Facebook Twitter
3კ-1204-02

3კ-1204-02 20 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ე.-მ. მოსარჩელის განმარტებით, მისი საცხოვრებელი ბინის თავზე მოპასუხეებმა დააშენეს სხვენი, მოაწყეს ორი სანიტარული კვანძი. მოსარჩელის განმარტებით, ამ მშენებლობით მას დაუნგრიეს სამზარეულო, ჩამოინგრა ბინის ჭერი, ბინაში სისტემატურად ჩამოდის წყალი. მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და მისი სამზარეულოს თავზე დაყენებული კომუნიკაციების აღება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მ. ქ.-ის განმარტებით, მათ სართულის დაშენების დროს სახურავი გადახადეს, რამაც გამოიწვია წვიმის წყლის ჩასვლა ჩადინება და ჭერის დაზიანება. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ მან დაზიანებული ჭერის შესაკეთებლად მოსარჩელეს შესთავაზა გარკვეული თანხა, რაზედაც უარი მიიღო. მოპასუხეს მიაჩნია, რომ დაშენებულ სართულზე სველი წერტილები განლაგებულია პროექტის შესაბამისად. მხარეებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე მოპასუხე მ. ქ.-მ მოსარჩელეს გაუკეთა ღია აივანი. მოპასუხე მიუთითებს, რომ მის მიერ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 700 ლარი. სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შემდეგ გავიდა ათი წელი და თუ მოსარჩელეს სურვილი ჰქონდა, აქამდე უნდა ეჩივლა.

მოსარჩელის შუამდგომლობით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა, რომელსაც უნდა გამოეკვლია შემდეგი: 1. იყო თუ არა პროექტის დარღვევით განთავსებული დაშენებულ სართულზე სველი წერტილები. 2. გამოწვეული იყო თუ არა მოსარჩელის სახლში დაზიანებები მოპასუხის ზეგავლენით.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მოპასუხეების მიერ დაშენებულ ბინებში სველი წერტილები მოწყობილია პროექტით გათვალისწინებულისაგან მცირედი დარღვევით. მოსარჩელეს საცხოვრებელ ბინაში დაზიანებული აქვს მთლიანი ჭერი, რაც, ექსპერტის აზრით, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს დაშენების დროს სახურავის მოხსნის შედეგად ატმოსფერული ნალექების ზეგავლენით. საცხოვრებელ ბინაში არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად ჩატარებული საჭირო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 424 ლარს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე და მოსარჩელის კუთვნილი სამზარეულოს თავზე დაყენებული კომუნიკაციების აღებაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტის მითითების თანახმად მოპასუხეთა საცხოვრებელ ბინებში კომუნიკაციები ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის იმყოფებოდა გამართულ მდგომარეობაში და მათგან წყალი არ ჩადის.

იმის გამო, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის ჭერის დაზიანებანი ყველგან იდენტურია, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს დაზიანებანი ძირითადად გამოწვეულია საცხოვრებელ კორპუსზე სახურავის მოშლის შედეგად ატმოსფერული ნალექების ჩასვლით. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 1996-97 წლებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ 1964წ. რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი ხანდაზმულია.

სასამართლო მიუთითებს, რომ მ. ე.-ის საცხოვრებელი ბინის თავზე არსებული მოპასუხეთაA კუთვნილი საცხოვრებელი ბინის სამზარეულოში მოწყობილია სველი წერტილები. მოპასუხეთა ბინებში განთავსებული სველი წერტილების მდგომარეობა აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა იქნეს აღებული მოპასუხეთა ბინების სამზარეულოებში მოწყობილი კომუნიკაციები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ე.-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩაA ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტს წყალი ჩაუვიდა სახლზე სახურავის გადახდით, იგივე დასტურდება სასამართლოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნითაც. ჭერი კორპუსს გადახადეს 1997 წლამდე, ხოლო 1997წ.ათვის მშენებლობა შევიდა ექსპლუატაციაში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტისა და ქალაქის მთავარი არქიტექტორის წერილებიდან ირკვევა, რომ აპელანტმა ჯერ კიდევ 1992-94 წლებში იცოდა ზიანის არსებობის თაობაზე, მას კი 2001 წლამდე სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად.

საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი სველი წერტილები მოწყობილია პროექტით გათვალისწინებულისაგან მცირე გადახვევით, რაც არ ეწინააღმდეგება სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რაც შეეხება მ. წ.-ის მიერ მოსარჩელისათვის ტელევიზორის, მაცივრის, ნათურების დაზიანების ფაქტს, აღნიშნულის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოთხოვნა მხარეს არ დაუყენებია, ამიტომ ვერც სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს მასზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარიამ ე.-მა. კასატორი ითხოვს ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ:

ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;

ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;

გ) არასწორად განმარტა კანონი.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არის გამოყენებული სამართლის ნორმები.

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით.

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ აპელანტმა ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში იცოდა ზიანის არსებობის შესახებ მან სარჩელით მიმართა სასამართლოს 2001 წელს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

სსკ-ს 84-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

სსკ-ს 83-ე მუხლის თანახმად საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. სსკ-ს 381-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმაა ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ტელევიზორის, მაცივრის, ნათურების დაზიანების გამო ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა დავის საგნის გაზრდას წარმოადგენს, რაზედაც საფუძვლიანად ეთქვა უარი სააპელაციო პალატის მიერ.

დადგენილია, რომ მოპასუხეთაA მიერ სველი წერტილები მოწყობილია პროექტით გათვალისწინებულისაგან მცირე დარღვევით, რაც არ ლახავს მოსარჩელეთა უფლებასა და კანონით დაცულ ინტერესებს.

აღნიშნულის გამო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონმდებლობის დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ე.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.