Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1193-02 13 ნოემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ანაბრის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 13 იანვარს ნ. გ-ა-ა-ემ სს “გ-ის" წინააღმდე სარჩელით მიმართა სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისმა აწ გარდაცვლილმა მეუღლემ, რომლის მემკვიდრეც თვითონაა, 1984 წელს “ს-ში" შეიტანა 2500 მანეთი. ინდექსაციის შედეგად თანხამ შეადგინა 24760 კუპონი.

მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი თანხის დაბრუნება 1984 წელს მანეთთან აშშ დოლარის შესაბამისი კურსის გათვალისწინებით, რაც, მისი მოსაზრებით, შეადგენს 5000 აშშ დოლარს.

სს “გ-მა" სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 27 ივლისის ¹575 დადგენილებით საქართველოს ტერიტორიაზე 1993წ. 3 აგვისტოდან ერთადერთ საგადამხდელო საშაულებად გამოცხადდა კუპონი. ამასთან, იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული ფულადი ნიშნები გადაყვანილ იქნა ეროვნული ბანკის კუპონებზე, შეფარდებით: 1 მანეთი ერთი კუპონი.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 16 ოქტომბრის ¹363 ბრძანებულებით 1995წ. 2 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გამოშვებულ იქნა ეროვნული ვალუტა “ლარი", ხოლო კუპონის ლარზე გადაცვლის წესი განისაზღვრა შეფარდებით: 1000000 კუპონი _ ერთი ლარი. აქედან გამომდინარე, ანაბარზე რიცხული 2500 მანეთი შეადგენს 0,002 თეთრს. თუ მოსარჩელე პირველი ჯგუფის ინვალიდი იქნებოდა, მას შეეძლო “მოსახლეობის სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხროციელების ღონისძიებების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 დკემბრის ¹716-ე ბრძანებულების შესაბამისად, მიეღო პირველ 1000 მანეთზე 100 ლარი, ხოლო მომდევნო ყოველ ათას მანეთზე _ 10 ლარი.

თბილისის კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ 1984 წელს შეტანილი 2500 საბჭოური რუბლი სარჩელის წარდგენის დროისათვის შეადგენდა 0,002 თეთრს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა 5000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ ვერ დაკმაყოფილდებოდა.

ნ. გ-ა-ა-ის სააპელაციო საჩივარი 2002წ. 11 თებერვალს განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელმაც თავისი განჩინებით უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 26 ივნისის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავის საგანი იყო ანაბრის ანაზღაურება, რაც კერძო სამართლებრივი ურთიერთობის საგანს წამროადგენს. ამჟამად საქმეში მონაწილე მხარეებიც, ერთი მხრივ, ნ. გ-ა-ა-ე და, მეორე მხრივ, სს “გ-ი" კერძო სამართლის სუბიექტები იყვნენ, ამიტომ მოცემული დავა არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯად საქმეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყევტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის აღძვრის დროისათვის უკვე მოქმედებდა საქართველოს კანონი “სახელმწიფო ვალის შესახებ", რომლის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტის მიხედვით მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქნილი დავალიანება აღიარებულია სახლმწიფო ვალში. ამავე კანონის პირველი მუხლის “ბ" პუქტის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს საშინაო ვალი, გამოსახული ეროვნული ვალუტით, საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილია. ის წარმოადგენს იმ ძირითადი თანხების ერთობლიობას, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებულ ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელ პირდაპირ ვალდებულებით.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხე შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო და მოსარჩელეს შესთავაზა არასათანდო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა, მაგრამ მოსარჩელემ სათანადო მოპასუხის საქმეში ჩაბმაზე უარი განაცხადა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 85-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი არ დააკმაყოფილა.

2002წ. 13 სექტემბერს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო შემნახველ სალაროში 1984 წელს შეტანილ, 2500 საბჭოთა რუბლის დაბრუნება. “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 2 ივლისის ¹258 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ".

“სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის “ა" ქვეპუნქტის შესაბამისად მოსახლეობის მიერ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდქსაციით წარმოქმნილი დავალება აღიარებულია სახელმწიფო საშინაო ვალად. ამ ნორმის პირველი მუხლის “ბ" პუნქტის თანახმად საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი, გამოსახული ეროვნული ვალუტით საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილია; ის წარმოადგენს იმ ძირითადი თანხების ერთობლიობას, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირადაპირი ვალდებულებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხედ სწორად მიიჩნია ფინანსთა სამინისტრო და სწორად შესთავაზა მოსარჩელეს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა.

სსკ-ს 85-ე მუხლის შესაბამისად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია, მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ უარი განაცხადა არასათანდო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-ა-ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.