Facebook Twitter

¹ 3კ/1204-01 20 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 6 დეკემბერს თ. დ-შვილმა სს “რუსთავცემენტის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1985 წლის 17 იანვარს, რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1984 წლის 29 აგვისტოს ¹408 გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხესთან დადო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მას ქარხანაში კეთილსინდისიერად უნდა ემუშავა არანაკლებ 5 წლისა, მოპასუხე კი დააკმაყოფილებდა კომუნალური ბინით.

მოპასუხემ პირობა არ შეასრულა.

2000 წლის 24 თებერვალს მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება ბინით დაკმაყოფილების ნაცვლად, ხელშეკრულების მონაწილე პირზე ხელშეკრულების დამთავრების დღისათვის არსებულ სულადობის შესაბამისად თითოეულ სულზე 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გაცემის შესახებ, მოსარჩელემ (მიიღო კომპენსაცია 2 სულზე გაანგარიშებით), მაგრამ მოპასუხემ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების დამთავრების პერიოდის შემდგომ შეძენილი ორი შვილისათვის ფართის კომპენსაციის საკითხი.

მოსარჩელემ “საქართველოს სსრ-ში საბინაო პირობების გასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვისა და საცხოვრებელი სადგომების მიცემის შესახებ” წესის 44-ე პუნქტით, ადრე მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153-ე, 154-ე, 165-ე, 212-ე, ახალი სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 404-ე და 408-ე მუხლებისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 და 31 მუხლების საფუძველზე მოითხოვა ოჯახის ორ წევრზე (ბავშვებზე) გაუცემელი ბინის კომპენსაციის თანხა 5000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1991 წლის დასაწყისიდან, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გავიდა 1993 წელს, საზოგადოებამ მხედველობაში მიიღო მუშაკთა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები და 2000 წლის 24 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება მათი და მათ შორის მოსარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იმ პრინციპით, რომ მოსარჩელეს კომპენსაცია მიცემოდა ხელშეკრულების შესრულების დროისათვის სულადობის მიხედვით, თითოეულ სულზე 1000 აშშ დოლარის ოდენობით და ვინაიდან ამ დროისათვის, 1991 წლის დასაწყისისათვის, მისი ოჯახი 2 სულისაგან შედგებოდა, მას გამოეყო კომპენსაცია ორ სულზე 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი იყო 1985 წლის 17 იანვრის ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა, მოპასუხემ კი – არა. ქარხნის ადმინისტრაცია ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (კომუნალური ბინის გამოყოფა) შეესრულებინა 1990 წლის ბოლომდე. მითითებული დროიდან მოსარჩელეს წარმოეშვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება.

სს “რ.” 2000 წლის 24 თებერვლის ¹34 ბრძანებით საცხოვრებელი ბინის საკომპენსაციოდ ხელშეკრულების მონაწილე პირზე თანხის მიცემის ნების გამოხატვით აღიარა მოთხოვნის არსებობა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარებით წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა. ზემოთ მითითებულ ¹34 ბრძანებით შეიცვალა “რ.” მიერ 1985 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება – ბინით უზრუნველყოფა _ საკომპენსაციო თანხის მიღებით. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ სს “რ.” მიიღო ბინის საკომპენსაციო თანხა 1500 აშშ დოლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 1985 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულის ნაცვლად შესრულებად მიიღო სხვა ვალდებულების შესრულება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლის თანახმად კრედიტორის მიერ ვალდებულებით გათვალისწინებულის ნაცვლად შესრულებად სხვა ვალდებულების მიღების (ნოვაციის) შემთხვევებში ვალდებულებითი ურთიეროთობა წყდება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სს “რ.” მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მუშაობის გაგრძელება არ ნიშნავდა იმას, რომ მხარეებს შორის 1985 წელს დადებული ხელშეკრულება, ბინით უზრუნველყოფის თაობაზე, ავტომატურად გრძელდებოდა.

2001 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: კასატორს მიაჩნია, რომ 1985 წლის 17 იანვარს დადებული ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და 2001 წლამდე მოპასუხე ორგანიზაციაში იგი ამ ხელშეკრულების შესაბამისად აგრძელებდა მუშაობას. აქედან გამომდინარე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, ბინით უზრუნველყოფის შესახებ, ძალაში იყო მთელი ამ დროის განმავლობაში და საცხოვრებელი ფართი მას უნდა მიეღო ოთხ სულზე.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასაწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მხარეებს შორის 1985 წელს დადებულ ხელშეკრულებაში მკაცრად იყო განსაზღვრული მხარეთა უფლება მოვალეობები. ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელეს მითითებულ ორგანიზაციაში კეთილსინდისიერად უნდა ემუშავა არანაკლებ 5 წლისა, რომლის სანაცვლოდაც ქარხანამ იკისრა მისი ქარხნის საერთო საცხოვრებელში ერთოთახიანი ბინით უზრუნველყოფას, ხოლო 3-5 წლის განმავლობაში _ კომუნალური ბინით დაკმაყოფილება.

ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის თუ რამდენოთახიანი (კომუნალური) ბინით იქნებოდა მოსარჩელე უზრუნველყოფილი. ხელშეკრულების შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1990 წლის 31 დეკემბერი. ხელშეკრულების შესაბამისად კომუნალური ბინის მიღების მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 1991 წლის 1 იანვრიდან და იარსებებდა 1994 წლის 1 იანვრამდე, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქციით) 75-ე მუხლის შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრებოდა სამი წლით.

მითითებული კანონის შესაბამისად 1985 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომუნალური ბინის გამოყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გავიდა 1994 წლის 1 იანვარს. ის გარემოება, რომ მოსარჩელე აგრძელებდა მითითებულ ორგანიზაციაში მუშაობას, არ წარმოშობდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების, ან კომუნალური ბინით უზრუნველყოფის ვალდებულების გაგრძელების საფუძველს, რადგან მოსარჩელე შრომით ურთიერთობას მოპასუხე ორგანიზაციაში აგრძელებდა უკვე არა 1985 წელს დადებულ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არამედ შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, თუ მუშაკი აგრძელებს საწარმოში მუშაობას შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ და ადმინისტრაცია ამის წინააღმდეგი არაა, შრომითი ხელშეკრულება უვადოდ ითვლება გაგრძელებულად. ამ გარემოებას არავითარი საერთო არა აქვს 1985 წლის 17 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობასთან _ 3-5 წლის მუშაობის შემდეგ მუშაკის კომუნალური ბინით უზრუნველყოფასთან მიმართებაში. ამ ხელშეკრულების შესაბამისად მუშაკს 1990 წლის 31 დეკემბრიდან შეეძლო შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და დაეყენებინა კომუნალური ბინით უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაცია მაინც იქნებოდა ვალდებული, დაეკმაყოფილებინა მუშაკის მოთხოვნა. მუშაკს, თუკი ადმინისტრაცია წინააღმდეგი არ იქნებოდა, შეეძლო მუშაობა გაეგრძელებინა 1990 წლის 31 დეკემბრის შემდეგაც და 3 წლის ვადაში (სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლამდე) მოეთხოვა 1985 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ადმინისტრაცია ვალდებული იქნებოდა, შეესრულებინა ვალდებულება, მაგრამ მუშაკს ამ უფლებით (სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვით) 2000 წლის 6 დეკემბრამდე არ უსარგებლია. შრომითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველზე ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის წარმოშობილი უფლება-მოვალეობები, კომუნალური ბინით მისი დაკმაყოფილების შესახებ, განხილულ უნდა იქნეს შრომითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად, რადგან ამ ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულებაში სპეციალური პირობებია გათვალისწინებული. მართალია, მითითებული უფლება მოვალეობები წარმოშობილია შრომითი ხელშეკრულებით, მაგრამ ხელშეკრულების შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების ვადა თავდება 1999 წლის 31 დეკემბერს და ამის შემდეგ მუშაკის ინიციატივით ამ საწარმოში შრომითი ურთიერთობის გაგრძელება ავტომატურად ვერ გააგრძელებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას – კომუნალური ბინით უზრუნველყოფის ვალდებულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე, ვინაიდან კომუნალური ბინით დაკმაყოფილების ვალდებულების თაობაზე შესრულების მოთხოვნის უფლება უკვე დამდგარი იყო 1990 წლის 31 დეკემბერს. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქციით) 84-ე მუხლის შესაბამისად კი, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარების შემთხვევაშიც, ანუ ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების ან კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების მიცემის შემთხვევაში ხანდაზმულობის დენა თავიდან დაიწყება და მოვალეს უფლება არა აქვს, უარი განაცხადოს მასზე.

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიეთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება.

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ერთი მხარე მერე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას ვალის აღიარებით. იმ პირს, რომელმაც აღიარა ვალი, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც აღიარებულ იქნა ვალი, წარმოეშობა მოთხოვნის უფლება. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. იგი არის ახალი დამოუკიდებელი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი, იმ ფარგლებში, რომელ ფარგლებშიც იქნა ვალი აღიარებული. აღნიშნული აღიარება მეორე მხარეს უფლებას აძლევს მოითხოვოს შესრულება. ვალის აღიარების დროს, ვინაიდან იგი ახალი ხელშეკრულებაა, ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება აღიარების მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში სს “რ.” 1985 წლის ხელშეკრულებით კომუნალური ბინით დაკმაყოფილების ნაკისრი ხანდაზმული ვალდებულების ნაცვლად 2000 წლის 24 თებერვალს იკისრა სხვა ვალდებულება _ 1991 წლის 1 იანვრისათვის, სულადობის მიხედვით საკომპენსაციოდ 1000 აშშ დოლარის გადახდა. მოვალეს ამ დროიდან წარმოეშვა სწორედ ამ ვალდებულების შესრულების მოვალეობა, ხოლო კრედიტორს _ ამ აღიარებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება.

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ, რადგან 1990 წლის 31 დეკემბერს მეუღლესთან არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში (რეგისტრაცია განხორციელდა 1993 წელს), მაგრამ ადმინისტრაციამ საკომპენსაციო თანხა მასზეც გასცა, აღნიშნული გარემოება მას უფლებას ანიჭებდა, მოეთხოვა ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ დაბადებული ორი შვილის საკომპენსაციო თანხაც.

2000 წლის 24 თებერვლის ¹34 ბრძანების გათვალისწინებით ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა მოვალის მეუღლისათვის საკომენსაციოდ არ გამოეყო 1000 აშშ დოლარი (რადგან ქორწინების რეგისტრაცია განხორციელებულია 1993 წელს, ანუ 1985 წლის 17 იანვრის ხელშეკრულების მოქმედების დამთავრების შემდეგ), მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულების დაბრუნება. ზემოთ მითითებული გარემოება (მოვალის მეუღლისათვის საკომპესაციო თანხის მიცემის შესახებ) არანაირ უფლებას არ წარმოშობს კასატორის სასარგებლოდ, მოითხოვს კომპენსაცია ხელშეკრულების მოქმედების დამთავრების შემდეგ დაბადებული შვილებისთვისაც.

სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლის შესაბამისად მართალია, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როცა კრედიტორი ვალდებულებით გათვალისწინებულის ნაცვლად შესასრულებლად იღებს სხვა ვალდებულების შესრულებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ნოვაციას არ ჰქონია ადგილი. ნოვაცია ხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების ვადებში და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან ვალდებულების შეწყვეტას ნოვაციით მაშინ ექნება ადგილი, როცა ასეთ შესრულებას კრედიტორი იღებს. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ამ ურთიერთობის გადასაწყვეტად არ უნდა გამოეყენებინა ზემოთ მითითებული ნორმა. ვინაიდან ვალდებულების შეწყვეტა ნოვაციით არ მომხდარა, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან მითითებული დასაბუთება უნდა ამოირიცხოს.

მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ 1998 წლის 17 იანვრის სახელშეკრულებო ურთიერთობების და ადმინისტრაციის 2000 წლის 24 თებერვლის ¹34-ე ბრძანებიდან გამომდინარე ურთიერთობების გათვალისწინებით სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა და სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებელია კასატორის განთავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თ. დ-შვილი განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.