Facebook Twitter

¹ 3კ/1192-01 6 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: შპს-ში პარტნიორად აღდგენა.

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა: ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 7 აგვისტოს გ. ფ-იამ შპს “ს.-ს” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999 წლის 21 იანვარს სათანადო წესის დაცვით შპს “ს.-ს” საწესდებო კაპიტალის 28%-ის წილის მფლობელ პარტნიორ ლ. ს-ძისაგან შეიძინა წილის 14%, რაც თანხობრივად შეესაბამებოდა 70 აშშ დოლარს. მან რამდენჯერმე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, რომ მიეღოთ იგი პარტნიორად, მაგრამ მოპასუხემ მისი თხოვნა არ განიხილა.

მოსარჩელემ მოითხოვა, ცნობილი იქნეს შპს “ს.-ს” პარტნიორად და წილის 14%-ის მესაკუთრედ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ წილის გასხვისების თაობაზე არ არსებობდა პარტნიორთა ნებართვა და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ლ. ს-ძესა და გ. ფ-იას შორის 1999 წლის 21 იანვარს შედგენილი წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ფ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა შპს “ს.-ს” შეგებებული სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ლ. ს-ძესა და გ. ფ-იას შორის წილის დათმობის შესახებ 1999 წლის 21 ივნისს დადებული ხელშეკრულება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 12 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წილის გასხვისება მოხდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.5 მუხლის (საზოგადოების პარტნიორთა თანხმობის გარეშე) და შპს “ს.-ს” წესდების 4.4 მუხლის დარღვევით (შპს “ს.-ს” წესდების შესაბამისად წილის გასხვისებისათვის აუცილებელი იყო პარტნიორთა თანხმობა).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მოცემულ შემთხვევებში ლ. ს-ძემ წილი კი არ დაუთმო, არამედ ანდერძით დაუტოვა წილის ნაწილი, არ გაიზიარა იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი რამ ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული. ამასთან, ხელშეკრულების შესაბამისად პარტნიორად ცნობის შესახებ სარჩელი შეტანილი იყო არა სამკვიდროს გახსნის შემდეგ, არამედ ლ. ს-ძის სიცოცხლეშივე, რაც თავისთავად მიანიშნებდა იმაზე, რომ 1999 წლის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ლ. ს-ძესა და გ. ფ-იას შორის, არ შეიძლება ყოფილიყო ანდერძი.

2001 წლის 9 ნოემბერს გ. ფ-იამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

მას მიაჩნია, რომ 1999 წლის 21 იანვრის ხელშეკრულება ლ. ს-ძის მიერ მისთვის წილის გადაცემის შესახებ ბევრად მაღლა დგას შინაურული ანდერძის ფორმაზე და შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 1357-ე, 1364-1366 მუხლების მოთხოვნებს. აღნიშნული ხელშეკრულება “მეწარმეთა შესახებ კანონის” 46.1 მუხლის შესაბამისად კანონიერია. მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.5 მუხლი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სარჩელის განხილვის დროს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1383-ე, 1384-ე მუხლები და წილის მისთვის გადაცემის ფაქტი განეხილა საანდერძო დანაკისრად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1999 წლის 21 იანვარს შპს “ს.-ს” პარტნიორ, წილის 28%-ის მფლობელ ლ. ს-ძესა და მოსარჩელე გ. ფ-იას შორის დაიდო ხელშეკრულება წილის ნაწილის, კერძოდ, 14%-ის ახალი პარტნიორის, გ. ფ-იას, სასარგებლოდ დათმობის შესახებ.

ლ. ს-ძე გარდაიცვალა 2000 წლის 2 სექტემბერს, ხოლო გ. ფ-იამ მის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, 2000 წლის 7 აგვისტოს, მიმართა სარჩელით სასამართლოს 1999 წლის 21 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად შპს “ს.-ში” წილის 14%-ის მფლობელ პარტნიორად მიღების შესახებ. მანვე სარჩელში მიუთითა, რომ პარტნიორად მიღების შესახებ საზოგადოებას მან 2000 წლის მაისშიც არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 1999 წლის 21 იანვარს დადებული ხელშეკრულება იყო წილის დათმობის ხელშეკრულება და იგი არ წარმოადგენდა ანდერძს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ 1999 წლის 21 იანვრის ხელშეკრულებით შპს “ს.-ს” პარტნიორმა ლ. ს-ძემ მას წილი კი არ დაუთმო, არამედ თავისი წილი დაუტოვა ანდერძით, ვერ გახდება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან იგი არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. საქმის მასალებით და საქმეში არსებული სადავო ხელშეკრულებით არ ჩანს, რომ იგი ანდერძია. პირიქით, ამ ხელშეკრულებით მოხდა წილის დათმობა, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგებოდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.5 მუხლს და შპს “ს.-ს” წესდების 4.4. მუხლის მოთხოვნებს. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.5 მუხლით წილის ნაწილობრივი გასხვისება შესაძლოა მხოლოდ საზოგადოების ნებართვით. ამასვე ითვალისწინებდა საზოგადოების წესდების 4.4 მუხლიც.

აქედან გამომდინარე, არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტის დროს უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.1 მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1383-ე, 1384-ე, 1357-ე, 1364-1366-ე მუხლები. კანონის მითითებული ნორმები მემკვიდრეობით სამართლებრივ ურთიერთობებში ანდერძით და საანდერძო დანაკისრით წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ფ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 12 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.