¹ 3კ/1193-01 20 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: საწესდებო კაპიტალში წილის ოდენობის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 29 მაისს ნ. ყ-იანმა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “კ.-კ. ბ. ჯ.ს” წინააღმდეგ და მოითხოვა საწესდებო კაპიტალში წილის ოდენობის აღდგენა.
სარჩელში აღნიშნა, რომ 1992 წლის 18 დეკემბერის ოქმით ¹2 შპს სამრეწველო სავაჭრო ფირმა “კ.” წევრთა საერთო კრების მიერ მიღებულ და დამტკიცებულ იქნა “დამფუძვნებელი სახელშეკრულებო დეკლარაცია”, რომლის თანახმად ყოფილ სახელმწიფო საწარმო “თ.” ბაზაზე შეიქმნა შპს სამრეწველო სავაჭრო ფირმა “კ.”. “დამფუძვნებელი სახელშეკრულებო დეკლარაციით” განისაზღვრა ფირმის სახელწოდება, მისი საწესდებო კაპიტალის მოცულობა, მოწილეთა რაოდენაობა, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და სხვა. საწესდებო კაპიტალში თითოეული დამფუძვნებლის შესაბამისი წილის ოდენობა განისაზღვრა დეკლარაციაში მითითებული დანართით ¹2, სადაც მოსარჩელის, როგროც პარტნიორის, წილმა შეადგინა 0,9411%.
1996 წლის 23 აპრილს თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს “კ.-კ. ბ. ჯ.ს”. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული საზოგადოების წესდება და თანდართული წილობრივი განაწილების ფონდი ხელმძღვანელობამ მას არ გააცნო და ისე წარადგინა სასამართლოში. 2000 წლის 14 დეკემბერს, კრების მასალების გაცნობისას ნ. ყ-იანმა შეიტყო, რომ მისი წილი საზოგადოებაში განსაზღვრულია არა 0,9411%-ით, არამედ 27%-ით. აღნიშნული საფუძვლის მითითებით ნ. ყ-იანმა მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალში წილის აღდგენა 0,9411 პროცენტის ოდენობით. საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ გაზარდა სარჩელი და მოითხოვა წილის განსაზღვრა 1,38%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 3510050 აშშ დოლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა მდგომარეობდა მისი წილის ოდენობის გაზრდაში, ხოლო საქმის განხილვის დროისათვის წილი გადანაწილებული იყო დამფუძვნებელთა შორის. შესაბამისად, მოპასუხეებად უნდა ჩაბმულიყვნენ ის პირები, რომლებიც ფლობდნენ შპს “კ.-კ. ბ. ჯ.ს”-ს წილს. აღნიშნულის გამო მოპასუხემ შუამდგომლობით მოითხოვა არასათანადო მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით, რაზედაც მოსარჩელემ განაცხადა უარი.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ყ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელი აღძრული იყო არასათანადო მოპასუხის მიმართ, ხოლო მოსარჩელემ უარი განაცხადა სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 85-ე მუხლის საფუძველზე არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-იანმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 215-ე მუხლი. სასამართლომ ასევე ყურადღება არ მიაქცია გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით დადგენილი იყო რეგისტრაციის მასალებში აპელანტის ხელმოწერების გაყალბება. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სისხლის სამართლის დევნისა და საქმის აღძვრის საფუძველს, რის გამოც სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტით და შეეჩერებინა საქმის წარმოება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 10 ოქოტმბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ აპელანტის მოთხოვნა, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში წილის აღდგენის შესახებ, აღძრული იყო არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ.
სააპელაციო პალატის განჩინება ნ. ყ-იანმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ უხეშად დააღვია და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 24-ე, 396-ე, 408-ე, 409-ე მუხლები და ასევე “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.1, 9.3, 44-ე, 46.4-ე, 46.5-ე, 47.1-ე მუხლები და 47.3-ე მუხლის “ლ” პუნქტი. სასამართლომ ასევე არასწორად მიიღო განსახილველად მოპასუხის შუამდგომლობა, მისი სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, ამგვარი შუამდგომლობის დაყენება სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული საქმის მომზადების სტადიაზე. სასამართლომ უკანონოდ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელმოწერები, საზოგადოების წესდებასა და საწესდებო კაპიტალის დირექტორისათვის განკარგვის უფლებით გადაცემაზე, გაყალბებულია. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტით და შეეჩერებინა საქმის წარმოება, ხოლო ამავე კოდესის 137-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საქმის მასალები უნდა გადაეგზავნა გამოძიებისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 24-ე, 396-ე, 408-ე, 409-ე მუხლები, “მეწარმეთა შესახებ” კანონის ნორმები, რადგან სააპელაციო სასამართლოს კასატორის მიერ მითითებული ნორმები არ გამოუყენებია.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საპროცესო ნორმის დარღვევაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ რაიონულ სასამართლოს საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას არ უნდა მიეღო განსახილველად მოპასუხის შუამდგომლობა მისი სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ, რასაც შეფასება არ მისცა სააპელაციო სასამართლომ. აღნიშნულის გამო კასატორს მიაჩნია, რომ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნა. პალატა მიუთითებს, რომ ამავე კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვისას თუ დაადგენს, რომ მოთხოვნა აღძრულია არასათანადო პირის წინააღმდეგ, შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საქმის ზეპირი განხილვის დროსაც, რადგან საქმის არსებითად განხილვა სწორედ ამ დროს ხდება.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ მან რაიონულ სასამართლოში უარი განაცხადა მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და არა მის შეცვლაზე სათანადო მოპასუხით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ნ. ყ-იანს სასამართლოს მიერ განემარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნები, მაგრამ მან უარი განაცხადა საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმაზე.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მითითება, რომ, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტით და შეეჩერებინა საქმის წარმოება, ხოლო ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად საქმის მასალები გადაეგზავნა გამოძიებისათვის.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული საპროცესო ნორმები არ უნდა გამოეყენებინა, რადგან 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასამართლო მხოლოდ მაშინ გამოიტანს განჩინებას დოკუმენტის (საბუთის) სიყალბის შესახებ, თუ წარმოდგენილი საბუთის სიყალბე დადასტურებულია. საბუთის სიყალბის დადასტურება ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში საქმე არსებითად არ განხილულა, ე.ი. რაიმე საბუთის სიყალბის დადასტურებაც არ მომხდარა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღო იურიდიულად დასაბუთებული განჩინება, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ყ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 10 ოქოტმბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.