გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-1198-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
აღწერილობითი ნაწილი:
1968წ. 14 აპრილს მატარებლით მგზავრობისას ვ. გ-ა ჩამოვარდა ვაგონის კიბიდან, რის შედეგადაც მიიღო ტრავმა _ დაკარგა ორივე ქვედა კიდური. სამედიცინო კომისიის 1968წ. 16 ნოემბრის დასკვნით მას 100%-ით, მუდმივად დაკარგული აქვს შრომის უნარი. თბილისის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1969წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით და საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1969წ. 9 აპრილის განჩინებით რ-ის თბილისის სავაგონო დეპოს ვ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მუდმივად, ყოველთვიურად 116 მანეთის გადახდა.
2000წ. 31 ივლისს ვ. გ-ამ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ ვადაგასული პროთეზის ხმარების შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, გერმანიაში სამკურნალოდ გასამგზავრებლად 1992 წელს ბანკის ანგარიშზე შეტანილი 13000 მანეთი გაუფასურდა და იგი ამ ვალს დღემდე იხდის. პროთეზის ხმარების გამო 1999 წელს გაუკეთდა მარცხენა წვივის რეამპუტაცია. ვ. გ-ამ სარჩელით მოითხოვა, რომ შპს “ს. რ-ს” ერთდროულად გადასახდელად დაკისრებოდა:
_ 1991 წლიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა.
_ 1992წ. 20 თებერვალს საბანკო ანგარიშზე შეტანილი 13000 მანეთის ეკვივალენტის _ 8320 ლარის _ გადახდა.
_ 1999 წელს ჩატარებული ოპერაციის ხარჯი _ 716 ლარი.
_ ოპერაციის შემდგომ პერიოდში მკურნალობისათვის 520 ლარი.
_ თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული პროთეზისათვის 3250 აშშ დოლარი.
_ მოტოეტლის შესაძენი თანხა.
_ ყოველთვიურად ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის 48,64 ლარის -ანაზღაურება.
_ მომვლელის თანხა, ყოველთვიურად 25,6 ლარი.
_ ყოველწლიურად კურორტზე მკურნალობისათვის საჭირო თანხა დღეში 40 ლარის ოდენობით, სულ 800 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ყოველთვიურად ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის _ 60,24 ლარის _ გადახდისა და მომვლელის ხარჯის, ყოველთვიურად 25,6 ლარის ნაწილში. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ ცნო.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს “ს. რ-ს” ვ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1999წ. 16 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის ხარჯების _ 1236 ლარს, 1997წ. დეკემბრიდან ყოველთვიურად ხელფასსა და პენსიის შორის სხვაობის _ 60,24 ლარის, მომვლელის _ 25,06 ლარის, ყოველწლიურად კურორტული მკურნალობის ხარჯების, ორ წელიწადში ერთხელ პროთეზის შესაძენად 3250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ადვოკატის მომსაუხერბის ხარჯების _ 309 ლარის _ გადახდა. ვ. გ-ას უარი ეთქვა 1991-97წ. ნოემბრის ჩათვლით ხელფასსა და პენსიის შორის სხვაობის, მომვლელისა და 8320 ლარის გადახდის მოთხოვნებზე.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა:
ვ. გ-ამ სააპელაციო სასამართლოში გაზრდა დავის საგანი და მოითხოვა სპეციალური მომვლელის ხარჯების ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება მომვლელის, კურორტული მკურნალობის ხარჯების დაკისრების ნაწილში და 1991 წლიდან 1997 წლამდე სარჩოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელეს მომვლელის ანაზღაურებისა და 1991 წლიდან 1997წ. ნოემბრამდე სარჩოს დაკისრების ნაწილში სარჩელზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა და სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი: სასამართლოში მომართვის დღიდან, 2000წ. 31 ივლისიდან, შპს “ს. რ-ს” ვ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს გადახდა 126 ლარის ოდენობით, ტრავმების, პროთეზირებისა და ფუნქციონალური მდგომარეობის შენარჩუნებისათვის ყოველთვიური სამკურნალო მასაჟის ხარჯები _ 35 ლარი, შესახვევი მასალის შესაძენად ყოველთვიურად _ 15 ლარი, მედიკამენტების შესაძენად ყოველთვიურად _ 24,65 ლარი, ყოველთვიურად დამატებითი კვების პროდუქტების შესაძენად _ 150 ლარი, ფიზიოთერაპიული მკურნალობისათვის წელიწადში ორჯერ, სულ _ 1040 ლარი და საკურორტო მკურნალობის ხარჯების, წელიწადში 975,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 27 მარტის განჩინებით სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა მომვლელის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო პალატას. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.
საქმის ხელახლა განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ ამ მიმართებით შეამოწმა ვ. გ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად თითოეული მხარე ვალდებულია, ამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებს, საქმეში წარმოდგენილია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (2001წ. 16 მაისის), რომლის თანახმადაც გ-ას ესაჭიროება სპეციალური სამედიცინო მომვლელი და გარეშე მომვლელი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გარეშე მომვლელისთვის თანხა მოპასუხეს დაკისრებული ჰქონდა უმაღლესი სასამართლოს 1969წ. 9 აპრილის განჩინებით. მოპასუხე ამ თანხას არ იხდის 1991 წლიდან. სასამართლომ დაადგინა, რომ გარეშე მომვლელისათვის თანხა შეადგენს 25,6 ლარს და იგი მოპასუხეს უნდა გადახდეს 1991 წლიდან, ხოლო სპეციალური მომვლელის თანხა 77 ლარი _ 2000წ. ივლისიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ-მ” და მოითხოვა 1991 წლიდან გარეშე მომვლელვისათვის და სპეციალური მომვლელისათვის 2000წ. ივლისიდან თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ძველი სკ-ს 75-ე მუხლი. უსწოროა გარეშე მომვლელის თანხის დაკისრება თვეში 25,60 ლარის ოდენობით 1991 წლიდან, ვინაიდან სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლი ითვალისწინებდა სასარჩელო ვადის მიმდინარეობის შეჩერებას, მაგრამ მოსარჩელეს არავითარი საპატიო მიზეზი არ გააჩნია, სწორედ ამიტომ მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია და არ შეიძლება დაკმაყოფილდეს. მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე, მაგრამ აუცილებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული აღნიშნული პალატის 27.03.02წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია: “საკასაციო სასამართლო ვ. გ-ას საკასაციო საფუძვლებს 1991 წლიდან _ 1997 წლამდე სარჩოს ანაზღაურების შესახებ არ იზიარებს, რადგან სსკ-ს 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, გარდა ამისა, მოთხოვნა ხანდაზმულია”.
რაც შეეხება 2000წ. ივლისიდან შპს “ს. რ-სათვის” სპეციალური მომვლელისათვის გადასახდელი თანხის დაკისრებას, უკანონოა, რადგან სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ ვ. გ-ამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომისია გაიარა 2001წ. 16 მაისს, ე.ი. სასამართლოში სარჩელის წარდგენის დღისათვის ჯერ კიდევ დადგენილი არ იყო ის გარემოება, რომ ვ. გ-ას ესაჭიროებოდა სპეციალური მომვლელი. ამდენად, გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
უდავოა, რომ საქართველოს უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1969წ. 9 აპრილის განჩინებით ვ. გ-ას მომვლელის ხარჯები განესაზღვრა 40 მანეთის ოდენობით. დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა ვ. გ-ას არ მიუღია 1991 წლიდან, ხოლო სარჩელი ამ თანხის მოთხოვნით, აღძრა 2000წ. 31 ივლისს. პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გარეშე მომვლელის თანხა (25,60 ლარი) მოპასუხე ორგანიზაციას 1991 წლიდან უნდა გადახდეს, არასწორია. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირს სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. მოსარჩელემ ეს ვადა გაუშვა, ამიტომ ის თანხები, რომელზეც მოთხოვნა ხანდაზმულია, არ ანაზღაურდება. რაც შეეხება მოთხოვნის წამოყენებიდან ბოლო სამ წელში პერიოდულად გადასახდელ თანხას, იგი უნდა ანაზღაურდეს შემდეგი გარემოების გამო: სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, სამი წელია. ვალდებულების შესრულების პერიოდულობა ნიშნავს ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრელ პერიოდში შესრულებას და ასეთ შემთხვევაში, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში 1991წ. ივნისში მისაღები თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობა გავიდა 1994წ. ივნისში; 1994წ. ივნისის _ 1997წ. ივნისში და ა.შ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ბოლო სამიწ. მიუღებელი თანხა და არა იმ პერიოდის (1991-1997 წ. ივლისი) მიუღებელი თანხა, რაზედაც მოთხოვნა უკვე ხანდაზმულია.
პალატა ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სპეციალური მომვლელის თანხა მოპასუხეს უნდა გადახდეს 2000წ. ივლისიდან. მართალია სარჩელი ამ დროს იქნა აღძრული, მაგრამ მოსარჩელეს თავდაპირველად არ მოუთხოვია თანხის ანაზღაურება სპეციალური მომვლელისათვის. მან სააპელაციო სასამართლოში გაზარდა დავის საგანი მას შემდეგ, როცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარეშე მომვლელის გარდა ესაჭიროებოდა ასევე სპეციალური მომვლელი (2001წ. 16 მაისის ექსპერტიზის დასკვნა). კასატორს სწორად მიაჩნია, რომ ეს თანხა (77 ლარი) არ უნდა გადახდეს თავდაპირველი სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
პალატა თვლის, რომ, რადგან საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სპეციალური მომვლელისათვის თანხა უნდა იქნეს გადახდილი 2001წ. 16 მაისიდან, და არა იმ დღიდან, როცა მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული თანხა (გაზარდა დავის საგანი). კასატორის მოთხოვნის შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უნდა შეიცვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 409, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება შეიცვალოს თანხის დაკისრების ნაწილში და შპს “ს. რ-ს” ვ. გ-ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს გარეშე მომვლელისათვის გადასახდელი თანხა 1997წ. 31 ივლისიდან ყოველთვიურად 25,6 ლარის ოდენობით, ხოლო 2001წ. 16 მაისიდან სპეციალური მომვლელისათვის ყოველთვიურად _ 77 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.