¹ 3კ/1186-01 15 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი
დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), იძულებით დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 3 ოქტომბერს ნ. შ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს რ. ყ-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით გათავალისწინებული თანხის დაკისრება, მოპასუხის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციით.
სარჩელში აღნიშნა, რომ 1999 წლის 8 ივნისს, მოპასუხესთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება 3520 აშშ დოლარზე ერთი თვის ვადით. იმავე წლის 8 ივლისს, მოპასუხე რ. ყ-შვილმა მას წარუდგინა თავის სახელზე რიცხული 3-ოთახიანი ბინის სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულება და უთხრა, რომ სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილი იქნებოდა აღნიშნული ბინით დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა. იმ საფუძვლით რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, ნ. შ-იამ მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის ბინის რეალიზაცია აუქციონზე.
მოპასუხე რ. ყ-შვილმა, თავის მხრივ, სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი, სადაც აღნიშნა, რომ 1999 წლის 8 ივნისს მოსარჩელესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენდა მოტყუებით და იძულებით დადებულ გარიგებას. კერძოდ, შ. ბ-ურის და ვ. მ-ძის მხრიდან შანტაჟისა და დაშინების გამო, იგი იძულებული შეიქმნა მოსარჩელე ნ. შ-იასთან დაედო სესხის ხელშეკრულება 3520 აშშ დოლარზე და გადაეცა მათთვის თავისი ბინის საბუთები. აღნიშნული თანხა, ხელშეკრულების დადების მიუხედავად, მას არ მიუღია. აღნიშნულის გამო, რ. ყ-შვილმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელესთან მოტყუებით და იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა და ნ. შ-იას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
რ. ყ-შვილის განმარტების საფუძველზე, 2001 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქმეში თანამოპასუხედ იქნა ჩაბმული შ. ბ-ური.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ. შ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რ. ყ-შვილს და შ. ბ-ურს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3520 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ნ. შ-იასა და რ. ყ-შვილს შორის გაფორმებული სასესხო ურთიერთობების არსებობა, რაც მოხდა შ. ბ-ურის მეშვეობით. მხარეთა ახსნა-განმარტებებით ასევე დადგენილ იქნა, რომ გასესხებული 3200 აშშ დოლარიდან 400 აშშ დოალრი აიღო რ. ყ-შვილმა, ხოლო 2800 აშშ დოლარი შ. ბ-ურმა. ამ მოტივით, სასამართლომ რ. ყ-შვილი და შ. ბ-ური მიიჩნია სოლიდარულ მოვალეებად და მათ დააკისრა ნასესხები თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლო გადაწყვეტილება დაეფუძვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-474-ე და 623-624-ე მუხლებს.
სასამართლომ მოწმეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ბ-ურის და ვ. მ-ძის მხრიდან მართლაც ჰქონდა ადგილი მუქარას, მაგრამ მას შემდეგ, რაც სესხის ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, ამიტომ აღნიშნული ხელშეკრულება, როგორც იძულებით დადებული, ბათილად ვერ იქნებოდა ცნობილი. ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეგებებული სარჩელის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილება არ გამოიტანა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ყ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტმა მიუთითა, რომ მოსარჩელე ნ. შ-იასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენდა მოტყუებით და იძულებით დადებულ გარიგებას. კერძოდ, ხელშეკრულება მან გააფორმა შ. ბ-ურის მუქარის და შანტაჟის საფუძველზე, აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტიელბით რ. ყ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა იმდაგვარად, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი პუნქტი: არ დაკმაყოფილდეს ყ-შვილის შეგებებული სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებით დადებული გარიგება შეიძლება საცილო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში კი, აპელანტმა შეგებებული სარჩელით სასამართლოს მიმართა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით დადგენილი ერთწლიანი ვადის დარღვევით, რის გამოც ხანდაზმულობის მოტივით, სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა რ. ყ-შვილს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ყ-შვილმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მის მიმართ, როგორც არასათანადო მოპასუხის მიმართ, საქმის წარმოების შეწყვეტას. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ უკანონოდ უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რასაც ასაბუთებს იმით, რომ მან 1999 წლის 9 აგვისტოს ოფიციალურად მიმართა სამხედრო პროკურატურას. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია როგორც საპროცესო, ისე მატერიალური სამართლის ნორმები, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 85-87-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 386-ე და 397-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში, იძულების დამთავრების მომენტიდან.
ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება, შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლი ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილია. ეს არის დრო სარჩელის შეტანიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ან პროცესის სხვაგვარად დასრულებამდე. შესაბამისად სახელმწფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვიდან ამ ორგანოს მიერ განცხადების განხილვის დასრულებამდე.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ყ-შვილმა თბილისის რეგიონალურ პროკურატურას მიმართა განცხადებით 1999 წლის 18 აგვისტოს. პალატას მიაჩნია, რომ ამ დროიდან შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა. მხარემ სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2000 წლის 16 ოქტომბერს. სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა გამოითვალა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვის დღიდან (1999 წ. 18 აგვისტო), არ გამოიკვლია დრო, რომლის განმავლობაშიც შეწყვეტილი იყო ვადის დენა, ანუ არ დაადგინა დრო, რომლის შემდეგაც შეეძლო რ. ყ-შვილს სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის (თუ როდის მიიღო პროკურატურიდან პასუხი მის განცხადებაზე) და ამის დადგენის გარეშე მიიჩნია, რომ სარჩელის შეტანის დროისათვის ე.ი. 2000 წლის 16 ოქტომბრისათვის გასული იყო ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე სრულად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მოდავე მხარეთა შორის გარიგება იყო თუ არა იძულებით დადებული. დადებით შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს დრო, რომლის განმავლობაშიც შეწყვეტილი იყო ხანდაზმულობის ვადის დენა, ხელახლა როდის დაიწყო ვადის დენა და შესაბამისად უნდა აითვალოს ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.