გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1202-01 24 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: ხელშეკრულებით გადახდილი თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 28 აპრილს ა. ა-იანმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ა. ს-ძის წინააღმდეგ.
სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1996 წლის 27 მარტს მან მოპასუხესთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხის საკუთრებაში არსებული სამსართულიანი დაუმთავრებელი სახლის კარკასი გადავიდოდა მოსარჩელის საკუთრებაში, თუ ეს უკანასკნელი აღნიშნული კარკასის ღირებულებას _ 10000 აშშ დოლარს გადაიხდიდა ეტაპობრივად, ერთი წლის განმავლობაში.
მოსარჩელემ მოპასუხეს _ ა. ს-ძეს, გადაუხადა კარკასის ღირებულების ნახევარი _ 5000 აშშ დოლარი. სასარჩელო განცხადების მიხედვით მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მან ამის შემდეგ მოპასუხეს რამდენიმეჯერ შესთავაზა დარჩენილი თანხის გადახდა, მაგრამ იგი ურჩევდა, რომ ეს თანხები გამოეყენებინა კარკასის მშენებლობის დასამთავრებლად.
1997 წლის 9 მარტს მოპასუხესა და ა. ა-იანს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს დაეკისრა კარკასის დარჩენილი გადასახდელი თანხიდან 3000 აშშ დოლარზე 5%-ის, ხოლო 2000 აშშ დოლარზე _ 10% გადახდა ყოველთვიურად, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი 5000 აშშ დოლარი და სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები დატოვებული იქნა როგორც გირაო, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ა. ა-იანი 2000 წლის 7 მარტისთვის არ გადაიხდიდა დარჩენილ 5000 აშშ დოლარს, დაგირავებული ქონება უკან აღარ დაუბრუნდებოდა.
1997 წლის 9 მარტის ხელშეკრულების დადების შემდეგ ა. ა-იანმა გამოარკვია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება დადებული იქნა არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ფორმების იგნორირებით, მაგრამ ამ დროისათვის მას უკვე პროცენტის სახით გადახდილი ჰქონდა 1550 აშშ დოლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმდეს ნასყიდობის ხელშეკრულება არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების _ 20000 აშშ დოლარის, ასევე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი 6550 აშშ დოლარის, წარმომადგენლისათვის გადახდილი თანხის _ 2000 ლარის და სახელმწიფო ბაჟის _ 600 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი წინააღმდეგია ნასყიდობის ხელშეკრულების დადების, რადგან ა. ა-იანმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა კარკასის ღირებულება სრულად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21544 აშშ დოლარის წარმომადგენლის ხარჯების _ 2000 ლარის და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 345 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ძის წარმომადგენელმა ამ. ს-ძემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ იგი გამოტანილ იქნა კანონის დარღვევით და ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა და იმ მოტივით, რომ მოპასუხის მიერ სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების დასადგენად საქმეში არსებული ექსპერტის ორი დასკვნიდან სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია დასკვნა, რომლის მიხედვითაც ა. ა-იანის მიერ სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ოდენობა შეადგენდა 7100 აშშ დოლარს, ა. ს-ძეს ა. ა-იანის სასარგებლოდ სულ დაეკისრა 12600 აშშ დოლარი. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სამოქლაქო კოდექსის 352-ე, 548-ე მუხლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მიხედვით ა. ა-იანს არ უნდა ეწარმოებინა მშენებლობა, რაკი ხელშეკრულებით არ შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო ამ შენობის ა. ა-იანის მიერ შესყიდვა, ა. ა-იანი ვალდებული იყო ხარჯთაღრიცხვა ეწარმოებინა მესაკუთრესთან ერთად, რადგანაც ხდებოდა არა მიმდინარე რემონტი, არამედ მშენებლობა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-იანმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იგი მიღებულ იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაუთვალისწინებლად, კერძოდ სასამართლომ ისე გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა, არ დაასაბუთა რატომ მიიჩნია იგი ჭეშმარიტად და რატომ არ გაიზიარა მეორე ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მშენებლობისათვის დაიხარჯა 16.343 აშშ დოლარი, ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გადაწყვეტილების დასაბუთებაში იგულისხმება სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვა. მითითებული ნორმით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ მითითებული ნორმის მოთხოვნა არ შეასრულა, კერძოდ, საქმის მასალებში არის ექსპერტის ორი დასკვნა: 2000 წლის 16 აგვისტოს ექსპერტის დასკვნით ა. ა-იანის მიერ შესრულებული სამუშაოების თანხა შეადგენს 16343 აშშ დოლარს, მეორე დასკვნით, რომელიც გაცემულია 2000 წლის 27 ნოემბერს ირკვევა, რომ პირველი ექსპერტის მიერ თავის დასკვნაში მითითებული სამუშაოების მოცულობის ღირებულება ნაცვლად 16343 აშშ დოლარისა, შეადგენს 7100 აშშ დოლარს; 2. ქ.ბათუმში, ... მდებარე მშენებარე საცხოვრებელ სახლზე მოსარჩელის მიერ შესრულებული სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ღირებულება მყარ ვალუტაში შეადგენს 8957 აშშ დოლარს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა: ერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ დახარჯულია 16343 აშშ დოლარი, მეორე კი 7100 აშშ დოლარი, პალატა გაეცნო ორივე ექსპერტის დასკვნას და მიაჩნია, რომ მეორე ექსპერტის დასკვნა ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოსაა და იზიარებს მას. სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ იზიარებს ერთი ექსპერტის დასკვნას და არა მეორეს; არ მიუთითა იმ მოსაზრებებზე, რომლებითაც უარყო მან მეორე ექსპერტის დასკვნა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების იურიდიული დასაბუთებაც არასწორია. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს მიმდებარე რემონტის ხარჯებს ქირავნობის ხელშეკრულების დროს. სასამართლოს ეს ნორმა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობს. სასამართლომ ასევე გამოიყენა ამავე კოდექსის 352-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან აღნიშნული ნორმა არეგულირებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგებს.
საკასაციო პალატას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 1996 წლის 7 მარტისა და 1997 წლის 13 მარტის ხელშეკრულებები წარმოადგენენ არარა გარიგებებს, რადგან ისინი ფორმის დაუცველად დადებული გარიგებებია. უაძრავი ქონების შესაძენად სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 323-ე მუხლებით დადგენილია ხელშეკრულების რთული სანოტარო ფორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით ბათილია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო 61-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, უცილოდ ბათილი გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. ასეთ შემთხვევაში გარიგების მონაწილე მხარეებს წარმოეშობათ უფლება მოითხოვონ ის, რაც ვალდებულების შესასრულებლად გადასცა მეორე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში კი ა. ა-იანის სარჩელის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილი და 987-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ უნდა გამოარკვიოს: უცილოდ ბათილი გარიგების მხარეები ხომ არ ადასტურებენ მას (61-ე მუხლის II ნაწილი), რადგან მოსარჩელეს კვლავ სურს ამ ხელშეკრულების დადება; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ განმეორებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზით (კომისიური წესით) უნდა დაადგინოს რა სამუშაოები ჩაატარა ა. ა-იანმა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლის კარკასზე, რათა დადგინდეს ა. ა-იანის მიერ გაწეული ხარჯების ზუსტი ოდენობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ა-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.