Facebook Twitter

საქმე # 210100123007404170

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №387აპ-24 ქ. თბილისი

ს. გ. 387აპ-24 15 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

გ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1 2023 წლის 6 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს–ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ ე. ჯ–ს მიერ გამოიცა N....... შემაკავებელი ორდერი, 30 დღით, რომლის თანახმადაც გ. ს–ს, ოჯახის წევრის, კერძოდ, ბებიის - ნ. შ–სის მიმართ განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით;

აღნიშნულის მიუხედავად, 2023 წლის 15 აპრილს, საღამოს საათებში, ალკოჰოლით მთვრალი, საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის მესამე ნაწილით ნასამართლევი გ. ს–ი მივიდა ს–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე ნ. შ–ის საცხოვრებელ სახლში და დაამყარა მასთან კომუნიკაცია, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2.2 2023 წლის 6 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს–ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ ე. ჯ–ს მიერ გამოიცა N....... შემაკავებელი ორდერი, 30 დღით, რომლის თანახმადაც გ. ს–ს, ოჯახის წევრის, კერძოდ, ბებიის - ნ. შ–ს მიმართ განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

მიუხედავად ამისა, 2023 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, ალკოჰოლით მთვრალი საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით ნასამართლევი გ. ს–ი მივიდა ს–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე ნ. შ–ს საცხოვრებელს სახლში და დაამყარა მასთან კომუნიკაცია, აგრეთვე, მეზობლად მცხოვრები ნ. მ–ს საცხოვრებელ სახლში გასულ ნ. შ–სთან კვლავ მივიდა გ. ს–ი და განაგრძო მასთან კომუნიკაციის დამყარება, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები;

2.3 2023 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ნ–ში, ნ. შ–ს საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლით მთვრალი გ. ს–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბებიას - ნ. შ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის განაჩენით:

3.1. გ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. გ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით (2023 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. გ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 24 აპრილიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

2023 წლის 6 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ ე. ჯ–ს მიერ გამოიცა N..... შემაკავებელი ორდერი, 30 დღით, რომლის თანახმადაც გ. ს–ს, ოჯახის წევრის, კერძოდ, ბებიის - ნ. შ–ს მიმართ განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

მიუხედავად ამისა, 2023 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, ალკოჰოლით მთვრალი საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის მესამე ნაწილით ნასამართლევი გ. ს–ი მივიდა ს–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე ნ. შ–ს საცხოვრებელ სახლში და დაამყარა მასთან კომუნიკაცია, აგრეთვე, მეზობლად მცხოვრები ნ. მ–ს საცხოვრებელ სახლში გასულ ნ. შ–სთან კვლავ მივიდა გ. ს–ი და განაგრძო მასთან კომუნიკაციის დამყარება, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა და მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და გ. ს–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით.

5.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ბ–მ და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი მიხეილ კუპრაშვილი ითხოვს გ. ს–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით.

7.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ბ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

9.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული; სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) გამართლება განაპირობა; გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ გ. ს–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

14. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ნ. შ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას უარყო შვილიშვილის – გ. ს–ს მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტი და მიუთითა, რომ გ. ს–ი მას არ დამუქრებია. მოწმის სახით დაკითხული ნ. მ–ს ჩვენებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე არ შესწრებია მუქარის ფაქტს, მან განმარტა, რომ მის სახლში მყოფ ნ. შ–ს ჭიშკრიდან გ. ს–ი ეძახდა „ნ–ა გამოდი გარეთ, თუ არ გამოხვალ გარეთ ყურებით გამოგათრევო“. მოწმის შეფასებით გ. ს–ი ალკოჰოლისაგან ისე იყო გამოფიტული ვინმეს გათრევის თავი არ ჰქონდა, ეს იყო მხოლოდ ცარიელი სიტყვები. მისთვის დაზარალებულს არ უთქვამს, რომ გ-ს მუქარის ეშინოდა.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეების: გ. უ–ს, ვ. ტ–ს და მ. ქ–ს ჩვენებები ( ნ. შ–ს სახლში მისულებს, ადგილზე დახვდათ ალკოჰოლით მთვრალი გ. ს–ი, რომელიც მოკვლით ემუქრებოდა ნ. შ–სს) გ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების სამტკიცებლად ირელევანტურია. ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს გ. ს–ს ბრალდების შესახებ დადგენილება, იმავდროულად, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მუქარის დროს ნ. შ–ი სახლში არ იმყოფებოდა და იყო პოლიციის განყოფილებაში და შესაბამისად არ შესწრებია აღნიშნულს.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე – მ. შ–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება შვილის - გ. ს–ს წინააღმდეგ.

17. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა არ დაადასტურა გ. ს–ს მხრიდან მუქარის ფაქტი, არ არსებობს თვითმხილველი მოწმის ჩვენება (მოწმე ნ. მ–ს განმარტება, რომ მის სახლში მყოფ ნ. შ–ს ჭიშკრიდან გ. ს–ი ეძახდა „ნ–ა გამოდი გარეთ, თუ არ გამოხვალ გარეთ ყურებით გამოგათრევო“ ვერ შეფასდება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მუქარად) საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება გ. ს–ს ქმედებებით დაზარალებულისათვის მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

18. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ნ. შ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა გ. ს–ს მიერ 2023 წლის 15 აპრილს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი. მოწმე ნ. მ–ს განმარტებით, კი 2023 წლის 24 აპრილისთვის მისთვის ცნობილი იყო, რომ გ. ს–ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, თუმცა, გ–ი მას არ უნახავს და როგორც გ. ს–ს დედისგან მ.შ–სგან იცოდა, გ–ი გარკვეული პერიოდი ბ–ში იყო, ზოგჯერ ბიძაშვილებთან რჩებოდა, სახლში მისული მას არ დაუნახავს. მოწმისთვის ასევე უცნობია 2023 წლის 24 აპრილამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე როდესაც ნ. შ–ი მასთან გადავიდა ვისთან ჰქონდა უსიამოვნება, ამასთან, მოწმეს არ ახსოვს ეს ფაქტი 15 აპრილს იყო თუ მანამდე.

19. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ს–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

20. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სსსკ-ი არ ადგენს განსხვავებულ (უფრო დაბალ) მტკიცებით სტანდარტს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, §29, ECtHR, 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017).

22. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი