Facebook Twitter

საქმე N 330100121004995970

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №359აპ-24 15 ივლისი, 2024 წელი

ღ–ი ბ., №359აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ღ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. ღ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით (განზარახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 29 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თ–ში, უ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ,,...............ცენტრის“ შენობის წინ, წინა დღეს მომხდარი შეკამათებისა და ჩხუბის გამო ანგარიშის გასასწორებლად მისულმა ბ. ღ–მა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით ლ. ს–სეს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ორი ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ. ს–ე იქ მყოფი ნაცნობების მიერ გადაყვანილ იქნა .........ის სახელობის კლინიკაში, სადაც დაუყოვნებლივ ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განაჩენით, ბ. ღ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის – ჯარიმის გადაუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ღ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ღ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მა და მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, ბ. ღ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 14 მარტს, მსჯავრდებულ ბ. ღ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა – ბ. ღ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა ბ. ღ–ს მიერ ჩადენილ დანაშაულს. ვინაიდან, ბ. ღ–მა აღიარა მის მიერ განხორციელებული ქმედება – ლ. ს–სთვის დანით ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება, რაც შეეხება განზრახ მკვლელეობის მცდელობას, ასეთს ადგილი არ ჰქონია, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდეგნილი მტკიცებულებებით. დაცვის მხარის განმარტებით, დანაშაულის მცდელობად კვალიფიკაციის დროს უნდა დადგინდეს, დამნაშავეს უშლიდა თუ არა ხელს რაიმე, მისგან დამოუკიდებელი გარემოება, რის გამოც ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. ასევე, დაზარალებულს რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული, როგორია მათი განლაგება, დროის რა მონაკვეთში იქნა ისინი მიყენებული და ჰქონდა თუ არა პირს საშუალება გაეგრძელებინა დაზიანებების მიყენება, რითაც სისრულეში მოიყვანდა მის განზრახვას. ვინაიდან, ბ. ღ–ი არის ქირურგი, რომელმაც იცის ადამიანის სხეულის აგებულება მას შეეძლო ,,ერთი ხელის მოსმით“ დაზარალებულისთვის მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობა, რაც მან არ გააკეთა, რადგან მისი განზრახვა არ მოიცავდა ლ. ს–სის მკვლელობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულს არავინ უშლიდა ხელს და ჰქონდა სრული შესაძლებლობა გაეგრძელებინა თავდასხმა. ამის მიუხედავად, მან ეს არ გააკეთა, მაშინ როდესაც დაჭრილს სასიკვდილო ნიშნები არ ეტყობოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენი უნდა შეიცვალოს და ბ. ღ–ს ქმედება უნდა დაკვალიფირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ღ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ბ. ღ–ს ქმედების 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირების შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ბ. ღ–მა ლ. ს–ს დანით მიაყენა დაზიანებები, თუმცა სადავოა მსჯავრდებულისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების კვალიფიკაცია.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის N309აპ-19 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია: ,,ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულებით განსხვავდება, კერძოდ: თუ პირმა მოკვლის მიზნით დააზიანა სხვა პირის ჯანმრთელობა, მაგრამ სასიკვდილო შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში გამოკვეთილია მკვლელობის მცდელობა და არა – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ანუ სწორედ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ.“

5.6. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ლ. ა–ს, გ. ლ–ს, ს. ლ–ს, თ. ე–ს, ს. ჯ–ს, ს. ს–ს, თ. კ–ს, ქ. ყ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმე ლ. ა–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2021 წლის 30 მაისის დანის ამოღების ოქმით, N.......... ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით – დადგინდა, რომ შემთხვევის დღეს, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბ. ღ–მა გასაშლელი დანის დარტყმით ლ. ს–ს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხილსათვის სახიფათო ორი ჭრილობა, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადაოდ.

5.7. 2021 წლის 10 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნით დადგენილია, რომ შპს ........ სახელობის კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N....... და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, ლ. ს–სეს 2021 წლის 29 მაისს აღენიშნებოდა: გულმკერდის მარცხენა ნახევარში მედიოკლავიკულურ ხაზსა და პარასტერნალურ ხაზს შორის მე-6, მე-7 ნეკნებს შორის გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა პერიკარდის, გულის მარჯვენა პარკუჭის, დიაფრაგმის მარცხენა გუმბათის, ღვიძლის მარცხენა წილის და კუჭის დაზიანებით და გულმკერდის მარჯვენა ნახევარში პარასტერნალურად ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანებები ერთობლიობით მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით ცალკე აღებული, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და ხანდაზმულობით კი არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. გულმკერდის მარჯვენა ნახევარში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

5.8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების ჩვენებებით დადგენილია შემდეგი: ბ. ღ–მა თანნაქონი დანით ლ. ს–ს გულმკერდის არეში მიაყენა ორი ჭრილობა. რა დროსაც დაზარალებულს სისხლი წამოუვიდა, ხელს იფარებდა ჭირილობაზე, მის უკან მდგომმა პირმა დაიჭირა რომ არ წაქცეულიყო და დააწვინა იატაკზე. დაზარალებულისთვის შემთხვევის ადგილზე, პირველადი დახმარების გამწევი ექიმის – ს. ს–ს ჩვენებით კი დადგინდა, რომ საცეკვაო დარბაზის პირველ სართულზე მისვლისას, კარიდან მარჯვენა მხარეს იწვა უგონო მდგომარებაში მყოფი ახალგაზარდა მამაკაცი, რომელსაც გულმკერდის მარცხენა ნახევარში აღენიშნებოდა დაზიანება და სასიცოცხლო პარამეტრები არ ესინჯებოდა. თ. კ–ს ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ........ სახელობის კლინიკაში ქირურგის პოზიციაზე. 2021 წლის 29 მაისს დაახლოებით 17:20 საათზე შეიყვანეს პაციენტი – ლ. ს–ე, რომელიც იყო უგონოდ, არ ესინჯებოდა წნევა და არ იყო კონტაქტური. ლ. ს–ს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, მე-6-მე-7 ნეკნის დონეზე, ხოლო მეორე ჭრილობა აღენიშნებოდა მარჯვნივ პალასტერნალურად მკერდის ძვლის გვერდით. პაციენტი ზოგადი მდგომარეობის მცირედი დასტაბილურების შემდგომ გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ოპერაცია დაიწყო გულმკერდის გახსნით და დადგინდა, რომ ფილტვი იყო ჩაფუშული, გულმკერდის ღრუში შეინიშნებოდა მცირე რაოდენობით სისხლი და კოლტები. პერიკარდის ანუ გულის პერანგის ჭრილობიდან გამოიდევნა კოლტები და სისხლი. გაიხსნა პერიკარდი, რომლის დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ გული, დიაფრაგმა, ღვიძლის მარცხენა წილი და კუჭის წინა კედელი იყო დაზიანებული. ოპერაციის მსვლელობისას ლ–ს ორჯერ გაუჩერდა გული. პაციენტი დაახლოებით ერთი თვე მკურნალობდა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, ხოლო შემდეგ გადაყვანილი იქნა გ–ში, თუმცა კვლავ უმძიმეს მდგომარეობაში დააბრუნეს მათ კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად.

5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი).

5.10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ღ–ი მოქმედებდა რა შურისძიების მოტივით, დანის მეშვეობით გამიზნული ქმედებებით, გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, რომელიც, როგორც მოწმეების ჩვენებებით დგინდება, ფეხზე ვეღარ დგებოდა და იქ მყოფმა პირებმა დააწვინეს იატაკზე. დაზარალებულისთვის მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციის გათვალისწინებით, (მით უფრო იმ პირობებში, რომ ბ. ღ–ი არის უმცროსი ექიმი – ქირურგი და მისთვის კარგადაა ცნობილი სასიცოცხლო ორგანოების განლაგება და გულმკერდის არეში ჭრილობის მიყენების შედეგი) ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, რომ ბ. ღ–ს არ ჰქონდა ლ. ს–ს მკვლელობის განზრახვა. ამასთან, მსჯვარდებულის მიერ შემთხვევის ადგილის დატოვება განპირობებული არ არის დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებით, პირიქით, აღნიშნულის მიზეზი გახდა მისი წარმოდგენით განზრახვის სისრულეში მოყვანის ფაქტი, რასაც ადასტურებს დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებები და ის გარემოება, რომ მას სასიცოცხლო პარამეტრები არ ესინჯებოდა.

5.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ღ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე