გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1181-02 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, სახელფასო დავალიანების და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ლ-ი 1994წ. მაისიდან მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის საწარმოო სფეროს ოპერატიული ზედამხედველობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 30 ივნისის ¹282 ბრძანებულების საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო დეპარტამენტის რეორგანიზაცია.
2000წ. 24 ივლისს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹ო1-1/1078 წერილით ნ. ლ-ი გაფრთხილებულ იქნა, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საშტატო ერთეულების შემცირების გამო, 2000წ. 25 აგვისტოდან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 25 აგვისტოს ¹პ-628 ბრძანებით ნ. ლ-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ნ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონში მისი კვალიფიკაციის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენა, 2000წ. 25 აგვისტოდან სამუშაოზე აღდგენაზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და 1998წ. იანვრიდან 2000წ. 25 აგვისტომდე გაუცემელი ხელფასის და სხვა დანამატის მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნ.ლ-ის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 25 აგვისტოს ბრძანება და ნ.ლ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონში ტოლფას თანამდებობაზე. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე ნ. ლ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის ანაზღაურება 8428,16 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაეკისრა გაუცემელი ხელფასის სახით 1905,92 ლარის გადახდა ნ. ლ-ის სასარგებლოდ.
პირველი ინსტანცის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენელმა კ. ლ-ემ.
მოცემულ გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი იქნა შეტანილი ნ. ლ-ის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. ლ-ის სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა ნ. ლ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. ასევე არ იქნა დაკმაყოფილებული ნოდარ ლ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ლ-მა მისი გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ლ-ი მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის საწარმოო სფეროს ოპერატიული ზედამხედველობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 30 ივნისის ¹281 ბრძანებულების საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო დეპარტამენტის რეორგანიზაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, საშტატო ერთეულების შემცირების გამო, 2000წ. 25 აგვისტოდან ნ. ლ-ს შეუწყდა შრომის ხელშეკრულება, რის შესახებაც იგი გაფრთხილებულ იქნა 2000წ. 24 ივლისს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹01-1078 წერილით.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 25 აგვისტოს ¹პ-629 ბრძანებით ნ. ლ-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის გამოც სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონში მისი კვალიფიკაციის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენა, 2000წ. 25 აგვისტოდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 1998წ. იანვრიდან 2000წ. 25 აგვისტომდე გაუცემელი ხელფასის და სხვა დანამატის მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრება.
ამჟამად, ნ. ლ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 25 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონში ტოლფას, შესაბამის თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებას.
2002წ. 10 მაისიდან გაუქმდა “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის “ჟ”1 ქვეპუნქტი და სამინისტროთა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. საგადასახადო დეპარტამენტი ამჟამად ფუნქციონირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას მოპასუხედ მითითებული იყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენდა.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება. მოცემულ დავაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და ამდენად იგი არის ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის ამავე პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანი _ ადმინისტრაციული გარიგების, ვადიანი საჯარო შრომითი ხელშეკრულების, დადება, შეწყვეტა _ რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება და იგი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით; ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია; “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.