საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №332აპ-24 თბილისი
ა. ე., 332აპ-24 22 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ე. ა-ი, ----, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 23 მარტიდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე. ა-ს შეფარდებული სასჯელის მოხდა გამოჯანმრთელებამდე განესაზღვრა შპს „აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი), რის შემდეგაც, სასჯელის მოხდას გააგრძელებს საერთო წესით.
2. განაჩენის მიხედვით, ე. ა-ს მსჯავრად დაედო განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგით: ---- სადარბაზოს ლიფტის კაბინაში ე. ა-მა, განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მჭრელი საგნის გამოყენებით, რ. ბ-ეს სხეულის სხვადასხვა ადგილას, დაახლოებით, 60-მდე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც, სხეულზე მიასხა აალებადი ნივთიერება და ცეცხლი წაუკიდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ლევან ჟორჟოლაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ე. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ლევან ჟორჟოლაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული ე. ა-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელთან მიმართებით მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ე. ა-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
9. სააპელაციო პალატამ ე. ა-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
10. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე