-მა, მართალია, თავის ჩვენებაში სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია ი. შ-ის მიერ მასზე ძალადობისა და მუქარის თაობაზე, მაგრამ აღნიშნული ფაქტები (გარდა 2022 წლის 25 ნოემბრისა და 2022 წლის აპრილიდან იმავე წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ძალადობისა და არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდებისა) ვერ დადასტურდა საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის წყარო თავად დაზარალებულია, ბრალდების მხარის მოწმეები არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველები, ხოლო დაცვის მხარის მოწმეებმა სასამართლოს განუმარტეს, რომ არაფერი იცოდნენ მსჯავრდებულის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად არ მიუთითებს ი. შ-ის მიერ ოჯახის წევრზე ძალადობაზე (2022 წლის 19 აგვისტოდან იმავე წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, 2022 წლის 18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდები), ჯანმრთელობის დაზიანებასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე (2022 წლის 25 ნოემბრის, იმავე წლის 24 ნოემბრის, 2022 წლის 19 აგვისტოდან იმავე წლის 24 აგვისტოს ჩათვლით და 2022 წლის 18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდები) და არ არის საკმარისი ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

12. სასამართლო იზიარებს ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ი. შ-ის ბრალდებიდან გენდერული დისკრიმინაციის მოტივის ამორიცხვის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გენდერული მოტივით დანაშაულის ჩადენა.

13. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 14 დეკემბრის №- და სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 20 დეკემბრის №- დასკვნებს, ი. შ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და არასრულწლოვანი მოწმის – ზ. ჭ-ის – ჩვენებას, ასევე – თავად მსჯავრდებულის აღიარებას, აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურდა მხოლოდ 2022 წლის 25 ნოემბერსა და 2022 წლის აპრილიდან იმავე წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ი. შ-ის ძალადობა მეუღლეზე და არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური შეურაცხყოფა, რისთვისაც მსჯავრდებულს დაენიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელები. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ი. შ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.

14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე