Facebook Twitter
3კ-1170-02

3კ-1170-02 19 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინის ნაწილზე მფლობელად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში ... მდებარე სახლთმფლობელობა ირიცხება ს. შ.-ის, პე., პა. და ი. ზ.-ების სახელზე, როგორც უკანონო ნაგებობა.

აღნიშნულ სახლში ცხოვრობდნენ პ. შ.-ა და მ. მ.-ა.

2001წ. აპრილში პ. გ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 1961 წელს პ. შ.-საგან ქ. თბილისში ... შეიძინა სახლთმფლობელობის ნაწილი. 1980 და 1995 წლებში მისი შვილის გ. გ.-ის მიერ პ. შ.-საგან შეძენილი იქნა სახლთმფლობელობის დანარჩენი ნაწილი პ. გ.-მ მოითხოვა ლიტ “ა”-ზე, ლიტ “ა-1”-ზე, ლიტ. “ბ”-ზე, ლიტ “ვ”-ზე მისი და გ. გ.-ის საკუთრების უფლების დადგენა.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით პ. გ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა მითითებული სახლმთმფლობელობის მესაკუთრედ.

მ. ლ.-მ განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს 2001წ. 21 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ... მდებარე სახლთმფლობელობის ლიტ “ვ” მ. მ.-ას მიერ დატოვებული ანდერძის საფუძველზე ეკუთვნის მის შვილს ე. ბ.-ს. 2001წ. 25 სექტემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შემდგომში გაგრძელდა სასარჩელო წესით. პ. გ.-მ მოითხოვა სადავო სახლთმფლობელობის ლიტ “ა”-ს მფლობელად ცნობა, ხოლო გ. გ.-ი ითხოვდა ლიტ “ბ”-ს, ლიტ “ვ”-ს მფლობელად აღიარებას და ე. ბ.-ის სახელზე შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობას.

ე. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ლიტ “ვ”-ზე მფლობელად ცნობა და მ. მ.-ს ბინაში არსებული ნივთების მესაკუთრედ ცნობა.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბერის გადაწყვეტილებით პ. გ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. იგი ცნობილი იქნა სახლმფლობელობის ლიტ “ა”-ს მფლობელად. გ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ლიტ “ბ”-ზე მფლობელად ცნობის ნაწილში, ხოლო ლიტ “ვ” მფლობელად ცნობაზე და ანდერძის ბათილად ცნობაზე უარი ეთქვა. ე. ბ.-ე მ. მ.-ს მიერ შედგენილი ანდერძის შესაბამისად ცნობილი იქნა ლიტ “ვ”-ს მფლობელად და ნივთების მესაკუთრედ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლიტ “ვ”-ს მფლობელად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ.-მ. დანარჩენ ნაწილში გადაწვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ.-ს უარი ეთქვა სარჩელზე. არ დაკმაყოფილდა ე. ბ.-ის სარჩელი ლიტ “ვ”-ს მფლობელად ცნობის შესახებ.

ე. ბ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გ. გ.-ი არასწორად ცნო რა სახლთმფლობელობის გარკვეული ნაწილის მფლობელად, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი ოცი წლის განმავლობაში უვლიდა მარიამ მ.-ას, მის მფლობელობაში არსებულ ლიტ “ვ”-ს დატოვების პირობით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ.თბილისში ... მდებარე სახლთმფლობელობა ქ.თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში ირიცხება ს. შ.-ის, პე., პა. და ი. ზ.-ების სახელზე, როგორც უკანონო ნაგებობა.

როგორც გ. გ.-ი, ასევე ე. ბ.-ე ითხოვდნენ ლიტ “ვ” ნაგებობების ფლობის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას.

სსკ-ს 312-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის იურიდიული ინტერესი, რაც მას გააჩნდა სადავო უნებართვო ნაგებობების ფლობის ფაქტის დადგენის მიმართ. ასეთი ფაქტის დადგენაზე არ იყო დამოკიდებული ე.ბ.-ის ქონებრივი უფლების წარმოშობა ან შეცვლა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლებით ნივთის ფლობის ფაქტის დადგენის შესახებ, იმ პირობებში როდესაც დაიკარგა ნივთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისის აღდგენა სხვა წესით არ არის შესაძლებელი. კანონის ეს ნორმა არ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული უნებართვო ნაგებობაზე აწ გარდაცვლილი მ.მ.-ს ფლობის ფაქტის დასადგენად.

სკ-ს 157-ე მუხლის მიხედვით მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (საკვიდროს დამტოვებელთან).

სკ-ს 1364-ე მუხლით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად შედგენილი მ.მ.-ს ანდერძით ი.ბ.-ეს როგორც მემკვიდრეს არ წარმოშობდა ფლობის უფლება სადავო უნებართვო ნაგებობაზე, რადგან ეს ნაგებობა არ შედის მ.მ.-ს სამკვიდრო მასაში და საერთოდ არ წარმოადგენს საკუთრების ობიექტს.

ე. ბ.-ის ოჯახის წევრების მიერ მ.მ.-ს მოვლა-პატრონობაზე და დაკრძალვაზე ხარჯების გაწევა არ წარმოადგენდა სადავო ნაგებობაზე კასატორის უფლების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია გ. გ.-ის ლიტ “ბ” ნაგებობის მფლობელად ცნობის კანონიერებაზე, რადგან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. სსკ-ს 377-ე მუხლის I-ლი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

სააპელაციო პალატამ, სსკ-ს 105 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს და მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.