Facebook Twitter

საქმე N 080100121005235869

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №315აპ-24 3 ივლისი, 2024 წელი

თ–ი გ., №315აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. თ–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ე.ი თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით) და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ი“ და ,,ლ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ განემოებებში, ანგარებით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. გ. თ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ავტომატური სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, რასაც უკანონოდ ინახავდა, დროგამოშვებით ატარებდა და გადაზიდა.

1.3. 2003 წლის დეკემბრის თვეში, გ. თ–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა კ. კ–ს, კ. ქ–ს, ლ. კ–ს, ჯ. თ–ს, გ. ჯ–ს და შეთანხმდნენ, რომ 2003 წლის 22 დეკემბერს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ, წ–ს რაიონის სოფელ ჟ–ში მცხოვრებ, ე. ქ–ს ოჯახს. 2003 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 17 საათსა და 15 წუთზე, შეთანხმებისამებრ, გ. თ–ი, ქ.ქ–ში, ე.წ. ჯ–ს ხიდთან მდებარე ავტოსადგურთან შეხვდა კ. ქ–ს, კ. კ–ს, ლ. კ–ს, ჯ. თ–ს და გ. ჯ–ს, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფით, ერთლულიანი სანადირო თოფით და მათთან ერთად, ქ–ი-ჟ–ს სამარშრუტო მიკროავტობუსით გაემგზავრნენ წ–ს რაიონის სოფელ ჟ–ში, სადაც ჩამოვიდნენ სოფელ ჟ–ს გადასახვევთან და ფეხით განაგრძეს გზა ე. ქ–ს სახლისკენ. სანამ ამ უკანასკნელის სახლში მივიდოდნენ გ. თ–მა, თანამზრახველებთან ერთად, გზად შეიარა გ. ჯ–ს სახლში, გ. ჯ–ს პულოვერების სამკლავეებისაგან დაამზადეს ნიღბები და დაახლოებით 20 საათზე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შედწევით, თავს დაესხნენ ე. ქ–ს ოჯახს, სადაც იმყოფებოდნენ ეს უკანასკნელი, მისი ძმა გ. ქ–ე, მშობლები ე. და ნ. ქ–ები. თავდამსხმელებმა ხელ-ფეხი შუკრეს ე. და გ. ქ–ებს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით მოითხოვეს ფული და სხვა ფასეულობანი. მოქმედებდნენ რა ერთიანი განზრახვით, ანგარებით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, გ. თ–ი და მისი თანამზრახველები, მშობლების თვალწინ, რიგ-რიგობით სცემდნენ ე. და გ. ქ–ებს, რის შედეგადაც მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა ე. ქ–ე. გარდა ამისა, გ. თ–სმა თანამზრახველებთან ერთად, სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ე. ქ–სა და გ. ქ–ს და გაიტაცა რა 830 ამერიკული დოლარი, ქალის ოქროს საათი, ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი, სხვა ფასეულობანი, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით, გ. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა (კანონის 2000 წლის რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ი“ და ,,ლ“ პუნქტებით (კანონის 2003 წლის მდგომარეობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (კანონის 2000 წლის რედაქციით) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ი“ და ,,ლ“ პუნქტებით (კანონის 2003 წლის მდგომარებით) – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. თ–ს, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენის თანახმად, სახელმწიფო ბრალმდებელმა განსასჯელ გ. თ–ს მოუხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

2.2. 2022 წლის 19 აპრილს, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენი;

გ. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (კანონის 2000 წლის რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ი“, და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (კანონის 2003 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

გ. თ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა.

გ. თ–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი განხილვისთვის საქმის დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

3.3. პროკურორის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა გ. თ–ს მიერ საბრალდებო დასკვნაში ასახული დანაშაულების ჩადენის ფაქტი. კერძოდ: დაზარალებულთა დაკითხვის ოქმებით და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით დადასტურებულია, რომ სხვა მსჯავრდებულებთან ერთად შემთხვევის დღეს, ყაჩაღური თავდასხმის დროს ასევე იმყოფებოდა გ. თ–სი. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ზ. ჯ–ს, გ. ჯ–ს, ჯ. თ–ს, ნ. ქ–სა და კ. კ–ს საქმის მასალებში და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გ. თ–ი გაამართლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ: საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა გ. თ–ს ქმედებების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ი“, და ,,ლ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ამ ეპიზოდებით ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ. თ–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი.

5.3. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც გ. თ–ს მიმართ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. მოწმეთა და დაზარალებულთაგან არც ერთ მათგანს, არც გამოძიების ეტაპზე და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუთითებიათ, გ. თ–ზე როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე ან/და თავდამსხმელზე. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი ხასიათის მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება, რომელიც გ. თ–ზე, როგორც შესაძლო დამნაშავეზე მიუთითებს. რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ზ. ჯ–ს, გ. ჯ–ს, ჯ. თ–ს, ნ. ქ–სა და კ. კ–ს საქმის მასალებში და მათ მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ასახული გარემოებები - საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხსენებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის განაჩენით არ დასტურდება, გ. თ–ი ჯგუფური ყაჩაღობისა და მკვლელობის თანამონაწილედ არავის დაუსახელებია, შესაბამისად, აღნიშნული ვერ გამოდგება გ. თ–ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ამასთან ცალკე განხილვის საკითხია საპირისპირო შემთხვევაში რამდენად საკმარისი იქნებოდა ამგვარი მტკიცებულება გ. თ–ს მსჯავრდებისათვის.

5.4. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც გ. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ არის კანონიერი.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“

5.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე