Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№384აპ-24 თბილისი

ზ-ი ზ., 384აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ზ. ზ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 24 ოქტომბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ზ-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის ივლისში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქ. რ-ში, -----ში მდებარე ლ. ჭ-ას სამუშაო ადგილზე, შპს „პ-----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ყოფილი მეუღლე ვალდებული იყო, მისი მოთხოვნა შეესრულებინა, ყოფილ მეუღლეს – ლ. ჭ-ას – მოსთხოვა შერიგება. ყოფილი მეუღლის უარით განაწყენებული ზ. ზ-ი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც, ლ. ჭ-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:30 საათზე, ქ. რ-ში, -----ში მდებარე ლ. ჭ-ას სამუშაო ადგილზე, შპს „პ-----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ყოფილი მეუღლე ვალდებული იყო, მისი მოთხოვნა შეესრულებინა, ყოფილ მეუღლეს – ლ. ჭ-ას – მოსთხოვა შერიგება. ყოფილი მეუღლის უარით განაწყენებული ზ. ზ-ი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ლ. ჭ-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ადვოკატი ლ. ჯ. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ზ. ზ-ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას, დანარჩენ ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით) და შემამსუბუქებელი (მათ შორის – 2023 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდის აღიარება) გარემოებები და ზ. ზ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და სათანადო მუხლის სანქციის ფარგლებშია.

8. რაც შეეხება ადვოკატის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმის, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნებისა და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლში მითითებული დამამძიმებელი გარემოებების არსებობის გათვალისწინებით, ზ. ზ-ს დანიშნული აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის სრულად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე