საქმე # 010100123007761406
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №391აპ-24 ქ. თბილისი
ძ. ნ. 391აპ-24 2 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ძ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ძ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ქ. ბ–ში, ........ას ქ. N..-ში, ს. ბ–სას მიერ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განაწყენებულმა ნ. ძ–მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, ასევე ორივე ხელი მოუჭირა თავზე და თავით მიაჯახა კედელს ს. ბ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2023 წლის 13 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ტელეკომპანია ,,......ას’’ ჟურნალისტი ს. ბ–სა და ოპერატორი თ. ხ–ა ინტერვიუს ჩასაწერად მივიდნენ ქ. ბ–ში, ........ას ქ. N..-ში მცხოვრებ ნ. ძ–სთან, რა დროსაც ნ. ძ–ი გახდა აგრესიული და ს. ბ–ს ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, ასევე ორივე ხელი მოუჭირა თავზე და თავით მიაჯახა კედელს ს. ბ–სა, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ნ. ძ–ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ჟურნალისტმა ს. ბ–მ ვერ შეძლო პროფესიული საქმიანობის განხორციელება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ნ. ძ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ჯარიმა – 1.000 ლარი;
3.2. საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ჯარიმა – 1.000 ლარი;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ძ–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1.000 ლარი;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ძ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ. ძ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს სასჯელის დამძიმებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ნ. ძ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის აღიარებასთან ერთად საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ს. ბ–ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე თ. ხ–ს და ჟ. წ–ს გამოკითხვის ოქმები, დაზიანებული ყურსასმენის ამოღების ოქმი, გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი და სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნა), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. ძ–მა ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებები.
10. მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
11. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-33). „თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).
12.1. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. ძ–მა მტკიცებულებები ცნო უდავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, არ არის ნასამართლევი.
12.2. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის სახის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების დებულებათა, ასევე პატიმრობის ultima racio ხასიათის გათვალისწინებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ “იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ ... მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად” ( Tortladze v. Georgia, no. 42371/08, §§77, ECtHR, 18/06/2021).
14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე