გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-1178-02 15 ნოემბერი, 2002წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “ე-ის” ფილიალის მესხეთის საქსელო საწარმოს მუშაკთა სარჩელი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების შესახებ. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის.
სარჩელი ადვოკატის ხარჯების _ 10754 ლარის _ ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლო ვალდებულია, დააკისროს მეორე მხარეს იმ მხრის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, მაგრამ მიიჩნია, რომ სსკ-ს 53-ე მუხლი ადგენს მხარისათვის გაწეული (და არა მომავალში გასაწევი) ხარჯების დაკისრებას.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით გარემოებანი მხარის მიერ გაწეული ხარჯების თაობაზე დამტკიცებული არ არის.
სს “ე-ის” მესხეთის ფილიალის მუშაკ დ. ჯ-ისა და სხვათა წარმომადგენელმა დ. დ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 53-ე და 102-ე მუხლები, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი; განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ს 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად განჩინების კანონის დარღვევით გამოტანაზე მიუთითებს; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნიშნავს ხარჯის გაწევას ამავე მომენტიდან; ვალდებულების გარეშე არ არსებობს შესრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ელ-ის” მესხეთის საქსელო საწარმოს მუშაკ დ. ჯ-ისა და სხვათათვის (სულ 146 თანამშრომელი) დაეკისრა მიუღებელი ხელფასის გადახდა 268. 834 ლარის ოდენობით. სასარჩელო თხოვნას ადვოკატის ხარჯის _ 10754,26 ლარის ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი;
დ. დ-ესა და მოსარჩულეებს შორის 2001წ. 19 სექტემბერს გაფორმებული დავალების ხელშეკრულების თანახმად მუშა-მოსამსახურეები ვალდებულნი არიან გადაუხადონ გასამრჯელო იურისტ დ. დ-ეს სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მიღებული ხელფასების 4 პროცენტის ოდენობით.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც საქართველოს სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძელია. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. სსკ-ს 47-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ადვოკატი, რომელიც მოწვეულია სახელმწიფოს ხარჯზე, მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო სალაროდან.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სსკ-ს 53-ე მუხლი ადგენს მეორე მხარისათვის უკვე გაწეული (და არა მომავალში გასაწევი) ხარჯების დაკისრებას. განსახილველ შემთხვევაში კი არ დასტურდება წარმომადგენლისათვის ხარჯების ანაზღაურების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის შეთანხმების შესაბამისად მათ შორის წარმოიშვა ურთიერთვალდებულებები; წარმომადგენლის მიერ ნაკისრი ვალდებულება, ეწარმოებინა მოსარჩელეთა სამოქალაქო საქმე ხელფასების ანაზღაურების შესახებ, შესრულდა. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებში იგულისხმება ხარჯები, რომელიც მარწმუნებელმა უნდა გასწიოს რწმუნებულის მიერ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში.
სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელეები მოვალენი არიან, აანაზღაურონ წარმომადგენლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
დავის ხასიათის, საქმის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების მოცულობის გათვალისწინებით პალატას გონივრულად და მიზანშეწონილად მიაჩნია კასატორისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის 1%-ის ოდენობით, რაც 2688 ლარს შეადგენს.
ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, პალატას შესაძლებლად მიაჩნია გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
სს “ე-ის” მესხეთის საქსელო წარმოების მუშაკთა წარმომადგენელ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს “ე-ის” მესხეთის საქსელო საწარმოს მუშაკ დ. ჯ-ისა და სხვათა სარჩელი წარმომადგენლისათვის 10754,26 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხე სს “ე-ას” დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი _ 2688 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;