Facebook Twitter

¹ 3კ/1199-01 13 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე,მ. ცისკაძე

დავის საგანი: მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობა, რომელიც უკანონო მფლობელობას წარმოადგენდა, 2000 წლის 17 ნოემბერს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა აწ გარდაცვლილ გ. ს-ევზე.

ზემოაღნიშნულ სადავო სახლში 1977 წელს გ. ს-ევის დასთან, ნ. ს-ევასთან, ქორწინების საფუძველზე ცხოვრება დაიწყო გ. ფ-ევმა. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1980 წელს. 1998 წელს ნ. ს-ევა გარდაიცვალა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გ. ფ-ევმა სარჩელი აღძრა მეუღლის დის რ. ს-ევა-ბ-შვილის წინააღმდეგ გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მის სახელზე საკუთრების უფლებით სახლთმფლობელობის აღრიცხვა.

რ. ს-ევა-ბ-შვილმა შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში და განმარტა, რომ 1999 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენაზე იმ მოტივით, რომ იგი არ იყო სამკვიდროს დამტოვებლის არც ერთი რიგის მემკვიდრე.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მ. ფ-ევი ცნობილ იქნა თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 1\2 იდეალური წილის მესაკუთრედ.

რ. ს-ევა-ბ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა გ. ს-ევის მემკვიდრედ აღნიშნული სახლთმფლობელობის 1/2 წილზე.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ფ-ევი არ მიეკუთვნება კანონიერ მემკვიდრეთა არც ერთ რიგს, მაგრამ სადავო სახლის ½1/2 ნაწილი მიაკუთვნა მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ნაწილობრივ აღიარების საფუძველზე.

გ. ფ-ევმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მოპასუხე რ. ს-ევა-ფ-ევას წილის განსაზღვრა 1\4-ით და ამ წილის ფულადი კომპენსაციის თავის თავზე დაკისრება რ. ბ-შვილი-ს-ევას სასარგებლოდ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 ნოემბრის განჩინებით რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ უარი უთხრა აპელანტს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა, არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვის საგანი და იგი ცალკე დავის საგანს წარმოადგენს.

გ. ფ-ევმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება, ვინაიდან სასამართლომ მას არასწორად მიაკუთვნა სადავო სახლთმფლობელობის 1\2 წილი ნაცვლად 2/3-ისა, რადგან კასატორი სამკვიდრო სახლის ფაქტობრივი მფლობელია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ გ. ფ-ევის პრეტენზიას, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ მას არასწორად მიაკუთვნა სადავო სახლთმფლობელობის 1\2 წილი, ნაცვლად 2\3-სა, იმ საფუძვლით, რომ იგი თანმყოფი მემკვიდრე და სამკვიდრო სახლის ფაქტობრივი მფლობელია.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სამემკვიდრეო დავა მხარეებს შორის სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმებით უნდა გადაეწყვიტა. მამკვიდრებელი გ. ს-ევი 1965 წელს გარდაიცვალა; საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის მიხედვით კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანაბარი წილის უფლებით პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები, ხოლო მეორე რიგის მემკვიდრეებად _ გარდაცვლილის და-ძმები. ისინი პირველი რიგის მემკვიდრეები ხდებიან მხოლოდ მაშინ, თუ პირველი რიგის მემკვიდრეები არ არიან. მოცემულ შემთხვევაში გ. ს-ევს ჰყავს მეორე რიგის მემკვიდრე, და _ რ. ს-ევა-ბ-შვილი, რომელიც მისი კანონისმიერი მემკვიდრეა; კასატორის მიერ სადავო სახლის ფაქტობრივი ფლობა კანონისმიერი მემკვიდრეობის იურიდიული საფუძველი არ არის; გ. ფ-ევი არ ყოფილა სამკვიდრო სახლის მესაკუთრის, გ. ს-ევის, თანმყოფი მემკვიდრე, ვინაიდან, 1965 წელს, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, არ ცხოვრობდა სადავო სახლში და მან 1977 წლიდან დაიწყო ცხოვრება თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, როცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძველზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და გ. ფ-ევს მიაკუთვნა სამკვიდრო სახლის 1\2 ნაწილი.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, საზიარო უფლების გაუქმების მიზნით მოპასუხის წილის საკომპენსაციო თანხის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან გ. ფ-ევს ასეთი სასარჩელო მოთხოვნა არ ჰქონია და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ განუხილავს იგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ფ-ევის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.