3კ-1187-02 11 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
კასატორის თხოვნა: გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 20 ოქტომბერს გ. კ.-სა და ზ. ხ.-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. პირველით გ. კ.-მ ზ. ხ.-ისაგან ისესხა 4800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში 3 თვის ვადით; სესხის უზრუნველყოფის მიზნით კი იპოთეკით დაიტვირთა გ. კ.-ს სახელზე რიცხული თბილისში მდებარე ბინა.
2001წ. 20 ივნისს ზ. ხ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-საგმორის რაიონულ სასამართლოს გ. კ.-ს მემკვიდრის, მ. ტ.-ის და თანამოპასუხის, მ. ა.-ის, მიმართ და მოითხოვა ვალის დაბრუნება და იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია. სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 627-ე მუხლი და მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილი.
2001წ. 26 ივლისს მ. ტ.-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გ. კ.-სა და ზ. ხ.-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ხელმოწერა გ. კ.-ს მიერ შესრულებული იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ იგი თავის მოქმედებას კონტროლს ვერ გაუწევდა და ხელი მოტყუებით მოაწერინეს; ამასთან, თვით მოსარჩელისავე განმარტებით, ფული მან ფაქტობრივად გადასცა მ. ა.-ს და არა გ. კ.-ს; მ. ტ.-მ ასევე მოითხოვა გ. კ.-სა და ზ. ხ.-ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა “ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 63-ე მუხლის დარღვევის გამო.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. ტ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4800 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა გ. კ.-ს სახელზე რიცხული ბინის რეალიზაციაზე. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო სესხის ხელშეკრულების ბათილობაზე მ. ტ.-ს უარი ეთქვა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ.-მ ბინის რეალიზაციაზე უარის თქმისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგი გარემოებები: სასამართლომ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისას მიუთითა “ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის 63-ე მუხლის დარღვევა, რომლითაც საცხოვრებელი სახლის (ბინის) იპოთეკით დატვირთვის ხელშეკრულების დამოწმებისას საჭიროა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, რაც აპელანტს არასწორად მიაჩნია, რადგან, ჯერ ერთი, ასეთი თანხმობა არსებობდა, და, მეორეც, ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ბინის მესაკუთრე იყო იპოთეკარი, რაც დასტურდება შესაბამისი ჩანაწერით საჯარო რეესტრში. სასამართლომ ისე ცნო იპოთეკის ხელშეკრულება ბათილად, რომ არ დაუდგენია გ. კ.-ს ოჯახის სრულწლოვანი წევრების საერთო წილობრივი საკუთრება ბინაზე, ხოლო რომ ეცნო კიდევაც, იპოთეკარის წილში ხელშეკრულება ძალაში უნდა დაეტოვებინა.
გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაში შევიდა.@@@
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. ტ.-ის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელს უარი ეთქვა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. პალატამ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ სკ-ს 289-ე მუხლის შესაბამისად იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. რეგისტრაცია ხდება დადგენილი წესის მიხედვით უძრავი ნივთის მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთების წარდგენით, ხოლო 312-ე მუხლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ.-მ. კასატორმა მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულია შემდეგი გარემოებები: სასამართლომ არასწორად გააიგივა საჯარო რეესტრის სამსახური ტექინვენტარიზაციის ბიუროსთან. სადავო იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია არა საჯარო რეესტრში, არამედ ტექბიუროში; სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა ზ. ხ.-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისას არ იყო აუცილებელი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, კერძოდ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული “ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქცია, კერძოდ, მისი 63-ე მუხლი; საქმეში არსებულ თანხმობებზე არის გაყალბებული ხელმოწერები, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით, გარიგების გამფორმებელი ნოტარიუსის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და კასატორი ცნობილი არის დაზარალებულად. ამრიგად, კასატორის აზრით, გადაწყვეტილების გამოტანისას პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრაცია არ უთანაბრდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. მართალია, მოცემულ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში, ხოლო სკ-ს 289-ე მუხლის პირველი ნაწილით იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად და წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ბათილია, მაგრამ იმავე კოდექსის 1515-ე მუხლით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება უნდა მოახდინონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა. ამდენად, სადავო იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილია და კასატორის მიერ მითითებული ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს (იხ. უზენაესი სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის ¹3კ-891-02 გადაწყვეტილება).
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას სავალდებულო იყო ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა. აღნიშნული მოსაზრება უსაფუძვლოა, რადგან იპოთეკის ხელშეკრულებით რეგისტრაცია ხდება დადგენილი წესის მიხედვით უძრავი ნივთის მესაკუთრესა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის წარდგენით. დადგენილ წესში იგულისხმება გარიგების (ხელშეკრულების) რთული სანოტარო ფორმის არსებობა, როგორც ეს დადგენილია უძრავი ქონების გასხვისების, შეძენის და ა.შ. დროს. სამოქალაქო კოდექსი უძრავი ქონების გასხვისების ან სანივთო უფლებით დატვირთვის შემთხვევაში, გარდა მესაკუთრის ნების გამოვლენისა, არ ითვალისწინებს ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობის ვალდებულებას.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არ გამოიყენა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნორმატიული აქტი “ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ”. პალატა თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა აღნიშნული ნორმატიული აქტი, რადგან განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობა. ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები კი დადგენილია სკ-ს შესაბამისი ნორმებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონდარღვევის გარეშეა მიღებული და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.