3კ-1188-02 16 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 8 დეკემბერს თ. გ.-მ აშშ ...-ის სააგენტოს საქართველოს ფილიალის წარმომადგენელ ჯ. ა. ლ.-ს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998წ. ივნისიდან 1999წ. სექტემბრამდე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში მენეჯერად. ფილიალის ხელმძღვანელი იყო ჯ. ა. ლ.-ი.
1998 წლიდან პარალელურად მუშაობდა კონსულტანტ-თარჯიმნად საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილებაში.
1998წ. ივლისში მიიღო მსოფლიო ბანკის რ. მაკნარამას სახელობის პრემია კვლევითი სამუშაოსათვის თემაზე: “...".
1999წ. ნოემბრიდან მონაწილეობდა აშშ საერთაშორისო კვლევისა და გავრცელების საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებდა კონკურსის გამარჯვებულთა აშშ სახელმწიფო დაწესებულებებში სტაჟირებასა და გამოცდილების მიღებას, პროფესიულ დაოსტატებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. 2000წ. აპრილში გამოვლინდა კონკურსის 7 ქართველი გამარჯვებული, რომელთაგან ერთ-ერთი თვითონ იყო.
ამასთან დაკავშირებით სათანადო ოფიციალური პირებისაგან მიიღო მილოცვები, გადაეცა აშშ-ში გასამგზავრებელი ვიზა, გაიარა სათანადო შემოწმებები, მაგრამ 2000წ. 21 ივლისს წერილობით შეატყობინეს, რომ მან გააყალბა ანკეტა. კერძოდ, არასწორად მიუთითა სახელმწიფო კანცელარიაში, მსოფლიო ბანკის მაკნარამას სახელობის პროგრამაში მუშაობისა და აშშ-ს სემინარში თავისი მონაწილეობის თაობაზე, ასევე არ აცნობა ...-სა და “... ბანკში" მუშაობის შესახებ, რის გამოც იგი დისკვალიფიცირებულ იქნა და ვიზები გაუუქმდა.
ვინაიდან მან პრეტენზია განაცხადა წერილში მითითებულ მიზეზებთან დაკავშირებით, მათ შეცვალეს წერილი და იმავე თარიღით შედგენილ მეორე წერილში დაწუნების მიზეზად მიუთითეს შემდეგზე: თ.გ.-მა თავის განცხადებაში არ მიუთითა, რომ 1998წ. ივლისიდან 1999წ. სექტემბრამდე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში სრულ საშტატო განაკვეთზე და ასევე _ “... ბანკში”.
მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობის ფაქტი მან იმიტომ დამალა, რომ ამ ორგანიზაციიდან წასვლის შემდეგ მისი ხელმძღვანელი ჯ. ა. ლ.-ი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოური ფირმების წარმომადგენლებს შორის განზრახ ავრცელებდა მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს და თუკი I.-ის წარმომადგენლები მას დაუკავშირდებოდნენ, ის მათ მიაწოდებდა არასწორ ინფორმაციას მისი საქმიანი თვისებების შესახებ.
ჯ. ა. ლ.-მ, როგორც კი გაიგო I.-ის კონკურსში მისი გამარჯვების შესახებ, მიმართა აშშ-ს საელჩოსა და I.-ის ოფისს, შეატყობინა მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები, რომ თითქოს იგი შეიშალა, გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი ოჯახთან და ეკლესიასთან და ეწევა ძალიან უცნაურ ცხოვრებას, რაც არ ტოვებს ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას; გაავრცელა მის მიმართ აბსურდული ინფორმაცია ოფისის დაწვის, კომპიუტერებისა და ინფორმაციის განადგურების შესახებ.
ჯ. ა. ლ.-ს მიერ მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მას შეექმნა ტერორისტის, ვანდალის, მატყუარას, სახიფათო და საშიში ბოროტმოქმედის რეპუტაცია.
მისი ყოველთვიური ანაზღაურება უნდა ყოფილიყო 1200 აშშ დოლარზე მეტი, მაგრამ ჯ. ა. ლ.-ის მოქმედების გამო დღეს უმუშევარია. დაკარგა კონკურსის პირობებით გათვალისწინებული 9000 აშშ დოლარი, ასევე განიცადა მორალური ზიანი, რისთვისაც მოითხოვა 1000000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
საერთო ჯამში მან მოითხოვა 1033000 აშშ დოლარის ანაზღაურება; ჯ. ა. ლ.-ს დაევალოს ბოდიშის მოხდა; გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფის მიზნით ამ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების ყველა იმ ორგანიზაციებისათვის გაგზავნა, რომლებსაც მოპასუხემ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია.
2000წ. 8 დეკემბერს თ. გ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციისა და მისი წარმომადგენლების ანგარიშზე არსებული თანხებისათვის ყადაღის დადება და მოპასუხის წარმომადგენელ ჯ. ა. ლ.-სათვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების აკრძალვა.
საოლქო სასამართლოს 2000წ. 8 დეკემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის ანგარიშზე არსებულ თანხებზე ყადაღის დაუდებლობა ხელს ვერ შეუშლიდა ამ სარჩელის განხილვას და საკითხის გადაწყვეტას, ამასთან, მოსარჩელე ვერ მიუთითებდა სათანადო საპასუხო უზრუნველყოფაზე. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების აკრძალვის მოთხოვნას, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
2000წ. 14 დეკემბერს თ. გ.-მ ახალი სარჩელი წარადგინა სასამართლოში. ამჯერად მან მოპასუხედ აშშ ...-ის სააგენტოს საქართველოს ფილიალთან (...) ერთად მოპასუხედ მიუთითა ჯ. ა. ლ.-ი _ აშშ ...-ის სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში.
2000წ. 14 დეკემბერს თ. გ.-მ ახალი განცხადებით მიმართა სასამართლოს და ამჯერადაც მოითხოვა მოპასუხეების ქონებაზე და საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება. ამასთან, მოითხოვა ჯ. ა. ლ.-სისათვის სარჩელის განხილვამდე საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვა.
საოლქო სასამართლოს 2000წ. 14 დეკემბრის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიზანშეუწონელი და გაუმართლებელი იყო.
2000წ. 26 დეკემბერს თ. გ.-მ კვლავ მიმართა განცხადებით საოლქო სასამართლოს. ამჯერად მან მოითხოვა სასამართლოს განჩინებით პოლიციას დავალებოდა ჯ. ა. ლ.-სთვის საქართველოდან გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევა და მითითებული განჩინება ჩაბარებოდა თბილისის აეროპორტის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, ლარსის და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აშშ-ს საელჩოს საქართველოში.
საოლქო სასამართლოს 2000წ. 26 დეკემბრის განჩინებით მითითებული განცხადება იგივე საფუძვლით არ დაკმაყოფილდა.
თ. გ.-მ 2001წ. 23 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების, მოწმე გ.-ის და სხვა პირთა სასამართლო პროცესზე დასაკითხად მოწვევა.
საოლქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის განჩინებებით მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმის სახით სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების და გ.-ის გამოძახების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
მოპასუხე აშშ ...-ის სააგენტოს საქართველოს ფილიალმა და ამ ფილიალის წარმომადგენელმა ჯ. ა. ლ.-მ სარჩელი არ ცნეს. მათ მიუთითეს, რომ თ. გ.-ი მოპასუხის მიერ 1998წ. მაისში აყვანილ იქნა თარჯიმნად და ინგლისური ენის მასწავლებლად. მუშაობის პერიოდში მან თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა მუშაკმა, ამიტომ მას შესთავაზეს პროგრამის მენეჯერად სრულ განაკვეთზე მუშაობა.
1999 წელს მოსარჩელე წავიდა შვებულებაში და მის ადგილზე მიღებულ იქნა სხვა პირი, რომელმაც მოითხოვა გასული საანგარიშო პერიოდის ბალანსი და ხელფასის უწყისები. ჯ. ა. ლ.-ს დაუკავშირდა თ. გ.-ს, რათა მას მიეთითებინა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების შენახვის ადგილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თ.გ.-ი სათანადოდ არ ასრულებდა თავის მოვალეობას და საგადასახადო ვალდებულებები დატოვებული ჰქონდა ღიად.
ვინაიდან ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ საბუღალტრო საქმიანობაში იყო სერიოზული დარღვევები, აიყვანა აუდიტი და სთხოვა თ. გ.-ს მასთან ერთად საქმიანობა, რაზედაც მან უარი განაცხადა.
თ. გ.-ის სამსახურში დაბრუნების შემდეგ ურთიერთობა მათ შორის გამწვავდა. თ. გ.-ი ხშირად არ ცხადდებოდა სამსახურში, რის გამოც ორგანიზაცია იძულებული იყო, მისთვის შეეხსენებინა მოვალეობის შესრულება.
1999წ. 7 სექტემბერს თ. გ.-მ ხელი მოაწერა გადადგომის განცხადებას, მიიღო სათანადო ხელფასი და ორგანიზაციიდან წავიდა.
1999წ. სექტემბერში თ. გ.-ი მივიდა ჯ. ა. ლ.-სთან და უთხრა, რომ მის შესახებ ვრცელდებოდა ჭორები. ჯ. ლ.-მ დაწერა წერილი, რომელშიც ყველას მოუწოდებდა, რომ ყური არ ეგდოთ ჭორებისათვის.
1999წ. 25 სექტემბერს თ. გ.-ი გამოცხადდა ჯ. ა. ლ.-სთან და მის მეუღლესთან და განუცხადა, რომ აპირებს იბრძოლოს და ამ ბრძოლას ვერავინ ვერ მოიგებს.
1999წ. 5 ნოემბერს დაიწვა მოპასუხის ოფისი. დადგინდა, რომ ხანძარი გაჩნდა სამ ადგილზე: 1. მთავარ ოფისში, ჩაკეტილი ოფისის ფაილების კარადის მეორე უჯრაში, სადაც ინახებოდა მოპასუხის ყველა კლიენტის სესხებთან დაკავშირებული ხელმოწერილი დოკუმენტები; 2. სასწავლო ცენტრის ჩაკეტილ კარადაში, სადაც ინახებოდა ახალი კომპიუტერები და 3. სასწავლო ცენტრის საწყობში.
ამის შემდეგ მოპასუხემ შეიცვალა ოფისი.
2000წ. 27 იანვარს, როცა თანამშრომლები მივიდნენ ოფისში, ნახეს, რომ შესასვლელ კარებს საღებავით ეწერა სიტყვა _ “ომი".
ამავე დღეს მოპასუხის თანამშრომელმა თ. დ.-მ ჯ. ა. ლ.-ს მიუტანა პირადად მისთვის თ. გ.-ის მიერ გადმოცემული წერილი. წერილში ეწერა: “როგორც ვხედავ, შენ ვერ ჩაწვდი ჩემი წერილის შინაარსს. თუ არ დამიბრუნებ ყველაფერს, რაც წამართვეს, იძულებით და შეურაცხყოფით სიტუაცია მხოლოდ გაურესდება. ვიცი, რომ მე არ გიყვარვარ, მაგრამ თუ გიყვარს შენი თავი და შენი მეუღლე და თუ გსურს, მშვიდობიანდ დაასრულო შენი კონტრაქტი საქართველოში, ეს შეტყობინება სერიოზულად მიიღე. შენ მე ვერ მომინელებ, ეს შენ დაგახრჩობს. თუ სამ დღეში შენგან არ მივიღებ შემდეგი სახის შეტყობინებას: “კეთილი იყოს შენი დაბრუნება, შენ აღდგენილი ხარ შენს თანამდებობაზე", ჩათვალე, რომ შენი მუშაობა და შენი გეგმები საქართველოში შენი საქმიანობის გაფართოების შესახებ დასრულდება. ნუ გამომცდი ამაში. შენ თუ საქართველოში დარჩები, ერთ კრიზისს მეორე კრიზისი მოჰყვება (დამიჯერე, რომ სიმართლეს ვამბობ, განსაკუთრებით ჩემს ახლო-მახლო). დღემდე შენმა ამჟამინდელმა მრჩევლებმა ვერ შეძლეს შენთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მოწოდება, იქნებ ეხლა შეძლო უკეთესი მრჩევლის პოვნა. ვერც შენი ახალი ციხესიმაგრე და ვერც შენი ახალი მეგობრები ვერ დაგიცავენ ისე, როგორც საჭიროა. შენ შეიძლება კიდევ გქონდეს შანსი".
2000წ. 15 თებერვალს ჯ. ა. ლ.-მ თ. გ.-ს გაუგზავნა წერილი და აცნობა, რომ შეეწყვიტა მუქარა და დაბრუნებოდა ჩვეულ ცხოვრებას, რაზეც 2000წ. 16 თებერვალს თ. გ.-მ უპასუხა, რომ კონფლიქტი არ დამთავრდება, სანამ ისინი არ შეხვდებიან და არ მოილაპარაკებენ.
2000წ. 11 მაისს მოპასუხეებმა და მასთან დაკავშირებულმა სუბიექტებმა მიიღეს ანონიმური წერილი, რომელშიც ჯ. ა. ლ.-ს ნახსენებია როგორც სასტიკი მენეჯერი და მისი მოღვაწეობა მოხსენებულია დანაშაულებრივ საქმიანობად.
2000წ. 23 მაისს მოპასუხემ მიიღო შემდეგი შინაარსის იმეილი: “ნუ იფიქრებ, რომ ჩემი სამსახურიდან დათხოვნით უსაფრთხოდ იგრძნობ თავს. თუ შენ მიგაჩნია, რომ მე აქამდე გემუქრებოდი, ჯერ სადა ხარ. შენ არ იქნები უსაფრთხოდ, ხანძარი მხოლოდ დასაწყისია”.
პარალელურად, მოსარჩელე უკავშირდებოდა ...-ის სააგენტოს ამერიკის ოფისს, კერძოდ, ა. ი.-ს და ცდილობდა დაერწმუნებინა ის, რომ ჯ. ა. ლ.-ი არაკომპეტენტური მენეჯერია და მისი საქმიანობა დაღუპვამდე მიიყვანს სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მითითებული ფაქტები და მოვლენები მოპასუხეებს საკმაოდ არაკომფორტულ მდგომარეობაში აყენებდა, მათი მხრიდან მოსარჩელის დისკრედიტაციის მიზნით არასოდეს ყოფილა გაკეთებული ისეთი საჯარო განცხადება, რაც მოსარჩელის ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას შელახავდა.
როგორც მოსარჩელის განმარტებით ირკვევა, მოსარჩელე დისკვალიფიცირებულ იქნა I.-ის პროგრამიდან იმიტომ, რომ მან იცრუა და დაარღვია იმ დოკუმენტაციით დადგენილი წესი, რომელსაც თვითონ მოაწერა ხელი. ამიტომ ვიზის გაცემაზე უარი და მის მიერ განცდილი ზარალი მოპასუხეს ბრალით არ იყო გამოწვეული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს დაეკისრათ 1055900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მათვე დაეკისრათ წარმომადგენლის მიერ გაწეული დახმარების ხარჯები _ 15000 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით _ 2500 ლარის გადახდა.
2002წ. 3 იანვარს მოპასუხემ შეიტანა საჩივარი მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის შესახებ.
2001წ. 15 იანვრის განჩინებით საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და საქმე განსახილველად დაინიშნა 2001წ. 28 იანვრისათვის.
2002წ. 6 მარტს თ. გ.-მ მიმართა სასამართლოს ჯ. ა. ლ.-ის პირადი რწმუნებულის, ზ. ბ.-ისა და ლ. ბ.-ის სახელზე გაცემული რწმუნების ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 12 მარტის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამავე დღეს მიღებული განჩინებით უარი ეთქვა მოსარჩელის შუამდგომლობას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ საჩივრის შეწყვეტის თაობაზე.
საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა 2002წ. 12 მარტის განჩინების (რომლითაც გაუქმებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება) გაუქმებისა და გადასინჯვის შესახებ, რასაც საოლქო სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის საოქმო განჩინებით ეთქვა უარი.
საოლქო სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამარათლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ჯ. ა. ლ.-ს არ მოუხდენია თ. გ.-ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელება.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ პ. შ.-ის წერილები ა. ი.-სადმი (...-ის საერთაშორისო ოპერაციების დირექტორი), საქართველოში აშშ ელჩის სახელზე და “... ბანკის" რეგიონალური ადმინისტრატორის წერილი პ. შ.-სადმი, არ წარმოადგენს მოპასუხეების _ აშშ-ს ...-ის სააგენტოს საქართველოს ფილიალისა და ჯ. ა. ლ.-სის წერილებს და ეს წერილები არ ადასტურებენ მოპასუხეთა მიერ თ. გ.-ის პატივის, ღირსების შელახვისა და მოპასუხეთა მიერ ასეთი ცნობების გავრცელების ფაქტს. ეს წერილები საოლქო სასამართლომ ტექნიკური საშუალებით მიღებული პირადი მიმოწერის ხასიათის წერილებად მიიჩნია.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე დამატებითი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი წერილები ასევე პირად მიმოწერას წარმოადგენს, მაგრამ იგი თ. გ.-ის მიერ მოპოვებულია არაკანონიერი გზით, მოპასუხეთა თანხმობის გარეშე, რის გამოც საოლქო სასამართლომ მათ არ მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობის ძალა. ამ წერილების უკანონო გზით მოპოვების ფაქტი მთავარ სხდომაზე დაადასტურა თვით მოსარჩელემაც.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშე, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
სასამართლომ მოსარჩელის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით მოპოვებული პირადი ხასიათის წერილები სსკ-ს 103-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნია.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელესა და ჯ. ა. ლ.-სს შორის ურთიერთობა დაიძაბა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტამდე. მისმა 1999წ. 21 და 22 ივლისს გაგზავნილმა წერილებმა ა. ი.-დმი, სადაც იგი ა. ი.-ს მოპასუხე ჯ. ა. ლ.-ის გვერდის ავლით სთხოვდა კონფიდენციალურ საუბარს და მოპასუხე ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების არსებული პრაქტიკისა და მენეჯმენტის პროცესთან დაკავშირებული რიგი საკითხების მასთან ერთად განხილვას. ამის მიზეზად მოსარჩელე წერილებში მიუთითებდა ჯ. ა. ლ.-სის მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილების “იმპულსურობას", რაც “დისონანს" ქმნიდა ყოველდღიურ საქმიანობაში, რომ იყო ცდუნება, რომ იგი “მიკერძოებული გახდებოდა"; რომ თუ თანამშრომლებს არ ეთქმით არაფერი პროგრამის მომავალ მიმართულებასთან დაკავშირებით, მაშინ ეს “ერთი კაცის შოუ არის". მოპასუხესთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა მოსარჩელის 2000წ. 11 მაისის წერილმა ...-ის სააგენტოს მუშაკებისადმი, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ “საქართველოში მოპასუხე ჯ. ა. ლ.-სის მოღვაწეობის გამო ...-ის სააგენტოს უნდა დაერქვას სახელი “მსოფლიო ეპიდემია”, ხოლო მისი წარმომადგენლის სახელი უნდა იყოს “სასტიკი მენეჯერი".
ჯ. ა. ლ.-სისადმი შეურაცხმყოფელი წერილების გაგზავნის გამო აუცილებელი გახადა ჰოტმეილს დაეხურა იმეილის მისამართი.
საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე მოპასუხეს წერდა მუქარის წერილებს, რამაც მოპასუხე აიძულა დაცვის ზომებისათვის მიემართა. მიუხედავად ამისა, მიუთითებს საოლქო სასამართლო, ჯ. ა. ლ.-ი თ. გ.-ს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტამდე და მის შემდეგაც კარგად ახასიათებდა.
საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტი, რის გამოც არ არსებობდა საფუძველი ბოდიშის მოხდის, მით უფრო, რომ ბოდიშის მოხდას სკ-ს მე-18 მუხლი არ ითვალისწინებს. ამავე მოტივით არ არსებობდა საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილების სარჩელში მითითებულ ორგანიზაციებისათვის გაგზავნისა.
საოლქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილშიც, ვინაიდან მოსარჩელემ ნებაყოფლობით დატოვა სამუშაო.
ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული ვაშინგტონში სტაჟირებისათვის განკუთვნილი და სტიპენდიის სახით მისაღები თანხების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა, ვინაიდან აშშ-ში გამგზავრების ვიზის გაუქმება გამოწვეული იყო არა მოპასუხეთა, არამედ _ მოსარჩელის ბრალით, რომელმაც ანკეტაში არ შეიტანა ინფორმაცია “... ბანკსა" და “...-ში" მუშაობის შესახებ.
ვინაიდან მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულება მოშალა პირადი განცხადებით და აშშ-ში გამგზავრების ვიზა გაუქმდა მისივე ბრალით, ანკეტაში არასწორი მონაცემების შეტანის გამო, მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.
საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მორალური ზიანი, მოპასუხეთა არამართლზომიერი მოქმედება თუ უმოქმედობა, არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და მოპასუხეთა ბრალი.
2002წ. 29 ივლისს თ. გ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს 2002წ. 13 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე, ამავე საქმეზე 2000წ. 8, 14 და 26 დეკემბერს მიღებული განჩინებების (სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), 2001წ. 24 ნოემბრის განჩინების (საქართველს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მოწმედ გამოძახებისა და დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ), ამავე დღეს მიღებული განჩინების (მოწმედ მ. გ.-ის გამოძახებაზე უარის თქმის შესახებ), 2002წ. 15 იანვარს განჩინების (დაუსწრებელი გადაწვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე საჩივრის წარმოებაში მიღების), 2002წ. 12 მარტის განჩინების (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ), 2002წ. 12 მარტის განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ); 2002წ. 13 ივნისის განჩინების (2002წ. 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების განჩინების გადასინჯვაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ მათ მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი წერილები არასწორად მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით მოპოვებულ პირადი ხასიათის წერილებად. მისი მოსაზრებით, ვინაიდან ეს წერილები გაგზვნილია ოფიციალურად ორგანიზაციის მიერ და მიღებულია მის მიერვე ელფოსტით, არ წარმოადგენს პირადი ხასიათის წერილებს და მოპოვებულია კანონიერი გზით.
სასამართლომ უკანონო გზით მოპოვებულ მტკიცებულებათა ჩამონათვალში მიუთითა მოპასუხის მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოდგენილი ჯ. ა. ლ.-ს მიერ თ. გ.-სადმი გაგზავნილ წერილზეც. ამ შემთხვევაში სასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილებას და თავისი ინიციატივით კანონდარღვევით მოპოვებულად ცნო აღნიშნული წერილი, რითაც დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების, ასევე 105-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ აღნიშნა დასკვნები და მოსაზრებანი, რომლითაც უარყოფილ იქნა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. საპროცესო ნორმის მითითებულმა დარღვევამ განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის მოსაზრებით საოლქო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს მოპასუხეთა მიერ მოპასუხე ორგანიზაციის კრებაზე და საჯარო შეხვედრებზე მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელება, რითაც სასამართლომ უხეშად დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-4, მე-5 და 249-ე მუხლების მოთხოვნები.
ამ საკითხზე მსჯელობისა და მისი შეფასების გარეშე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებულია.
სასამართლო კოლეგიამ საერთოდ არ შეაფასა და არ იმსჯელა თბილისის საოლქო სასამართლოს სახელზე გამოგზავნილ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორ პ. შ.-ს წერილობითი ჩვენებების ორგვლივ, რომლითაც დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების განზრახ გავრცელება.
მისი მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა მისივე განჩინებით საქართველოს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრიდან გამოთხოვილი მასალები, რომლითაც დასტურდებოდა მოპასუხეთა მიერ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტულ ცენტრში მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გარვცელება.
სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საქართველოს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მოწმედ მოწვევის შესახებ, რითაც დაარღვია სსკ-ს 222-ე მუხლის 105-ე მე-4, მე-5 მუხლებისა და 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები.
საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი მუქარის წერილების მიწერის ფაქტი და მიუთითა საქმეში არსებულ ფურცლებზე, მაშინ, როცა სხვა ფურცლებზე არსებული წერილი მის მიერაა წარმოდგენილი და იგი არ წარმოადგენს მუქარის წერილს. პირიქით, ამ წერილის შინაარსი მიუთითებს მოპასუხის უკანონო და შავბნელ საქმიანობაზე, რომელიც კონფლიქტის მიზეზად იქცა. საქმეში წარმოდგენილია ანონიმური წერილი. საქმეში მოთავსებულია თ.დ.-ის წერილი, სასამართლოს მიმართვა, მოხსენებითი ბარათი, ფალსიცირებული და გაყალბებული წერილი, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებული ინფორმაციის გავრცელებას და რომელიც სასამართლომ უკანონოდ მოპოვებულად ჩათვალა. სხვა შემთხვევაში სასამართლო ამ წერილს უწოდებს უკანონოდ მოპოვებულს, ხოლო ამ შემთხვევაში კი მას იყენებს უკვე მის საწინააღმდეგოდ, როგორც კანონიერ მტკიცებულებას.
აქვე კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ ამ წერილთან დაკავშირებით სათანადო შეფასება არ მისცა თ. დ.-ის განმარტებას იმის შესახებ, რომ “მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მუქარის წერილი არ არის ის წერილი, რომელიც თ. გ.-მ გადასცა მას".
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიძახა და არ დაკითხა თ. დ.-ე, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ჯ. ა. ლ.-ს მან გადასცა კასატორის მიერ გადაცემული წერილი, მაგრამ მისი შინაარსი მისთვის უცნობი იყო. მისი ჩვენებით გაქარწყლდებოდა ს. თ.-ის განმარტება იმის შესახებ, რომ თითქოს დ.-ე იცნობდა მის მიერ გადაცემული წერილის შინაარსს და თვით დ.-ის განმარტებას იმის შესახებ, რომ წერილი, რომელიც ჯ. ა. ლ.-მ წარმოადგინა, არ არის ის წერილი, რომელიც თ.გ.-მ მისცა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ტექნიკურ საშუალებით შესრულებული მიმოწერის ხასიათის წერილებად მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორ პ. შ.-ის წერილები ა. ი.-სადმი, საქართველოში აშშ-ს ელჩის სახელზე და “... ბანკის" ადმინისტრატორის წერილი პ. შ.-სადმი და არასწორად მიუთითა, რომ ეს წერილები არ ადასტურებენ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.
კასატორს მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული წერილები ადასტურებენ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტს.
მისი მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თითქოს თ. გ.-სა და ჯ. ა. ლ.-ს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა თ. გ.-ის მიერ ა. ი.-სადმი 1999წ. 21 და 22 ივლისს გაგზავნილმა წერილმა. მას მიაჩნია, რომ ვინაიდან ჯ. ა. ლ.-მ ამ წერილების შინაარსი გაიგო მხოლოდ 2000წ. 1 თებერვალს, ეს წერილები მათ შორის ურთიერთობას ვერ დაძაბავდა 1999წ. 21-22 ივლისიდან. მას მიაჩნია, რომ მისი ურთიერთობა ჯ. ა. ლ.-სთან დაძაბა 2000წ. 11 მაისის წერილმა (ჰოტმეილისა და ჯ. ა. ლ.-ს შორის არსებულმა მიმოწერამ) ასევე _ ჯ. ა. ლ.-სის საფინანსო საქმიანობამ, რომლის მიმართაც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე.
საოლქო სასამართლო მიუთითებს, რომ ჯ. ა. ლ.-სი თ. გ.-ს დადებითად ახასიათებდა მაშინ, როცა იგი მ. და ჯ. ჰ.-ებისადმი მიწერილ წერილში მიუთითებს, რომ “თ. შეშლილი და დაცენტრილია". კოლეგიამ კი ეს მტკიცებულება უკანონოდ მოპოვებულად მიიჩნია.
მისი მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ მიუღებელი ხელფასისის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლი, ვინაიდან იგი მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას მოითხოვდა სკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე.
მისი მოსაზრებით, სასამართლოს არ უმსჯელია იმ მტკიცებულებებზე, რომელთა გამოც, თ. გ.-ი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური. საოლქო სასამართლომ, ასევე არასწორად უსაფუძვლოდ მიიჩნია მისი მოთხოვნა ქ. ვაშინგტონში სტაჟირებისათვის განკუთვნილი სტიპენდიის სახით მისაღები თანხების ანაზღაურების შესახებ და არასწორად მიუთითა, რომ აშშ-ს ვიზის გაუქმება გამოწვეული იყო თ. გ.-ის ბრალით, მაშინ, როცა “... ბანკში" მან მუშაობა დაიწყო I.-ის ანკეტის შევსების შემდეგ და ანკეტაში ამ სამსახურზე მითითება შეუძლებელი იყო;
საოლქო სასამართლომ უკანონოდ მიიღო მტკიცებულებად მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არანოტარიზებული წერილი (თარგმანი), მიუხედავად იმისა, რომ მან მოითხოვა ამ წერილის საქმიდან ამორიცხვა, რითაც საოლქო სასამართლომ ამ შემთხვევაში დაარღვია სსკ-ს მე-4, მე-5 მუხლების მოთხოვნები;
კასატორის მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ საპროცესო კოდექსით დადგენილი 5 დღის ნაცვლად მხოლოდ 40 დღის შემდეგ გაუგზავნა მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია სსკ-ს 235-ე მუხლის მოთხოვნა;
საოლქო სასამართლომ 2002წ. 12 მარტს არასწორად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არასწორად მიუთითა, რომ თითქოს მოპასუხე არ იყო მოწვეული სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. ამით იგი წინააღმდეგობაში მოვიდა თავისივე 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან, რომელშიც მიუთითა, რომ მხარეს ეცნობა სხდომის დღე კანონით დადგენილი წესით.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმის განხილვის დღე ჯ. ლ.-სთვის ცნობილი რომ იყო, ეს იმითაც დასტურდება, რომ 2001წ. 10 დეკემბრის წერილით იგი ითხოვს საქმის განხილვის გადადებას 1 თვით, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი ისახავდა მიზნად საქმის განხილვის გაჭინაურებას. ამასთან, 2001წ. 11 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა და სხდომას ესწრებოდა მოპასუხე ორგანიზაციის მენეჯერი ს. თ.-ი, მაგრამ მან უარი განაცხადა საქმეში მონაწილეობაზე.
2002წ. 12 მარტს სასამართლოს სხდომაზე განიხილებოდა მ. ა.-ისა და ლ. ბ.-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ამ სხდომაზე მის მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ ემსჯელა შუამდგომლობაზე, ვინაიდან იგი შემოტანილი იყო არაუფლებამოსილ პირთა მიერ და ბათილად ეცნო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და საერთოდ არ იმსჯელა ამ დოკუმენტების ბათილობაზე. მას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები კანონით დადგენილი ფორმის დარღვევით დადებული გარიგებაა და ისინი საოლქო სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული წერილები: მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის პ. შ.-ს წერილები ა. ი.-სადმი, საქართველოში აშშ ელჩის სახელზე და “... ბანკის" რეგიონალური ადმინისტრატორის წერილი პ. შ.-სადმი არ წარმოადგენს მოპასუხეთა _ აშშ ...-ის სააგენტოს საქართველოს ფილიალისა და ჯ. ა. ლ.-სის წერილებს, ამიტომ ეს წერილები არ ადასტურებენ მოპასუხის მხრივ თ. გ.-ის პიტივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და მოპასუხის მხრივ ამ წერილში მითითებული ცნობების გავრცელების ფაქტს, ამიტომ არ არსებობდა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტი, რის გამოც არ არსებობდა ბოდიშის მოხდის საფუძველი, მით უფრო, რომ სკ-ს მე-18 მუხლი ღონისძიების ამ სახეს არ ითვალისწინებს.
საოლქო სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია თ. გ.-ის მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან მან ნებაყოფლობით დატოვა სამსახური. საოლქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი ვაშინგტონში სტაჟირებისათვის განკუთვნილი და სტიპენდიის სახით მისაღები თანხების ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან აშშ-ში გასამგზავრებელი ვიზის გაუქმება გამოწვეული იყო არა მოპასუხეთა ბრალით, არამედ იმით, რომ მოსარჩელემ ანკეტაში არ შეიტანა სრულყოფილი ინფორმაცია.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. გ.-ის საკასაციო საჩივარში მითითებული არც ერთი გარემოება არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ამიტომ იგი ვერ გახდება მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. მის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები: საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და საოლქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კანონის დარღვევა არ დასტურდება და ამიტომ მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს.
კერძოდ, არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად ჩათვალა მის მიერ წარდგენილი წერილები საქართველოს კონტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით მოპოვებულ წერილებად.
საქმეში მოთავსებული წერილები, მართალია თ. გ.-ის მიერ იქნა წარდგენილი სასამართლო პროცესზე, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგიერთი წერილი მართლაც პირადული ხასიათისაა, ზოგი სამსახურებრივი ხასიათისაა, რომელიც ასახავს აშშ ...-ის სააგენტოს ფილიალის ხელმძღვანელის მოსაზრებას და ე.წ. ანგარიშს ხელმძღვანელობის წინაშე სააგენტოში შექმნილი მდგომარეობის, უსაფრთხოების ზომებისა და თ. გ.-ის მიმართ. აღნიშნული წერილები ტექნიკური საშუალებებით გავრცელებული და მიღებული შეტყობინებებია, რომლებიც მხოლოდ ადრესატისთვისაა გამიზნული და აქედან გამომდინარე _ კონფიდენციალურია.
აღნიშინული წერილები თ. გ.-მა მოიპოვა და სასამართლოს წარუდგინა ადრესატების ნებართვის გარეშე, ამიტომ საოლქო სასამართლომ ისინი მტკიცებულებად არ მიიღო და სწორად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე. ამ ნორმის შესაბამისად ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე, ტექნიკური საშულებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშე, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
ადამინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლის შესაბამისად არ შეიძლება თვითნებური ხელყოფა პირის კორესპონდენციის საიდუმლოებებისა.
“ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის შესახებ" ევროპის კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ყოველ ადამიანს უფლება აქვს, პატივი სცენ მისი კორესპოდენციის საიდუმლოებას.
საქართველოს კონსტიუტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ საქართველოს კონსტიტიუციის დარღვევით მოპოვებული ზემოთ მითითებული წერილები სწორად ჩათვალა კანონის დარღვევით მოპოვებულად და სსკ-ს 103-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სწორად მიიჩინა იურიდიული ძალის არმქონედ და სწორედ არ დაუდო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას.
არასწორია კასტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი, ისევე როგორც ევროკონვენციის მე-9 მუხლი გამოიყენება, როდესაც საუბარია ინდივიდის დაცვაზე სახელმწიფოსაგან და არა ერთი კერძო პირის მოქმედებისას მეორე კერძო პირის მიმართ.
“მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის" მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად არავინ შეიძლება განიცდიდეს პირად და საჯარო ცხოვრებაში თვითნებურ ჩარევას, საცხოვრებლისა და კორესპოდენციის კანონსაწინააღმდეგო ხელყოფას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ყველას აქვს უფლება კანონის მხრიდან დაცვაზე ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.
“ადამიანის უფლებითა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის" მე-8 მუხლი ასევე ორი პუნქტისაგან შედგება.
პირველი პუნქტში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საუბარია იმაზე, რომ ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს თავისი პირადი და საოჯახო ცხოვრების, სახელისა და მიმოწერის პატივისცემა, ხოლო მეორე პუნქტში საუბარია იმაზე, თუ რა შემთხვევაში ჩაერევა საჯარო ხელისუფლება ამ უფლების განხორციელებაში. ამ პუნქტში მითითებულია, რომ საჯარო ხელისუფლება არ ჩაერევა ამ უფლების განხორციელბაში იმ შემთხვევის გარდა, როცა კანონის შესაბამისად ეს დასაშვებია და როცა ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არეულობის ან სისხლის სამართლის დანაშაულის აღკვეთისათვის, ჯანმრთელობისა და მორალის ან სხვების უფლებებისა და თავისუფლებისათვის. აქედან გამომდინარე, კორესპოდენციის კანონსაწინააღმდეგო ხელყოფას შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც სახელმწიფო ხელისუფლებისაგან, ისე _ ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან. კონვენციის წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება მიიღონ საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სასამართლო ზომები ასეთი ჩარევისა და ხელყოფის აღსაკვეთად და შესაბამისი უფლებების ეფექტური უზრუნველყოფისათვის. ამ ნორმათა შესაბამისად დაუშვებელია, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ისე _ თვითნებური ხელყოფა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩარევა შეიძლება იყოს კანონიერი მაგრამ, თვითნებური, რაც ასევე დაუშვებელია.
სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ მიიღოს ზომები იმისათვის, რათა პირადი კორესპოდენცია არ იყოს ხელმისაწვდომი იმათთვის, ვინც არ არის უფლებამოსილი კანონით მის მოპოვებაზე. სწორედ ამის გამოხატულებას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლიც, რომლის დაცვაც მოცემულ შემეთხვევაში ზემოთ მითითებულ კონკრეტულ საქმეზე მოხდა საოლქო სასამართლოს მიერ.
ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს საოლქო სასამართლომ კანონდარღვევით მოპოვებულად ჩათვალა მოპასუხის მიერ პირადად წარმოდგენილი წერილიც, რომ ამ შემთხვევაში საოლქო სასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილებას, ვინაიდან თავისი ინციატივით კანონდარღვევით მოპოვებულად ცნო აღნიშნული წერილი. ასევე არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს ამ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების, 105-ე მუხლისა და 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მოთავსებული წერილები მართლაც ჯ. ა. ლ.-სა და თ. გ.-ის წერილებია, მაგრამ ისინი, ჯერ ერთი, არ შეიცავენ პიროვნების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციას და მეორეც, ეს წერილებიც იმავე წესითაა ამოღებული თ. გ.-ის მიერ აშშ ...-ის სააგენტოს ოფისიდან და წარმოდგენილი სასამართლოში, როგორც _ დანარჩენი სხვა წერილები, ამიტომ საოლქო სასამართლომ ზემოთ მითითებულ წერილებთან ერთად საქმის ამ გვერდებზე მოთავსებული წერილებიც კანონის დარღვევით მოპოვებულად მიიჩნია და სწორად არ გამოიყენა მტკიცებულებად, თუმცა მათ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა საქმის გადაწყვეტილებისათვის, ვინაიდან ისინი არ შეიცავენ პიროვნების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს. ამ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს არც ერთი მხარისათვის არ მიუკუთვნებია ის, რაც მას არ უთხოვია. იგი არ გასცდენია სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებს, არ დაურღვევია დისპოზიციურობის, შეჯიბრობითობის და არც მართლმსაჯულების განხორცილების სამართლებრივი პრინციპები პირთა თანასწორუფლებიანობის შესახებ. სასამართლოს ასევე არ დაურღვეია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნაც, ვინადიან ამ მუხლის შესაბამისად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, რის შემდეგაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სკ-ს 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვს.
მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ირგვლივ სასამართლო სხდომაზე ჩატარებულ ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად შინაგანი რწმენის საფუძველზე მივიდა რა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები მოპოვებული იყო კანონის დარღვევით, სწორად არ მიიღო ისინი, სწორად მიუთითა, რომ ისინი საფუძვლად ვერ დაედებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან კანონის დარღვევით იყო მოპოვებული.
სსკ-ს 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებეს იურიდიული ძალა არა აქვს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს არ დაურღვევია სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნაც, ვინაიდან გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჩამოყალიბებეულია კანონის შესაბამისად. მასში აღნიშნულია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდა კრებებსა და საჯარო შეხვედრებზე მოპასუხის მიერ მოსარჩელის რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტს და ამით დაარღვია სსკ-ს 105-ე, მე-4, მე-5 დას 249-ე მუხლების მოთხოვნები.
კასატორის მიერ მითითებულ მე-3 ტომის 331-336-ე და 341-360-ე ფურცლებზე მართლაც არის მოთავსებული მოწმე მაღრაძის განმარტება, სადაც იგი მიუთითებს, რომ, მისი მოსაზრებით, ორგანიზაციაში საგადასახადო სამსახური შემოწმებაზე შესული იყო თ. გ.-ის საჩივრის გამო; მოწმე თ. მ.-ის განმარტება, სადაც იგი მიუთითებს, რომ მან გაიგო მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არსებული ცუდი ურთიერთობის შესახებ, გადაწყვიტა მოესმინა მათთვის, შევიდა ჯ. ა. ლ.-სთან და სთხოვა, განემარტა მისთვის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი. ჯ. ა. ლ.-მ აჩვენა წერილები და წაუკითხა რამდენიმე ეპიზოდი მუქარის წერილიდან. მან შემდეგ დაურეკა თ.გ.-ს. შეეცადა მედიატორის როლი შეესრულებინა, მაგრამ მისი ცდა არ გამართლდა. ჯ.ლ.-ს სურდა მორიგება, მაგრამ თ.გ.-ი არ დათანხმდა; მოწმე გ.კ.-ის განმარტება, რომელიც მიუთითებს, რომ კონტროლის პალატის შემოსვლა ჯ. ა. ლ.-სმა თ.გ.-ის საჩივარს დააბრალა. ასევე მიუთითებს, რომ ჯ.ლ.-სი ინგლისურ ენაზე ესაუბრებოდა სათვალეებიან დ.-ს (მან ინგლისური არ იცის და თარჯიმნით სარგებლობდა, ჯ.ლ.-მ შეკითხვაზე, მართალია, რომ თ. გ.-მ დაწვა ოფისი, არაფერი უპასუხა; მოწმე ლ.კ.-ის განმარტება, რომელიც საბუღალტრო საქმიანობაზე ფირმაში შემდგომი საქმიანობის საკითხებს ეხება; მოწმე თ.მოსერაძის განმარტება, რომელიც აღნიშნავს, რომ არც ერთ შეკრებებზე ჯ.ლ.-ს თ.გ.-ის წინააღმდეგ პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები არ გაუვრცელებია; მოწმე მ. მ.-ის განმარტება რომელშიც მითითებულია, რომ ჯ. ა. ლ.-ს არ იცნობს; დ. ბ.-ის განმარტება, სადაც ის მიუთითებს, რომ ჯ.ლ.-მ თქვა, რომ საგადასახადო სამსახური გამოგზავნა თ. გ.-მ. “ჩვენ სუფთები ვართ და თქვენ ნუ შეგეშინდებათ. ვრწმუნდები რომ ხანძარი თ.გ.-მ გააჩინა”, - განაცხადა მასთან პირად საუბარში ჯ.ლ.-მ, ხოლო ს.ფ. 388-ზე არც ერთი მოწმის განმარტება არ არის განთავსებული. მართალია, საოლქო სასამართლოს ზემოთ მითითებულ მოწმეთა განმარტებები არ შეუფასებია და ამ განმარტებებმა ვერც ასახვა ვერ პოვეს ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, მაგრამ ეს გარემოება არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რადგან საქმეში არსებულ მოწმეთა განმარტებებს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა მოცემული სარჩელის გადაწყვეტისათვის. მოწმეთა მითითებული ზოგიერთი განმარტება საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავს, ხოლო ნაწილი კი მოწმეთა მიერ მოძიებულია საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა თუ მხარეთა შორის წამოჭრილი მოუგვარებელი პრობლემების მოგვარების მიზნით და აქედან გამომდინარე, არავითარი საერთო არა აქვს პიროვნების პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებასთან.
მართალია, სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს, მაგრამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საოლქო სასამართლოს მიერ იმის მიუთითებლობა, თუ რატომ არ მიიჩნია ზემოაღნიშნულ მოწმეთა განმარტებები საოლქო სასამართლომ თ.გ.-ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებად, რატომ არ უარყო ისინი, ვერ გახდება ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან მითითებული ნორმის შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით შეიძლება მოხდეს იმ მტკიცებულებების უარყოფა, რომელიც ამტკიცებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარკვეულ გარემოებებს, ხოლო მოწმეთა ჩვენებები, რომელიც არ ამტკიცებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით უარყოფას არ საჭიროებს. მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებულ მოწმეთა ჩვენებების უარყოფა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით საჭირო არ იყო, ვინაიდან ეს ჩვენებები არ შეიცავდა ისეთ გარემოებებს, რომელიც მოპასუხეთა მხრივ მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობების გავრცელებას დაადასტურებდა.
როგორც აღინიშნა, ზემოთ მითითებულ მოწმეთა განმარტებები მოპოვებულია საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების თუ მხარეთა შორის წამოჭრილი მოუგვარებელი პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით და საერთო არა აქვს რა პიროვნების პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებასთან.
ანალოგიური უნდა ითქვას კასატორის იმ მოსაზრებაზეც, სადაც იგი მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა და არ იმსჯელა თბილისის საოლქო სასამართლოს სახელზე გამოგზავნილ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ პ. შ.-ს წერილობითი ჩვენების ირგვლივ.
მართალია, პ. შ.-ი თავის განმარტებაში მიუთითებს, რომ იგი ესაუბრა ე. ი.-ს, რომელმაც უთხრა, რომ სჯეროდა ჯ. ა. ლ.-ს მიერ გავრცელებული ბრალდებების, მას სჯეროდა, რომ თეა შეიშალა, მაგრამ აღნიშნული არ გამომდინარეობდა პირველწყარო ჯ. ა. ლ.-საგან. აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლოს მოწმის მითითებული წერილობითი განმარტება არ შეეძლო გამოეყენებინა არც მოპასუხის და არც მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, ამიტომ, ცხადია, ეს მტკიცებულება, როგორც საქმის გარემოებებისათვის მნიშვნელობის არმქონე, არ უნდა ასახულიყო საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რადგან იგი უარყოფას არ საჭიროებდა.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ იმ თვალსაზრისით, რომ საოლქო სასამართლომ თითქოს სათანადოდ არ შეაფასა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრიდან გამოთხოვილი მასალები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მართალია, არ შეაფასა ზემოთ მითითებული მასალა, მაგრამ არც უნდა შეეფასებინა.
აღნიშნული მასალით ირკვევა, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის თანამდებობრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომიტირებელ ცნობებს არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ და უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ, რაც მათ მიერ შესრულებულ იქნა. ანტიტერორისტულ ცენტრში თ.გ.-ის წინააღმდეგ მასალები ფიზიკურად არ არსებობდა – ისინი განადგურებული იყო. განადგურებული იყო ცნობა აშშ-ს საელჩოდან, ცნობა თ.გ-სთან საუბრის შესახებ, ცნობა თ.გ.-ის შესახებ და წერილი ს.ნოზაძეს თ.გ-ს მასალების გადაგზავნის შესახებ.
არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, თითქოს საოლქო სასამართლომ, როცა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების მოწმედ მოწვევის შესახებ, დაარღვია სსკ-ს 222-ე, 105-ე, მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნები.
სსკ-ს 222-ე მუხლით მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიურ სასამართლოს თავმჯდომარეს და მის ნებისმიერ წევრს, უფლება აქვთ, მხარეს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამოკვლევას. როგორც ნორმის შინაარსიდან ნათლად ჩანს, მას არაფერი აქვს საერთო მოწმეთა მოწვევის შესახებ მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან და ცხადია, იგი ვერ დაარღვევდა ზემოთ მითითებულ საპროცესო ნორმის მოთხოვნას. ასევე ცხადია, მოწმის სახით მათი მოუწვევლობა არ შეიძლება გახდეს სსკ-ს 105-ე, მე-4 და მე-5 მუხლის დარღვევის საფუძველი.
სსკ-ს 140-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია, უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებდნენ მას, არა აქვს რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ თავისი 2001წ. 21 ნოემბრის განჩინებით სწორად უთხრა უარი მოსარჩელის შუამდგომლობას საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების და გ.-ის მოწმის სახით გამოძახების შესახებ დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მათ განმარტებას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორი არასწორად აფასებს საოლქო სასამართლოს მითითებას მოპასუხისადმი მუქარის წერილების მიწერის შესახებ და არასწორად უთითებს, რომ თითქოს საქმის ზოგიერთ გვერდებზე განთავსებული დოკუმენტები არ არის მუქარის წერილები და რომ თითქოს განთავსებული მისი წერილი სულაც არ შეიცავს მუქარას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში მოთავსებული წერილები აშკარა მუქარის წერილებია, ხოლო საქმის ამ გვერდებზე მოთავსებული დოკუმენტები არ არის მუქარის წერილები, მაგრამ ისინი მუქარის წერილების თანმხლები დოკუმენტებია. პირველი _ თ. დ.-ის წერილია, რომელიც ადასტურებს მისთვის თ.გ.-ის მიერ ჯ. ა. ლ.-სათვის გადასაცემად გადაცემული წერილის ფაქტს, ხოლო მეორე _ კოლეგიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათია. პირველ წერილს მუქარის წერილებთან აშკარა შეხება აქვს და იგი საოლქო სასამართლომ სწორად მოიხსენია მუქარის წერილთა შორის. მართალია, კოლეგიის თავმჯდომარის მოხსენებით ბარათს არავითარი შეხება არა აქვს მუქარის წერილებთან და იგი არასწორადაა საოლქო სასამართლოს მიერ მოხსენებული მუქარის წერილად, მაგრამ განთავსებულია ინფორმაცია მუქარის წერილის შესახებ (მითითებულ წერილზე ნუმერაცია “159" 156-ადაც იკითხება).
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს საქმეში განთავსებულ დოკუმენტს არაფერი აქვს საერთო მუქარასთან, მაშინ, როცა ამ წერილში ჯ. ა. ლ.-ი მიუთითებს, რომ იგი ეწვია უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელს, რომელსაც სურდა, ბრალდება წაეყენებინა და დაეპატიმრებინა იგი (თ.), მაგრამ მათ დაარწმუნეს, რომ ამ ეტაპზე მათ მხოლოდ უნდოდათ გამოეძახებინათ იგი და გაეფრთხილებინათ. ეხლა ელოდებიან, თუ გაჭრის ეს. მათ ასევე დაიქირავეს დაცვის ორი თანამშრომელი. წერილის ავტორი მწუხარებას გამოთქვამს გადასახადებთან და ხანძართან შექმნილ ვითარებაზე და ამ ინციდენტით გამოწვეულ პრობლემებზე. აღნიშნული წერილი საოლქო სასამართლომ სწორად შეაფასა ჯ. ა. ლ.-ს მიერ გაგზავნილი არაერთ წერილების გამოხმაურებად და შექმნილი მდგომარეობის გამო ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ ინფორმაციად, რომელიც დაკავშირებული იყო მუქარის წერილებთან და სააგენტოში შექმნილ საერთო მდგომარეობასთან.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს საოლქო სასამართლომ სათანადო გამოკვლევის გარეშე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. დ.-მ იცოდა მუქარის წერილის შინაარსი, არ გამოიძახა და არ დაკითხა იგი, მაშინ, როცა დაკითხვით ნათელი გახდებოდა, რომ დ.-ე არ გასცნობია მის მიერ ჯ. ა. ლ.-სადმი გაგზავნილი წერილის შინაარსს და თავისთავად დადგინდებოდა ს.თამაზიანის განმარტების უსწორობაც იმის შესახებ, რომ თითქოს დ.-ე გაეცნო თ.გ.-ის წერილის შინაარს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს დ.-ე იცნობდა თუ არა თ.გ.-ის მიერ ჯ. ა. ლ.-სათვის გადასაცემი მუქარის წერილის შინაარსს ან საერთოდ ეს წერილი შეიცავდა თუ არა მუქარას, მას გაეცნო ვინმე თუ არა, ეს წერილი თავისთავად არ ადასტურებს მოსარჩელის წინააღმდეგ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების ჯ. ა. ლ.-სის მიერ გავრცელებას. საქმე აღძრულია არა ჯ. ა. ლ.-ს მიერ მუქარის ფაქტებზე, არამედ თ.გ.-ის მიერ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტზე. თ. გ.-ის მიერ დ.-ის საშუალებით ჯ. ა. ლ.-სადმი გაგზავნილი, წარმოდგენილი წერილი და ჯ. ა. ლ.-ს მიერ მიღებული წერილი თუნდაც ერთი და იგივე ან სხვადასხვა იყოს, გინდ შეიცავდეს მუქარას და გინდ – არა, საქმისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯ. ა. ლ.-ი საუბრობს მასთან შესულ მუქარის წერილზე, რომელიც გადასცეს თ.გ.-ის სახელით, მაგრამ წინამდებარე საქმე მას არ აღუძრავს თ.გ.-ის წინააღმდეგ მუქარის ან პიროვნების პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფის ფაქტზე. საქმე აღძრულია თ.გ.-ის სარჩელით მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფის ფაქტზე, ამიტომ ჯ. ა. ლ.-სისადმი გაგზავნილი წერილი შინაარსის მიუხედავად თ. გ.-ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის ხელმყოფელი ცხადია ვერ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ის გარემოება, რომ სასამართლომ არ გამოიძახა და მოწმის სახით არ დაკითხა თ. დ.-ე არ წარმოადგენს სკ-ს 222-ე, 105-ე და 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნით დარღვევას.
არასწორია კასატორის მორსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს საოლქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ტექნიკური საშუალებით შესრულებულ პირადი ხასიათის მიმოწერად მსოფლიო ბანკის აღმსრულებელი დირექტორის, პ. შ.-ის წერილები ა. ი.-სადმი, საქართევლოში აშშ-ს ელჩის სახელზე და “... ბანკის" ადმინისტრატორის წერილი პ. შ.-სადმი და არასწორად მიუთითა, რომ თითქოს ეს წერილები არ ადასტურებენ მოპასუხის მიერ მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული წერილები მართლაც არ ადასტურებენ ჯ. ა. ლ.-ს მიერ მოსარჩელის წინააღმდეგ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას. პ. შ.-ს წერილებში საუბარია თ.გ.-ის შესახებ სხვა პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თაობაზე, რომელსაც რატომღაც თვით პიტერ შ.-ი ავრცელებს. მისი წერილები ვერ გამოდგება ჯ. ა. ლ.-ს წინააღმდეგ ამ უკანასკნელის მიერ თ.გ.-ის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების მტკიცებულებად, ვინაიდან პ. შ.-ს თ.გ.-ის შესახებ ინფორმაცია თვით ჯ. ა. ლ.-სისაგან არ მიუღია. ა. ი.-ი კი უარყოფს შ.-სადმი თ.გ.-თან მიმართებაში ისეთი სახის ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას ზიანს მიაყენებდა. იგი პ. შ.-ის მიერ საზოგადოებისადმი თ. გ.-ის შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას ცრუ ინფორმაციას უწოდებს. აქედან გამომდინარე, ცხადია, პ. შ.-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თ.გ.-ის შესახებ ვერ გახდებოდა ჯ. ა. ლ.-ის წინააღმდეგ თ.გ.-ის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებისათვის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, თუ რომელი წერილი მიიჩნია საოლქო სასამართლომ მხარეებს შორის მდგომარეობის დაძაბვის საფუძვლად _ 1999წ. 21-22 ივლისის წერილები, რომლითაც თ.გ.-ი ჯ. ა. ლ.-ს გვერდის ავლით ცდილობს ა. ი.-სთან კონტაქტის დამყარებას და არაკორექტულად მოიხსენიებს მის უშუალო ხელმძღვანელ ჯ. ა. ლ.-ს, თუ 2000წ. 11 მაისის წერილი, რომელიც შეიცავს ჯ. ა. ლ.-სა და ჰოტმეილს შორის მიმოწერას, შეურაცხმყოფელი და მუქარის წერილების გამო იმეილის დახურვის თაობაზე, თუ საფინანსო საქმიანობამ, რომლის გამოც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ვითარებას არავითარი საერთო არა აქვს სარჩელის საგანთან მორალური ზიანის არსებობა _ არარსებობასთან.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება საოლქო სასამართლოს მხრივ თ.გ.-ის მიმართ ჯ. ა. ლ.-ს მიერ დადებითად დახასიათების შესახებ შეფასების თვალსაზრისითაც. თ. გ.-ის საოლქო სასამართლოსეული შეფასება ჯ. ა. ლ.-ს მიერ თ.გ.-ის დადებითად დახასიათების თაობის ფონზე, როცა ჯ. ა. ლ.-ი მ. და ჯ. ჰ.-ებისადმი გაგზავნილ წერილში თ.გ.-ს შეშლილად და დაცენტრილად მოიხსენიებს, არაობიექტურად მიაჩნია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯ. ა. ლ.-სის წერილი ჯ. და მ. ჰ.-ებისადმი კონფიდენციალური ხასიათის წერილია, იგი მოპოვებულია უკანონო გზით და მტკიცებულებით ხასიათს არ ატარებს. ამიტომაც ამ წერილის შინაარსი სწორად არ გახადა მსჯელობის საგნად საოლქო სასამართლომ. რაც შეეხება ჯ. ა. ლ.-ს მიერ თ.გ.-ის დადებითად დახასიათების შესახებ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს და სასამართლოც უფლებამოსილი იყო, ემსჯელა მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის შესახებ.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლოს მიუღებელი ხელფასის შესახებ უნდა ემსჯელა არა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის, არამედ _ სკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად.
სკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ _ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად, რომ შესრულებულიყო.
სკ-ს 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მუშაკის ინიციატივით. ადგილი არ ჰქონია დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას და არც კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევას. აქედან გამომდინარე, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა, თუნდაც სკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე, უსაფუძვლოა, ამიტომაც საოლქო სასამართლომ, მხარე მოითხოვდა რა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას, შრომით კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლოს არ უმსჯელია იმ მტკიცებულებაზე, რომლის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამუშაო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლო მოცემული საქმის განხილვის დროს ვერ იმსჯელებდა თ.გ.-ის მიერ სამსახურის დატოვების კანონიერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას სარჩელი არ ჰქონდა წარდგენილი სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის შესახებ. აქედან გამომდინარე, ცხადია საოლქო სასამართლო ვერ გასცდებოდა სარჩელის ფარგლებს და ვერ გამოიკვლევდა იმ საკითხებს, რომლის გამოკვლევაც სარჩელით არ იყო მოთხოვნილი.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს საოლქო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა მას უარი აშშ-ში სტაჟირებისათვის განკუთვნილი სტიპენდიის ანაზღაურების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აშშ-ში სტაჟირებისათვის განკუთვნილი სტიპენდია თ. გ.-ს მიეცემოდა აშშ-ში გამგზავრების შემთხვევაში. ვინაიდან აშშ-ს საელჩომ გააუქმა მისი ვიზა, ცხადია არ მოხდა აშშ-ში მისი სტაჟირების მიზნით გამგზავრებაც, რაც თავისთავად სტიპენდიის ანაზღაურების უარის თქმის საფუძველსაც წარმოადგენდა.
აშშ-ს ვიზის გაუქმება კი განაპირობა თვით თ.გ.-ის მიერ ანკეტაში არასწორი მონაცემების შეტანამ, კერძოდ, იმან, რომ მან ანკეტაში არ აჩვენა “... ბანკში" და აშშ ...-ის სააგენტოში მუშაობა.
თ.გ.-ი მიუთითებს, რომ “... ბანკში" მან მუშაობა დაიწყო ანკეტის შევსების შემდეგ, ამიტომ ანკეტაში ვერ მიუთითებდა “... ბანკში" მუშაობაზე, მაგრამ აშშ ...-ის სააგენტოში მუშაობის ფაქტის შეგნებულად დამალვას აღიარებს, რაც თავის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ მან მართლაც შეგნებულად არ აჩვენა სწორი მონაცემები ანკეტაში თავისი სამსახურის შესახებ, რაც საელჩოს მიერ სიყალბედ იქნა მიჩნეული და ვიზის გაუქმების საფუძველი გახდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, შეუძლებელია სტაჟირებისათვის განკუთვნილი სტიპენდიის მიცემის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან სტაჟირება მისივე ბრალით არ შედგა.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს მე-4 მე-5 მუხლების მოთხოვნები, როცა მიიღო მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არანოტარიზირებული წერილი, მაშინ, როცა მის მიერ წარდგენილი ამგვარი სახის წერილი არ მიიღო.
მოპასუხეთა მიერ წარდგენილი არანოტარიზირებული წერილი წარმოადგენს ჯ. ა. ლ.-ს წერილის თარგმანს იმის შესახებ, რომ მის ადვოკატ მ. ა.-ს 2001წ. 24 დეკემბერს გაცემული მინდობილობით გადაცემული აქვს სრული უფლებამოსილება მისი სახელით საქმეში მონაწილეობის შესახებ. მართალია, ამ წერილის თარგმანი არ არის დამტკიცებული ნოტარიუსის მიერ, მაგრამ საქმეს ერთვის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, გაცემული ჯ. ა. ლ.-ის მიერ მ. ა.-ზე მისი საქმეების წარმოების შესახებ. აღნიშნული წერილი არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს და მას საქმისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
მართალია, თ.გ.-მ მოითხოვა ამ განცხადების საქმიდან ამოღება, რომელიც სასამართლომ არ განიხილა, მაგრამ მითითებული საპროცესო დარღვევა არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საპროცესო სამართლებრივი ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებულ საპროცესო ნორმის დარღვევას არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია.
კასატორი მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლომ 2002წ. 12 აპრილს არ მიიღო მისი ამგვარი სახის წერილი ჯ. ა. ლ.-სადმი (მიუთითებს 2002წ. 12 აპრილის სხდომის ოქმს). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ დღეს საქმეში სხდომის ჩატარება საერთოდ არ არის დაფიქსირებული.
მართალია, საოლქო სასამართლომ 2001წ. 11 დეკემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იგი მხარეებს ჩაბარდა 2001წ. 21 და 25 დეკემბერს, ანუ 10 და 14 დღის შემდეგ, მაგრამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მისი გასაჩივრება შეიძლებოდა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მართალია, სსკ-ს 235-ე მუხლის შესაბამისად იგი გამოუცხადებელ მხარეს უნდა გადაეცეს 5 დღის განმავლობაში, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საოლქო სასამართლომ 2001წ. 11 დეკემბერს გამოაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის უფლებაც ჰქონდა სსკ-ს 257-ე მუხლის თანახმად. სასამართლომ იქვე განუმარტა მხარეებს მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი. სსკ-ს 257-ე მუხლის შესაბამისად კი განსაკუთრებით რთული საქმეების მიმართ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადება შეიძლება გადაიდოს 14 დღის ვადით, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამოცხადდეს იმავე სხდომაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების დროს დარღვეული არ არის კანონის მოთხოვნა.
მართალია, ჯ. ა. ლ.-ის წარმომადგენელმა მ. ა.-მ აშშ ...-ის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ადმინისტრატორს ნ. უ.-ს 2002წ. 29 იანვარს გადასცა 2001წ. 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ ამას საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან გადაწყვეტილება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირზე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან და მოცემულ შემთხვევაში ჯ.ლ.-ს წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 6 დღის ვადაში წარმოადგინეს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს საოლქო სასამართლომ არასწორად გააუქმა მისივე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საოლქო სასამართლომ 2002წ. 12 მარტის საოქმო განჩინებით გააუქმა 2001წ. 11 დეკემბრის თავისი დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ მხარეები სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად არ იყვნენ მოწვეულნი სხდომაზე.
სსკ-ს 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის შესაბამისად უწყება სხვა რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის “ბ” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეს უწყება კანონით დადგენილი წესით არ გადაგზავნია. ჯ. ა. ლ.-ი არ ყოფილა მიწვეული დადგენილი წესით სასამართლო სხდომაზე, ამიტომ მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო, ვინაიდან ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული პირობა სსკ-ს 241-ე მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, მხარემ იცოდა სხდომის დღის შესახებ თუ არა.
სასამართლო სხდომაზე 2001წ. 11 დეკემბერს მენეჯერ ს. თ.-ის ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ მხარემ უარი განაცხადა საქმეში მონაწილეობაზე. დადგენილია, რომ ს. თ.-ს არ გააჩნდა სათანადო რწმუნება არც ჯ. ა. ლ.-ს და არც აშშ ...-ის სააგენტოს წარმომადგენლობის შესახებ, ამასთან, ამ სხდომაზე მან წარმოადგინა ჯ. ა. ლ.-სის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე ადვოკატებთან შექმნილი სირთულეების გამო. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულიც იყო, გადაედო საქმის განხილვა, ვინაიდან მხარის შუამდგომლობიდან აშკარად ჩანდა, რომ მას ინტერესი არ დაუკარგავს მოცემული საქმისადმი. იგი სარჩელს არ ცნობდა და მოითხოვდა საქმის არსებით განხილვას მისი წარომადგენლების მონაწილეობით.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2002წ. 12 მარტს სასამართლო სხდომაზე მ. ა.-ისა და ლ. ბ.-ის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვისას სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა წარმომადგენლობით, უფლებამოსილების ბათილად ცნობის შესახებ.
სსკ-ს 210-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. სასამართლო დარწმუნდება რა წარმომადგენელთა უფლებამოსილების ნამდვილობაში, დაუშვებს მათ სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილობის მოთხოვნა თავისთავად ნიშნავს ახალ სარჩელს, რადგან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დავალების ხელშეკრულებაა. ხელშეკრულების ბათილობა კი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნაა, რაც ცალკე დავის საგანს წარმოადგენს და ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ სასარჩელო წარმოების წესით.
სსკ-ს 177-ე მუხლის შესაბამისად საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით. სარჩელი კი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და პასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
ვინაიდან დავალების ხელშეკრულების ბათილობის შესახებ არ არსებობდა სარჩელი, მისი ბათილობის საკითხს, ცხადია, სასამართლო ვერ განიხილავდა და ამიტომაც იგი შემოიფარგლა მხოლოდ საოქმო განჩინების მიღებით, რომლითაც შუამდგომლობას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დოკუმენტების ბათილად ცნობის შესახებ, ეთქვა უარი. უარის თქმის მოტივად კი სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც მიეთითა, რომ აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა კოლეგიის განსჯადს, ვინაიდან არ არსებობდა სარჩელი და ამასთან სარჩელის არსებობის შემთხვევაში იგი შეიძლება ადმინისტრაციული წესით განსჯადი ყოფილიყო, ვინაიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ლეგალიზებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
საკასაციო სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე საოლქო სასამართლოს 2000წ. 8, 14 და 26 დეკემბრის განჩინებების გაუქმების თაობაზე.
ამ განჩინებებით უარი ეთქვა მოსარჩელის მოთხოვნებს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აშშ ...-ის სააგენტოს და ჯ. ა. ლ.-ს ქონებაზე და ანგარიშგებაზე ყადაღის დადების და ჯ. ა. ლ.-სათვის საქართველოდან გამგზავრების აკრძალვის თაობაზე. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების განხორციელება მიზანშეუწონელი იყო იმიტომ, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა სარჩელის გაუმართლებლობის შემთხვევაში ყადაღის დადების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალება, ხოლო საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვა გაუმართლებელი იყო.
სსკ-ს 199-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
ვინაიდან სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ყადაღის დადებით მიყენებული მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელეს სათანადო უზრუნველყოფა არ წარმოუდგენია, პირიქით, მას სარჩელის წარდგენისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალებაც კი არ გააჩნდა, საოლქო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობები სარჩელის უზრუველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ჯ. ა. ლ.-სისადმი სარჩელის უზრუნველყოფის სახით საქართველოს ტერიტორიის ფარგლების დატოვების აკრძალვის შეფარდება უკანონო იქნებოდა.
სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მოპასუხისათვის საცხოვრებელი ან სამყოფელი ადგილიდან გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევა, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიის დატოვება. გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევაში ისიც იგულისხმება, რომ გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევის უფლების მქონის ნებართვით პირს შეუძლია, დატოვოს საცხოვრებელი და სამყოფელი და ეს სრულიად არ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიიდან გამგზავრების აკრძალვას, ამასთან “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის" მეოთხე ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ყველას აქვს ნებისმიერი ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლება საკუთარი ქვეყნის ჩათვლით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად აღნიშნულ უფლებაზე არ შეიძლება დაწესდეს რაიმე შეზღუდვა გარდა ისეთისა, რომელიც შეესაბამება კანონს და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების, დანაშაულის აღმოფხვრის, ჯანმრთელობის ან მორალის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
მოცემულ შემთხვევაში ჯ. ა. ლ.-სისათვის ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დაუშვებელი და გაუმართლებელი იყო, ვინაიდან საქართველოდან მის გამგზავრებას არ შეეძლო, ხელი შეეშალა და არც შეუშლია მის ან აშშ ...-ის სააგენტოს საქართველოს ფილიალის წინააღმდეგ აღძრული სამოქალაქო საქმის განხილვისათვის.
ასევე არასწორია კასატორის საჩივარი და მოთხოვნა საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის განჩინების უკანონოდ მიჩნევისა და გაუქმების შესახებ.
მითითებული განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
სსკ-ს 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკითხს საჩივრის მიღების შესახებ წყვეტს მხარისათვის შეუტყობინებლად.
მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ შემოსული საჩივარი, რომელიც აკმაყოფილებდა ამავე კოდექსის 238-ე, 237-ე და 236-ე მუხლების მოთხოვნებს 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეუტყობინებლად მიიღო წარმოებაში.
ამ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს კანონის მოთხოვნა არ დაურღვევია და მითითებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ასევე არ არსებობს საოლქო სასამართლოს 2002წ. 14 მაისის განჩინების გაუქმების საფუძველი ამავე სასამართლოს 2002წ. 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების განჩინების გადასინჯვაზე უარის თქმის შესახებ.
მითითებული განჩინება საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულია 2002წ. 14 მაისს და არა _ 13 ივნისს. საოლქო სასამართლომ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა იმაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების გადასინჯვის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
სსკ-ს 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მართალია, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა და აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინება შეიძლება იყოს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი, მაგრამ თვით მხარის მოთხოვნა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების განჩინების გადასინჯვის შესახებ არ თავსდება საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში.
განჩინების გადასინჯვის ინსტიტუტს საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს და აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ 2002წ. 14 მაისის განჩინებით სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ამავე სასამართლოს 2002წ. 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა, ხოლო საქმის განხილვის დროს დაშვებული საპროცესო ნორმების დარღვევა, რომელიც აღნიშნულია წინამდებარე განჩინებაში, იმდენად უმნიშვნელოა, რომ იგი არ შეიძლება საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს, ვინაიდან მას არ გამოუწვევია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 47-ე მუხლის საფუძველზე კასატორის განთავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან შესაძლებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება, 2000წ. 8, 14, 26 დეკემბრის, 2001წ. 21 ნოემბრის, 2002წ. 15 იანვრის, 12 მარტისა და 14 მაისის განჩინებები.
თ. გ.-ი განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.