3კ-1201-02 11 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: მიჯნის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. გ.-მ ნ. ყ.-ის წინააღმდეგ 2001წ. 3 სექტემბერს სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის გარდაცვლილ მამას ქობულეთის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1948წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილი ჰქონდა 400 კვ. მ, რომელზეც ააშენა სახლი.
მითითებული სახლი მემკვიდრეობით მიიღო 1998წ. 25 აგვისტოს.
1997 წლიდან სასაზღვრო მიჯნის დადგენასთან დაკავშირებით დავა აქვს მეზობლად მცხოვრებ ყ.-სთან. ვინაიდან დავა სახელმწიფო ორგანოების დახმარებით ვერ მოწესრიგდა, მოსარჩელემ მოითხოვა მეზობლებს შორის სასამართლო წესით მიჯნის დადგენა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ხოლო მიჯნა გავლებულიყო მხარეების მიერ ამჟამად ფაქტობრივად დაკავებულ ტერიტორიებს შორის.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის საზღვარზე მის მიერ 2001 წელს აგებული სასაზღვრო სამიჯნე კედლის მოშლა და მასთან შეთანხმებით ახალი მიჯნის იმდაგვარად აგება, რომ მისი სასაზღვრო კედლის პირად დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ზღვის მიმართულებით, საწყისად მიჩნეულ იქნეს.
ნ.ყ.-ის ეზოში შესასვლელი ჭიშკარის მარცხენა ბოძის გარე პირი მისი ეზოს მხრიდან. სასაზღვრო კედელი წარიმართოს სწორხაზოვნად და მიებჯინოს მოპასუხის ავტოფარეხის წინა კედელში, მოსარჩელის მხარეს არსებულ კედლის სამაგრ ბოძს იმდაგვარად, რომ კედლის გარე პირი მიესადაგებოდეს ამ ბოძის გარეთა პირს მოპასუხის ეზოს მხარეს.
2002წ. 13 მაისს მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონულ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ერთნაირი უფლებები აქვთ ნ. ყ.-ს, თ. ყ.-ს და ე. პ.-ს, რაც საქმის განხილვაში ამ პირთა სავალდებულო თანამონაწილეობის საფუძველს წარმოადგენს. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ საქმეში არ ჩააბა თ. ყ.-ი და ე. პ.-ა; რაიონული სასამართლო აშკარად გასცდა სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელე მოითხოვდა საზღვრის დადგენას, გადაწყვეტილებით კი სასამართლომ მოპასუხეს დაავალა სამიჯნე კედლის დანგრევა და ახლის აგება, რაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია.
უმაღლესმა სასამართლომ რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასევე იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია, საქმე დაუბრუნა ხელახალი განხილვის მიზნით რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, სასამართლოს დამატებით რომელი საკითხების გამოკვლევა მოეხდინა.
2002წ. 10 სექტემბერს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძლით:
კასატორს მიაჩნია, რომ უმაღლესი სასამართლოს მითითება საქმეში სავალდებულო თანამონაწილეების ჩაბმის შესახებ უკანონოა და მიმართულია არა დავის გადაწყვეტის, არამედ ამ დავის გადაწყვეტის გაჭინაურებისაკენ, ვინაიდან თ. ყ.-ი და ვ. პ.-ა არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მათი მოყვანა სასამართლო პროცესზე გაძნელდება.
კასატორს მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლო არ გასცდენია სარჩელის მოთხოვნას. მან პროცესზე დააზუსტა მისი მოთხოვნა და სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საზღვრის დადგენასთან ერთად საჭირო იყო კედლის დანგრევა და ახლის აღმართვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
მოცემულ შემთხვევაში უმაღლესმა სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უფლება ჰქონდა, საქმე ხელახლა განხილვისათვის დაებრუნებინა რაიონული სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უმაღლესმა სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვის დროს რაიონულმა სასამართლომ კანონთან შესაბამისობაში უნდა გადაწყვიტოს საქმეში სავალდებულო თანამონაწილეთა ჩაბმის საკითხი, უნდა დაზუსტდეს მოსარჩელის მოთხოვნა და გაირკვეს, სადავო კედელი სამიჯნე კედელია, თუ - სამეზობლო.
არასწორია კასატორის მოთხოვნა მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, ვინაიდან, მოცემულ საქმეზე არც პირველი ინსტანციის და არც მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. Aამასთან, მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას და მიჯნის განსაზღვრას, სარჩელი კი დაუზუსტებელია. თუკი მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნებში გულისხმობს მოპასუხის ნაგებობების დანგრევას, ან მოპასუხეზე სასაზღვრო ახალი მიჯნის აშენების დავალების გადაწყვეტას, ასეთი მან უნდა ჩამოაყალიბოს თავის წერილობით სარჩელში, ვინაიდან სსკ-ს 177-ე მუხლის საფუძველზე საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით და იგი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
მართალია, სსკ-ს 224-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დასაშვებია დავის საგნის შეცვლა, ასევე სასარჩელო მოთხოვნის გადიდება, მაგრამ აღნიშნული უნდა მოხდეს ასევე წერილობით სსკ-ს 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში უმაღლესმა სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ რაიონული სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილი იყო სასაზღვრო მიჯნის დადგენა, სასამართლომ კი სასაზღვრო მიჯნის დადგენასთან ერთად დაადგინა ნაგებობების დანგრევა და ახალი ნაგებობების აგება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აგვისტოს განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.