Facebook Twitter

საქმე N 110100122006056957

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №356აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

გ–ე გ., №356აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ხ–სა და მსჯავრდებულ ბ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ–ე (პირადი ნომერი: ......) და ბ. ქ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 30 აპრილიდიან 2022 წლის 3 მაისამდე პერიოდში გ. გ–მ და ბ. ქ–მ, წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწიეს ქ. ს–ში, მ–ს ქუჩა N....-ში მდებარე, ზ. ჩ–ს და ნ. მ–ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ოქროს სამკაულებს და სხვადასხვა დასახელების ნივთებს. ჩადენილი ქმედებით დაზარალებულ ნ. მ–ს მიადგა 23080 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენით გ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ქ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

ბ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენით დადგენილი იქნა შემდეგი:

2022 წლის 30 აპრილიდან 2022 წლის 3 მაისამდე პერიოდში გ. გ–მ და ბ. ქ–მ, წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწიეს ქ. ს–ში, მ–ს ქუჩა N...-ში მდებარე ზ. ჩ–ს და ნ. მ–ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ 150 ლარზე მეტი ღირებულების ოქროს სამკაულებს და სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რითაც დაზარალებულ ნ. მ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ხ–მ და მსჯავრდებულ ბ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა –ნ. ჩ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გ. გ–ს და ბ. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ხ–სა და მსჯავრდებულ ბ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

გ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ქ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

ბ. ქ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. 2023 წლის 5 დეკემბერს მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ხ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად კი, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.3. 2023 წლის 7 დეკემბერს, მსჯავრდებულ ბ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ხ–ს პოზიციით, განაჩენი არ ემყარება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზს. გ. გ–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა არ დასტურდება პირდაპირი მნიშვნელობის მქონე რომელიმე მტკიცებულებით; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ აღმოჩნდა გ. გ–ს თითის ანაბეჭდები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კი არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას. ის ფაქტი, რომ ნივთები ამოიღეს გ. გ–ს შვილისგან – არ ადასტურებს მის მიერ ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტს. ამდენად, გ. გ–ს დამნაშავედ ცნობისათვის არ არსებობს არც შეთანხმებული და არც დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ სტანდარტს.

4.2. მსჯავრდებულ ბ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ის პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და გაუმართლებლად მკაცრია. იგი არ ემყარება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზს. ბ. ქ–ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მან შეაღწია დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა მათ კუთვნილ ნივთებს. განსახილველ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება – ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პრაქტიკის თანახმად არ წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველს. რაც შეეხება დაზარალებულის მიერ ნივთების ამოცნობას ის ჩატარებულია კანონდარღვევით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთები აბსოლუტურად განსხვავდება დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში ჩამოთვლილი ნივთებისგან. ბ. ქ–ს სახლისა და პირადი ჩხრეკის დროს არ ამოღებულა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე საგანი. მისი თითის ანაბეჭდი და დნმ-ის კვალი არსად აღმოჩნდა. ასევე, არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ბ. ქ–მ დაზარალებულების კუთვნილი ოქრო ჩააბარა. ამდენად, სასამართლოში გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ვერ გადალახეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების პოზიციას, მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულთა ქმედებების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

5.3. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციის სამართლებრივი ელემენტები და თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. გ–სა და ბ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე ის გარემოებები, რის გამოც დადასტურებულად მიიჩნია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, ასევე მსჯავრდებულ ბ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ჩ–ს განმარტებას მტკიცებულებათა საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხეს დაცვის მხარეს, სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში მიუთითეს იმ ძირითად არგუმენტებზე, რის გამოც, არ გაიზიარეს მათი პოზიცია მსჯავრდებულთა უდანაშაულობასთან მიმართებით. მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრებში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივარში არ უთითებენ.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ნ. მ–სა და მოწმე ზ. ჩ–ს ჩვენებებზე, რომლითაც დადგენილია, თუ რა ვითარებაში შეაღწიეს მათ ბინაში უკანონოდ და რა სახის ქონებას დაეუფლნენ დამნაშავენი. მათი ჩვენებები თანხვდენილია და არცერთ მათგანს არ მიუთითებია ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე. დაზარალებულმა – ნ. მ–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ჩამოთვალა და აღწერა მისი სახლიდან დაკარგული ნივთები, რომელთა დასახელებებიც და მახასიათებლებიც სრულად თანხვედება გ. გ–ს შვილის – ნ. გ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს. ამოღებული ნივთები ამოსაცნობად წარედგინა დაზარალებულ ნ. მ–ს, რომელმაც ამოიცნო ყველა ნივთი და განმარტა, რომ ეკუთვნოდა მას და აღნიშნულ ნივთებს ინახავდა ქ. ს–ში, მ–ს ქუჩის N..-ში მდებარე, თავის საცხოვრებელ სახლში.

5.6. რაც შეეხება ოქროს ნივთებს და სამკაულებს საქმეში წარმოდგენილი შესყიდვის აქტებით და შესყიდვის აქტების დათვალიერების ოქმებით, ასევე მ. ც–სს და ზ. კ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ბ. ქ–მ 2022 წლის 2 მაისს ზ. კ–ს მიჰყიდა ოქროს ყელსაბამი და ოქროს კულონი, ხოლო 2022 წლის 3 მაისს მ. ც–ს მიჰყიდა ბრილიანტის სამეული – ოქროს ბეჭედი და წყვილი საყურე (რომბის ფორმის), ოქროს სამაჯური კარტიეს მოდელის, ოქროს ჯვარი და ოქროს წყვილი საყურე მოგრძო ფორმის. ამდენად, დაზარალებულის ჩვენებითა და ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ ბ. ქ–მ ზ. კ–ს და მ. ც–სს მიჰყიდა ნ. მ–სის საცხოვრებელი ბინიდან მოპარული ოქროს სამკაულები. გ. გ–ს შვილის - ნ. გ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, ასევე ზ. კ–სგან ამოღებული ნივთი და ამოცნობის ოქმი თანხვდენილია დაზარალებულ ნ. მ–ს, მოწმეების – ზ. კ–ს, მ. ც–სა და ზ. ჩ–ს ჩვენებებთან, ხოლო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებებით დაადასტურებულია მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველიც არ არსებობს. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი, ცალსახად იქნა დადგენილი, რომ ქ. ს–ში, მ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ნ. მ–ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია გ. გ–საგან და ბ. ქ–სგან აღებული სუნის ნიმუშების. ამასთან, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილზე ნაჯახის ტარიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშის ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. გ–ს, ხოლო ყავის ჩამოსასხმელი აპარატის გარე ზედაპირიდან აღებული ნიმუშის ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის გ. გ–სეს. მსჯავრად შერაცხილ დანაშაულში გ. გ–ს და ბ. ქ–ს მონაწილეობის ფაქტს, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, ასევე ამყარებს მოწმე – მ. ბ–ს ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო პერიოდში მან გ. გ–ე და ბ. ქ–ე ნახა თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სადაც ასევე არის დაზარალებულის საცხოვრებელი სახლი.

5.7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ცალკე გ. გ–ს შვილის ნ. გ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად დაზარალებულის ნივთების ამოღების ფაქტი, შესაძლოა, საკმარისი არ ყოფილიყო პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა ოდოროლოგიური, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებთან, ამოცნობის ოქმთან და მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, ხსენებული ქმნის იმ ლოგიკურ ჯაჭვს, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს მტკიცებულებების შეფასების მხოლოდ საკმარისად ძლიერი და შეთანხმებული დასკვნებიდან.

5.8. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კუმულაციურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, როგორიცაა: მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შეთანხმებულ, ურთიერთთავსებად უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ყველა ის არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე გამორიცხავს მსჯავრდებულთა ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა გაქარწყლებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად.

5.9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ: „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ. ხ–სა და მსჯავრდებულ ბ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ნ. ჩ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე