Facebook Twitter

¹ 3კ/1180-01 1 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

რეგისტრირებულმა კავშირმა “ი. და ვ. წ. თ. მ. ო." და კ. და ვ. ჯ-იებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 1998 წელს შეიქმნა არარეგისტრირებული კავშირი “ი. ა. ო. ს. ს.", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია მოსარჩელეც. “საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით განმტკიცდა ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებდა ინვალიდთა არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამების დაფინანსების დამატებით ღონისძიებებს. მოსარჩელის განმარტებით, ის ამ მექანიზმის შესაბამისად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რომლის შედეგადაც თანხები აკუმულირდებოდა სპეციალურ ანგარიშებზე, საიდანაც ფინანსდებოდა ინვალიდთა დახმარების სხვადასხვა პროგრამა.

1999 წელს ორდენს უნდა განეხორციელებინა მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც შეთანხმებულ იქნა “საკოორდინაციო საბჭოსთან", ვინაიდან სახელმწიფო ხაზინიდან თანხების მიღებას ესაჭიროებოდა “საკოორდინაციო საბჭოს" თანხმობა. პროგრამებიც ნაწილობრივ განხორციელდა, მაგრამ მათ შემდგომ განხორციელებას ხელი შეუშალა “საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანამ. ზემოაღნიშნული მექანიზმები გაუქმებულ იქნა, სპეციალური ანგარიშები კი დაიხურა.

“საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება განისაზღვრა 2600000 ლარით, რომელიც უნდა განაწილებულიყო “საკოორდინაციო საბჭოში" შემავალ სხვადასხვა ორგანიზაციებზე მათი პროგრამების დასაფინანსებლად.

მოსარჩელემ “საკოორდინაციო საბჭოს" თავმჯდომარეს წარუდგინა სათანადო წესით დამტკიცებული თანხის მოცულობა _ 555018 ლარი, რაც პროგრამის განხორციელებისათვის იყო აუცილებელი. რ/კ “ინვალიდთა და ვეტერანთა წმინდა თამარ მეფის ორდენის" განმარტებით, რ/კ “ინვალიდთა ლიგამ" დაარღვია “საკოორდინაციო საბჭოს" მიერ დადგენილი თანხების მიღება-განაწილების წესი, რითაც აზარალა მოსარჩელე. აგრეთვე, მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორ გ. ძ-ძის მიერ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ იქნა ინფორმაცია, რომელმაც შელახა რ/კ “წმინდა თამარ მეფის ორდენისა" და მისი წევრების _ მაგისტრ ვ. ჯ-იას და ორდენის ეკონომიკურ საქმეთა კოორდინატორ კ. ჯ-იას პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რ/კ “ი. და ვ. წ. თ. მ. ო." მოითხოვა:

1. მოპასუხეზე მის სასარგებლოდ 555018 ლარის დაკისრება;

2. მოპასუხის მიერ გავრცელებული ყალბი ცნობების უარყოფა იმავე საინფორმაციო საშუალებებით;

3. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2000000 ლარის დაკისრება;

4. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ვ. და კ. ჯ-იების სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2000000 ლარის დაკისრება.

მოსარჩელემ შემდეგში გაზარდა თავისი სასარჩელო მოთხოვნა, რომელსაც საფუძვლად დაუდო მოპასუხე ორგანიზაციის პრეზიდენტ გ. ძ-ძის მიერ ტელეკომპანია “რ.-...."-ის საინფორმაციო პროგრამის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია. მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეზე 2000000 ლარისა და ვ. ჯ-იას სასარგებლოდ მოპასუხეზე 1000000 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მისაღები 555018 ლარი უნდა გაცემულიყო 1999 წლის აპრილამდე. “საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის გამო გაუქმდა მანამდე მოქმედი მექანიზმები და სპეციალური ანგარიშების დახურვის გამო 2000 წლიდან ფინანსთა სამინისტრო პროგრამებს აფინანსებდა მასთან წარდგენილი კონკრეტული პროგრამების პრიორიტეტების მიხედვით.

რ/კ “ი. ლ." განმარტებით, მათ მიერ აღნიშნული თანხის არამიზნობრივი ხარჯვა ვერ იქნა დადგენილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად. რაც შეეხება მათი პრეზიდენტის მიერ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რ/კ “ი. ლ."'განმარტებით, აღნიშნული განცხადებები გავრცელებულ იქნა არა ორგანიზაციის, არამედ კონკრეტული ფიზიკური პირის მიერ და ორგანიზაცია პასუხს არ აგებს ამ ქმედებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ/კ “ი. და ვ. წ. თ. მ. ო.", კ. ჯ-იასა და ვ. ჯ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: რ/კ “ი. ლ."'დაეკისრა მის მიერ გავრცელებული ვ. ჯ-იას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა; რ/კ “ი. ლ.' დაეკისრა მის მიერ გავრცელებული კ. ჯ-იას პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, რომელიც უნდა მომხდარიყო ჟურნალ “ს."; რ/კ “ი. ლ." ვ. ჯ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა; რ/კ “ი. ლ." კ. ჯ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა.

საოლქო სასამართლოს კოლეგიამ განმარტა, რომ “საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-17 მუხლის მიხედვით ინვალიდთა და ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროგრამების ხარჯები საქართველოს ბიუჯეტის ხარჯების ფუნქციური და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისად 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დაცულ მუხლებსა და ღონისძიებებში იქნა შეტანილი. “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისა და კონტროლის შესრულებაზე უფლებამოსილი პირი. ასეთ პირად მიჩნეულ იქნა ფინანსთა სამინისტრო. სასამართლო კოლეგიამ რ/კ “ი. ლ." მიიჩნია 555018 ლარის დაკისრების მოთხოვნაზე არასათანადო მოპასუხედ და შესთავაზა მოსარჩელეს მისი სათანადო მოპასუხით შეცვლა, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. ამ საფუძვლით საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებასა და მორალური ზიანის სახით თანხის დაკისრებას, სასამართლო კოლეგიამ მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე მიიჩნია ვ. და კ. ჯ-იას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველად და შესაბამისად განსაზღვრა მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობაც. მოპასუხის მხრიდან რ/კ “ი. და ვ. წ. თ. მ. ო." პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის არსებობა სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ვერ მიიჩნია.

სასამართლო კოლეგიის აზრით, რ/კ “ი. ლ." ვერ შეძლო დაემტკიცებინა მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტი, რის შემდეგაც სასამართლო შეძლებდა შეეფასებინა ცნობების უფლებათა შემლახველი ხასიათი და მოეთხოვა პასუხისმგებელი პირისაგან მისი სინამდვილესთან შესაბამისობის დადასტურება.

რ/კ “ი. და ვ. წ. თ. მ. ო." საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა მათი მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლები. მას უნდა ემსჯელა “საკოორდინაციო საბჭოს" 2000 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დაადგენდა, თუ რა ვალდებულებები იკისრეს მხარეებმა.

კასატორის აზრით, სასამართლოს გარიგების შინაარსის დადგენისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, რაც მან არ გააკეთა.

რ/კ “ი. და ვ. წ. თ. მ. ო." საკასაციო საჩივარში, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ უსაფუძვლოდ არ ჩათვალა მათი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველად შემდეგი ცნობები: ა) “იმავე წუთში შეიქმნა ინვალიდთა უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, სამი კაცი შეიკრიბებოდა, შექმნიდნენ რაიმე საზოგადოებას, ჩასხდებოდნენ საბაჟოზე და მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობდნენ, ხოლო პროგრამებზე არავინ მუშაობდა, მათ შორის, არც “თ. მ. ს.", რომელიც იმ პერიოდში კარგად სარგებლობდა, მაგრამ ერთი პროგრამა არ მახსოვს მათ მიერ მოგვარებული"; ბ) “ამბობენ, 200 ინვალიდს ვურიგებდით 200 ლარს, სინამდვილეში მხოლოდ რამდენიმე კაცს აძლევდნენ"; გ) “თუ რა გზით შეიძინეს (ლაპარაკია მცხეთაში არსებულ კომპლექსზე), ეს გამოსაკვლევია. პროკურატურა ამ საქმეს იძიებდა, მაგრამ უშედეგოდ, ამითაც არ არიან დაინტერესებული ძალისმიერი სტრუქტურები, თუმცა ყველაფერი ხელისგულზე დევს"; დ) “როცა ამ ორგანიზაციას ვთხოვე, ინტეგრაციის პროგრამები მოეტანათ, მომიტანეს ორგანიზაციის განვითარების პროგრამა, რომელშიც იყო 133 ათასი ლარი და ნიშნავდა ოფისის მოწყობას, მანქანების შეძენას და კარგად მოკალათებას; ე) ,,მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ორგანიზაცია უბრალოდ საჯაროდ ახლა უკვე სასამართლოში ახორციელებს ვიღაცის დაკვეთას, ამ შემთხვევაში სამართალდამცავების".

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რ/კ “ი. ლ." 555018 ლარისა და მორალური ზიანის სახით 4000000 ლარის დაკისრება, აგრეთვე, საკასაციო საჩივარში ჩამოთვლილი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ რ/კ “ი. და ვ. წ. თ. მ. ო." საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. Kკასატორი ვერ მიუთითებს საფუძველს, რომლის შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს 555018 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

საკასაციო პალატა იზიარებს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 555018 ლარის მოთხოვნა მიმართულია არასათანადო მოპასუხის მიმართ. “საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-17 მუხლის მიხედვით ინვალიდთა და ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროგრამების ხარჯები საქართველოს ბიუჯეტის ხარჯების ფუნქციური და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისად 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დაცულ მუხლებსა და ღონისძიებებში იქნა შეტანილი. “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისა და კონტროლის შესრულებაზე უფლებამოსილი პირი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ასეთ პირად მიჩნეულია საქართველოს ფინანსათა სამინისტრო, რომელიც ადგენს განაწესს ბიუჯეტის შესრულებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინვალიდთა ორგანიზაციებზე თანხების გამოყოფა და სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით უნდა მომხდარიყო. მოცემულ შემთხვევაში რ/კ “ი. ლ." წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რომლის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე უარი განაცხადა რ/კ “ი. და ვ. წ. თ. მ. ო.".

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

კოლეგიამ Gჟურნალ ,,ს.” პუბლიკაციაში ,,შავი და თეთრი ბიზნესი ხეიბრების ხარჯზე” გავრცელებული ცნობების ნაწილთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობები გავრცელდა არა მოსარჩელის შესახებ, არამედ ზოგადად ინვალიდთა ორგანიზაციების შესახებ და ისინი არ წარმოადგენენ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველს. ცნობების ნაწილთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ გავრცელებული ცნობები სინამდვილეს შეესაბამება.

კოლეგიის აზრით, ,,შავი ბიზნესის” განხორციელებისა და გადასახადებისგან თავის არიდების შესახებ მოპასუხეების მიერ გაკეთებული განცხადებით გავრცელდა ვ. ჯ-იასა და კ. ჯ-იას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობები, რაც ლახავს მათ პატივსა და ღირსებას. Mმოპასუხემ ვერ დაუდასტურა სასამართლოს გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობა, რის გამოც მოპასუხეს დაეკისრა მათი უარყოფა.

კოლეგიამ მოპასუხის ბრალის, მისი გადახდისუნარიანობისა და დამდგარი ზიანის მიხედვით განსაზღვრა მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს რაიმე პრეტენზია არ წამოუყენებია.

პალატა თვლის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კოლეგიამ სწორად გამოიყენა კანონი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომელიც ლახავს მის პატივს ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. Kკოლეგიამ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც ამ ცნობების გამავრცელებელმა დაადასტურა, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება, ხოლო იმ ცნობების გავრცელებისათვის, რომელთა ნამდვილობა მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მოპასუხეს სამოქალაქო კოდექსის მეთვრამეტე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილების შესაბამისად დეკისრა ამ ცნობების უარყოფა და ზიანის ანაზღაურება.

ზიანის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლოს მიერ სწორად არის გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კოლეგიამ სწორი განმარტება მისცა კოდექსით განსაზღვრულ ისეთ ცნებებს, როგორიცაა პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და არ არსებობს მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

“ი. და ვ. წ. თ. მ. ო." საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.