Facebook Twitter

¹ 3კ/1212-01 27 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უღირს მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ქ-შვილის შვილს _ ი. ქ-შვილს და რძალ მ. პ-ძეს 1981 წლის “გაყრილობის განაჩენით” მიეკუთვნათ ა. ქ-შვილის ყოფილი მეუღლის, აწ გარდაცვლილი ვ. ქ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან 2 ოთახი პირველ და მეორე სართულზე. 1987 წელს მშობლებმა შვილსა და რძალს აუშენეს სახლი, რის შემდეგაც ისინი ამოეწერნენ მამისეული სახლიდან და 1987–1998 წლებში ცხოვრობდნენ მათ სახელზე აშენებულ სახლში. ვ. ქ-შვილის გარდაცვალების შემდეგ ი. ქ-შვილი და მ. პ-ძე შეიჭრნენ მამისეულ სახლში და ა. ქ-შვილს მიუჩინეს ერთი ოთახი.

ა. ქ-შვილმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეებისაგან – ი. ქ-შვილისა და მ. პ-ძისაგან მათ მიერ დაკავებული სახლის დაბრუნება. მოგვიანებით კი დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოითხოვა შვილის – ი. ქ-შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობა და უკანონოდ მითვისებული ქონების დაბრუნება.

გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ა. ქ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციის მიერ. ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნა შვილის უღირს მემკვიდრედ ცნობისა და მის საკუთრებაში არსებული ნივთების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო გარდაცვლილი მეუღლის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის გამოთხოვის ნაწილში შეწყდა მოსარჩელის მიერ უარის თქმის გამო.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1310-ე მუხლი და მიუთითა, რომ საქმის მასალებით ვერ დასტურდება, რომ მოპასუხემ განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი ჩაიდინა აპელანტის მიმართ. ასევე ვერ იქნა გაზიარებული მხარის მოთხოვნა ნივთების დაბრუნების ნაწილში, რადგან მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ნივთები ნამდვილად მის საკუთრებას წარმოადგენდა.

ა. ქ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივებით: მის შვილსა და რძალს შორის არის კონფლიქტური სიტუაცია, აყენებენ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც ადასტურებს მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებები და ი. ქ-შვილი სამოქალაქო კოდექსის 1310-ე, 1312-ე და 1313-ე მუხლის თანახმად ცნობილი უნდა იქნეს უღირს მემკვიდრედ. ასევე, ამ კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს უფლება აქვს უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ნივთები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლი, რადგან ამ ნორმის თანახმად, პირი შეიძლება ცნობილ იქნეს უღირს მემკვიდრედ თუ იგი განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნება-სურვილის განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროდან მათი წილის გაზრდას.

ასევე თუ პირი ხელს უშლიდა მოანდერძეს ანდერძის შედგენაში ან მამკვიდრებელს ისეთ ფაქტებს უმალავდა, რომელთა ცოდნის შემთხვევაში იგი სხვანაირად გადაწყვეტდა მემკვიდრეობის საკითხს.

ა. ქ-შვილის მიერ წარმოდგენილი გორის შს განყოფილების 1999 წლის 22 დეკემბრის წერილი იმის თაობაზე, რომ მისი სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მასალები გადაგზავნილი იქნა 1999 წლის 18 ივნისს შემდგომში რეაგირებისათვის გორის სასამართლოში, ვერ გამოდგება იმის მტკიცებად, რომ ი. ქ-შვილმა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ და რომ მის მიერ დედის შეურაცხმყოფელი მოქმედებები იმ მიზნით იყო ჩადენილი, რომ ხელი შეეწყო თავისი ან მისი ახლობელი პირების მემკვიდრედ მიწვევისათვის; მოცემულ შემთხვევაში ა. ქ-შვილის მიერ ანდერძი გაცემული არ არის.

ვერ იქნება დაკმაყოფილებული კასატორის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის შესახებ, რადგან ა. ქ-შვილის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა როგორც მის მიერ დასახელებული ნივთების საკუთრების, ისე ამ ნივთების მოპასუხეების მიერ უკანონოდ მითვისებისა და ფლობის ფაქტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება თითოეულ მხარეს. მესაკუთრემ, რომელმაც მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უნდა დაამტკიცოს, რომ იგი არის მესაკუთრე იმ ნივთისა, რომელსაც მოპასუხე ფლობს, რომლის დაუმტკიცებლობასაც იურიდიულად არახელსაყრელი შედეგი მოყვება იმ მხარისათვის, რომელსაც აწევს მტკიცების ტვირთი.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, სამართლებრივად დაასაბუთა გადაწყვეტილება და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.