Facebook Twitter

3კ-1173-02 6 დეკემბერი, 2002წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ძირითად სარჩელში); ბინიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ... მდებარე სამოთახიანი ბინა ირიცხებოდა ი. ბ.-ის სახელზე. 1975 წელს ი. ბ.-მ შვილად აიყვანა შვილიშვლი, ი. ბ.-ი რომელიც ჩაწერილ იქნა აღნიშნულ მისამართზე.

1993 წელს ი. ბ.-მ დ. ბ.-ზე გასცა მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მიანიჭა მისი სახელით ქონების შეძენის და განკარგვის, კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგების დადების სრული უფლებამოსილება.

1995წ. სექტემბერში ი. ბ.-მ მოახდინა მის სახელზე რიცხული ბინის პრივატიზება.

1995წ. 13 ოქტომბერს ი. ბ.-ის რწმუნებულს დ. ბ.-სა და ს. შ.-ის შორის დაიდო ბ.-ის სახელზე რიცხული სამოთახიანი ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის საჭირო ცნობა ტექინვენტარიზაციის ბიუროდან მიიღო თვით ი. ბ.-მ. ბინის გასხვისებაზე წერილობითი თანხმობა მისცა მესაკუთრის შვილიშვილმა ი. ბ.-მ.

1997წ. აპრილში ი. და ი. ბ.-ებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში ს. შ.-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ გარიგება დადებული იქნა მოტყუებით.

ქ, თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999წ. 22 აპრილის დადგენილებით მთაწმინდის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის.

1999წ. აგვისტოში გარდაიცვალა ი. ბ.-ი.

1999წ. 3 დეკემბერს ი. ბ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ბ.-ისა და ნოტარიუს ე. შ.-ის მიმართ 1993წ. 21 იანვარს ი. ბ.-ის მიერ ბ.-ეზე გაცემული გენერალური მინდობილობის გაუქმების შესახებ.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 6 დეკემბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 23 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ბ.-ის საკასაციო საჩივარი. სააპელაციო პალატის განჩინება დარჩა უცვლელად.

კრწანისი მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ბ.-ის სარჩელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. დაკმაყოფილდა ს. ხ.-ის შეგეგებული სარჩელი ი. ბ.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ი. ბ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ია ბ.-ის სარჩელი, გაუქმდა 1995წ. 13 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგენილი იქნა პირვანდელი მდგომარეობა. ბინა აღირიცხა აწ გარდაცვლილი ი. ბ.-ის სახელზე, ხოლო ს. შ.-ს დაუბრუნდა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 1000 ლარი.

ს. შ.-ის წარმომადგენელი ადვოკატი ვ. ვ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას; რადგან მიიჩნევს მინდობილობის გაცემის პერიოდში ი. ბ.-ს შეეძლო შეეგნო მის მიერ განხორციელებული მოქმედების მნიშვნელობა. ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.

სამოტივაციო ნაწილი:

1993წ. 21 იანვრის სანოტარო წესით დამოწმემებული გენერალური მინდობილობით ი. ბ.-მ დ. ბ.-ს მისცა სრული უფლება, რომ ემართა და განეგო მთელი მისი ქონება, დაედო კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება.

მინდობილობა გაიცა სამი წლის ვადით და იგი ძალაში იყო 1996წ. 21 იანვრის ჩათვლით. მისი კანონიერება დადასტურებულია ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით. სსკ-ს 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად დამტკიცებას არ საჭიროებდნენ კანონიერ ძალაში შესული აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფაქტები, რადგან მოცემული საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობდნენ.

1995წ. 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. ბ.-ის საცხოვრებელი ბინის ს. შ.-ზე გასხვისებისას მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964წ. რედაქციით) 61-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. რწმუნებულება გაცემული იყო ამ კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად-სანოტარო ფორმის დაცვით.

Aარ შეიძლება გაზიარებული იქნეს სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან 1993 წელს ი. ბ.-ის მიერ მინდობილობის გაცემის დროს სადავო ბინა არ იყო პრივატიზებული, მინდობილობა არ ვრცელდებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ბინაზე. მინდობილობის გამოყენებით შეიძლებოდა იმ ქონების გასხვისება, რომელიც მისი მოქმედების პერიოდში წარმოადგენდა ი. ბ.-ის საკუთრებას. ი. ბ.-მ 1995წ. 26 სექტემბერს მოახდინა ბინის პრივატიზაცია. მისი რწმუნებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 1995წ. 13 ოქტომბერს.

სააპელაციო პალატა აღნიშნულ გარიგებას ბათილად მიიჩნევს შემდეგი საფუძვლებით: ს. შ.-მა სადავო ქონება შეიძინა მისი გასხვისების უფლების არმქონე პირისაგან; 1995წ. 13 ოქტომბერს ი. ბ.-ს არ გამოუხატავს ნება ბინის გასხვისებაზე და არ მიუღია ბინის საფასური.

ს. შ.-მ 1995წ. 13 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინა შეიძინა იმ პირის წარმომადგენლისაგან, რომელიც იმ დროისათვის ქ. თბილისის ტექ.ინვენტარიზაციის სამსახურის მონაცემებით ირიცხებობა მესაკუთრედ.

ი. ბ.-მ 1993წ. 21 იანვარს დამოწმებული მინდობილობით ქონების გასხვისების უფლებამოსილება გადასცა დ. ბ.-ს. ის გარემოება, რომ ი. ბ.-ს 1995წ. 13 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ გამოუხატავს ნება ბინის გასხვისებაზე, არ წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს. რწმუნებული დ. ბ.-ე მინდობილობის მოქმედების პერიოდში უფლებამოსილი იყო მარწმუნებელთან შეთანხმების გარეშე დაედო გარიგება სადავო ბინის გასხვისებაზე კანონით ნებადართულ პირთან, მათ შორის ს. შ.-თან. ამ უკანასკნელის მიერ ბინის საფასურის გადახდა დადასტურებულია თვით ნასყიდობის ხელშეკრულებით.

სკ-ს 403-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დ. ბ.-ს, როგორც რწმუნებულს ევალებოდა მარწმუნებელ ი. ბ.-ისათვის გადაეცა ყველაფერი, რაც მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო. Mმარწმუნებელი უფლებამოსილი იყო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეყენებინა შესაბამისი მოთხოვნა რწმუნებულის მიმართ.

სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ს (1964წ. რედაქციით) 54-ე მუხლი. 1995წ. 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი იმ საფუძვლითაც რომ ი. ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხელშეკრულების გაფორმებისას არ გამოუხატია და არც შეიძლება გამოეხატა ნება.

ი. ბ.-მ თვითონ დადო სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება და სანოტარო კანტორაში წარადგინა ბინის გასხვისებისათვის საჭირო დოკუმენტები: ქ.თბილისის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა-დახასიათება, ფორმა ¹1 და ია ბ.-ის თანხმობა ამ ბინის გასხვისებაზე.

ი. ბ.-მა მის ქონებაზე კანონით ნება დართული ყოველგვარი გარიგების დადების უფლებამოსილება 1993წ. 21 იანვარს გაფორმებული მინდობილობით გადასცა დ. ბ.-ეს. დ. ბ.-ეს, როგორც რწმუნებულს ს. შ.-თან 1995წ. 13 ოქტომბერის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ ესაჭიროებოდა მარწმუნებლის თანხმობა.

სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის (1964წ. რედაქციით) 70-ე მუხლით გათვალისწინებული რწმუნებულების შეწყვეტის საფუძვლები. კერძოდ, ამ დრომდე არ გასულა რწმუნებულების ვადა, რწმუნებულების გამცემ პირს არ გაუუქმებია რწმუნებულება, რწმუნებულს უარი არ უთქვამს რწმუნებულებაზე, არ გარდაცვლილა რწმუნებულების გამცემი ი. ბ.-ი. Eეს უკანასკნელი არ ყოფილა აღიარებული არაქმედუნარიანად, უკვალოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის შესაბამისად არ არსებობდა ი. ბ.-სა და დ. ბ.-ეს შორის მინდობილობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.

ი. ბ.-ის მიერ სადავო ბინის გასხვისებაზე მიცემული თანხმობით დასტურდება, რომ გარიგების შედეგად არ დარღვეულა მისი უფლებები.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას რომ 1995წ. 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ი. ბ.-ი ცხოვრობს სადავო ბინაში კანონიერი საფუძვლის გარეშე.

სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

ს. შ.-მ შეგებებული სარჩელის წარდგენით განახორციელა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლებამოსილება.

ვინაიდან საქმის გარემოებები თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ს. შ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

არ დაკმაყოფილდეს ი. ბ.-ის სარჩელი ს. შ.-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

დაკმაყოფილდეს ს. შ.-ის შეგებებული სარჩელი. ი. ბ.-ი მასთან ერთად მყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნეს ... მდებარე ბინიდან.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.