საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №290აპ-24 თბილისი
ხ-ი ა., 290აპ-24 22 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ხ-ის ადვოკატ მაგული გოგოლაძისა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ა. ხ-ს ბრალად დაედო:
· შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი);
· შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2022 წლის მარტიდან 2022 წლის 5 მაისამდე პერიოდში, -----ში მცხოვრებმა ა. ხ-მა, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან აღარ სურდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოვლა, რადგან მიაჩნდა, რომ იგი თავისი ოჯახისათვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს, გერს – ხ. ბ-ეს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, თავის მოვლა და კვება, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, კერძოდ: ჩაკეტა -----ში მდებარე მათი სახლის საცხოვრებლად უვარგის, მცირე ზომის ოთახში, რომელშიც დაზარალებულს არ ჰქონდა სათანადო პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, სათანადო მოვლითა და საკვებით;
o 2022 წლის მარტიდან 2022 წლის 5 მაისამდე პერიოდში, -----ში მცხოვრებმა ა. ხ-მა, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან აღარ სურდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოვლა, რადგან მიაჩნდა, რომ იგი თავისი ოჯახისათვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს, გერს – ხ. ბ-ეს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, თავის მოვლა და კვება, არაადამიანურად ეპყრობოდა, კერძოდ: ჩაკეტილი ჰყავდა -----ში მდებარე მათი სახლის საცხოვრებლად უვარგის, მცირე ზომის ოთახში, რომელშიც დაზარალებულს არ ჰქონდა ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, არ ჰქონდა სათანადო მოვლა და კვება, რის გამოც იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განაჩენით:
§ ა. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებისათვის;
§ ა. ხ-ი, --, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 29 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო. ა. ხ-ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით:
4.1. ა. ხ-ს მსჯავრად დაედო შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ ტკივილს აყენებს, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის მარტიდან 2022 წლის 5 მაისამდე პერიოდში, -----ში მცხოვრებმა ა. ხ-მა, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან აღარ სურდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოვლა, რადგან მიაჩნდა, რომ იგი თავისი ოჯახისათვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს, გერს – ხ. ბ-ეს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, თავის მოვლა და კვება, არაადამიანურად ეპყრობოდა, კერძოდ: ამყოფებდა -----ში მდებარე მათი სახლის საცხოვრებლად უვარგის, მცირე ზომის ოთახში, რომელშიც დაზარალებულს არ ჰქონდა ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, არ ჰქონდა სათანადო მოვლა და კვება, რის გამოც, იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.
4.2. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყვიტა ბრალდებულ ა. ხ-ის სასარგებლოდ და გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებისათვის.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
Ш მსჯავრდებულ ა. ხ-ის ადვოკატმა – მ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა და ა. ხ-ის სრულად გამართლება;
Ш გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოთარ დოხნაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ა. ხ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი თებერვლის განაჩენით პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის განაჩენი შეიცვალა სასჯელთან მიმართებით, კერძოდ:
§ ა. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებისათვის;
§ ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 29 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო. ა. ხ-ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
Ш მსჯავრდებულ ა. ხ-ის ადვოკატმა – მ. გ-ემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ხ-ის გამართლებას ან, უკიდურეს შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ა. ხ-ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის პირობითად ჩათვლას;
Ш გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოთარ დოხნაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ხ-ის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და თავისუფლების აღკვეთის სახით სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. ხ-ის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ა. ხ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით.
12. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება ა. ხ-ის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან მიმართებით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებისათვის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებასთან დაკავშირებით.
13. ამასთან, სასჯელთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ა. ხ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
15. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ხ-ის ადვოკატ მ. გ-ისა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე