Facebook Twitter

¹ 3კ/1195-01 1 თებერვალი, 2002 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამარტლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ლ. ბ-ძე 1989 წლიდან მუშაობდა თბილისის ჩუღურეთის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილების გამგედ, 1999 წლის 1 მაისიდან კი სოციალურ საკითხთა განყოფილების გამგედ. 2000 წლის დეკემბერში დიდუბის და ჩუღურეთის რაიონების გაერთიანების პერიოდში მუშაობდა ამავე თანამდებობაზე, 2001 წლის 3 იანვრის განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 ნოემბრის ¹480 ბრძანებულებისა და ქ.თბილისის მერიის 2000 წლის 17 ნოემბრის ¹45 ბრძანების საფუძველზე დიდუბის და ჩუღურეთის რაიონის გამგეობების გაუქმებისა და გაფრთხილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ლ. ბ-ძემ მისი სამუშაოდან გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ და სარჩელით მიმართა სასამართლოს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურების შესახებ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოტანა შემდეგი საფუძვლით:^ დადგენილად მიიჩნია რომ პრეზიდენტის 2000 წლის 9 ნოემბრის ¹480 ბრძანებულებისა და თბილისის მერიის 2000 წლის 14 ნოემბრის ¹46 ბრძანების საფუძველზე მოხდა ადრე არსებული გამგეობების გაუქმება (ლიკვიდაცია) და არა რეორგანიზაცია. მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისულდა საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე დაწესებულების ლიკვიდაციის გამო.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობის 2001 წლის 3 იანვრის განკარგულება ¹1-კ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილების გამგის ლ. ბ-ძის გათავისუფლების ნაწილში და იგი აღდგენილ იქნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ გამგეობაში სოციალურ საკითხთა განყოფილების გამგედ. მასვე აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი ხელფასი სამუშაოზე აღდგენამდე.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ პრეზიდენტის 2000 წლის 9 ნოემბრის ¹490 ბრძანებულებისა “თბილისის რაიონების გაუქმების და მათ ნაცლად ახალი რაიონების შექმნის და მმართველობის სისტემის განსახლების შესახებ” და თბილისის მერიის 2000 წლის 17 ნოემბრის ¹45 ბრძანების საფუძველზე მოხდა თბილისის რაიონების რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია და ამდენად სადავო ურთიერთობა არ შეიძლება მოწესრიგდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის I ნაწილით. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რადგან მოხდა რეორგანიზაცია, დაწესებულებას ასეთ დროს მოხელის გათავისუფლება შეეძლო თუ ამ რეორგანიზაციას მოჰყვებოდა შტატების შემცირება (97-ე მუხლის I ნაწილი), რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო: გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული – კასატორის აზრით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ ადგილი არ ჰქონია გამგეობის საქმიანობის შეწყვეტას და ქონების რეალიზაციას, რადგან თბილისის რაიონების გაუქმებით მოხდა ყოფილი რაიონების საქმიანობის შეწყვეტა. რაც შეეხება ქონების რეალიზაციას თბილისის რაიონები არ არიან იურიდიული პირები და მათ განკერძოებული ქონება არ აქვთ. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ნოემბრის ¹480 ბრძანებულება. ეს იმან გამოიწვია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის დროს არ გამოიყენა აღნიშნული ბრძანებულების საფუძველი, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის ¹921 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება “საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ”.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თბილისის რაიონების და მათი გამგეობების გაუქმებით მოხდა ყოფილი რაიონების საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია). პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ნოემბრის ¹45 ბრძანების საფუძველზე მოხდა თბილისის რაიონების რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია. აღნიშნულს სააპელაციო სასამართლო იმით ადასტურებს, რომ ადგილი არ ჰქონია ყოფილი გამგეობების საქმიანობის შეწყვეტას და ქონების რეალიზაციას, რაც დამახასიათებელია ლიკვიდაციისათვის. პალატას მიაჩნია, რომ ეს მოსაზრება არ გამომდინარეობს კანონიდან და იგი დამახასიათებელია კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არა სახელმწიფო ორგანოებისათვის, რადგან საქმიანობა, რასაც ახორციელებს გამგეობა, არ შეიძლება შეწყდეს. ეს ფუნქცია ატრიბუტია სახელმწიფოსი. ფუნქცია არსებობას აგრძელებს, რადგან არსებობას აგრძელებს სახელმწიფო. პრეზიდენტის დასახელებული ბრძანებულებით განისაზღვრა ქ.თბილისის ტერიტორიული მოწყობა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა გამოარკვიოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 ნოემბრის ¹490 ბრძანებულების და მერიის 2000 წლის 17 ნოემბრის ¹45 ბრძანების საფუძველზე მოხდა ადრე არსებული გამგეობების ლიკვიდაცია თუ რეორგანიზაცია.

სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად არ დაასაბუთა გადაწყვეტილება ლ. ბ-ძის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების გამგის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, არ მიუთითა ნორმა, რომელიც ითვალისწინებს მოხელის იმ თანამდებობაზე აღდგენას, რომელზეც ადრე არ უმუშავია და იგი განთავისუფლებული იქნა სხვა სამუშაოდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებულად, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.