საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №405აპ-24 თბილისი
წ-ა დ., 405აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. წ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დ. წ-ა, - ნასამართლობის არმქონე, დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. წ-ამ ჩაიდინა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2021 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით, 16:00 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ---ში მცხოვრებ დ. წ-ას სახლის ეზოში არსებულ საქათმეში შევიდა მეზობლის – ხ. მ-ის – ძაღლი, რომელიც ქათმებს დასდევდა. დ. წ-ამ აიღო ცული და დაარტყა ზურგისა და სახის არეში, რითაც ხ. მ-ის ძაღლს დაუზიანდა ხერხემლის მალა, მყესები, ნერვები და მიაყენა მძიმე, სისხლმდენი დაზიანებები. ძაღლი გადაიყვანეს თ-ში მდებარე ვეტერინარულ ცენტრ „ზ-ში“, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ სახლში მიყვანისას სუნთქვა გაუჭირდა, ვინაიდან მიღებული ჭრილობების შედეგად ძაღლმა დაკარგა ბევრი სისხლი, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-ემ. დაცვის მხარე ითხოვს დ. წ-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის გამართლებას.
5. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ეუაშვილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ დ. წ-ას მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (მოწმეების: ხ. მ-ის, გ. და გ. კ-ების, ნ. ნ-ის, მ. ს-სა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმები, ძაღლის ავადმყოფობის ისტორია და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2021 წლის 20 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოსაზრება მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან. დაცვას ბრალდების პოზიციის გასაბათილებლად არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, თუნდაც – სამედიცინო ბარათი, რომლითაც დადასტურდებოდა ძაღლის მიერ დ. წ-ასათვის კბენის ფაქტი. მეტიც, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ხ. მ-ის ძაღლი არ იყო აგრესიული და მის მიერ ქათმების შეჭმა ან ადამიანებზე თავდასხმა არავის დაუნახავს. მათივე ინფორმაციით, დ. წ-ას სამეზობლოში თითქმის ყველასთან დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო ძაღლების მიმართ იყო აგრესიული. ამასთან, ყველა მოწმემ განმარტა, რომ დ. წ-ას სახლს აქვს მაღალი ღობე, ხოლო საქათმე მავთულბადით (ე.წ. „სეტკით“) იყო შემოსაზღვრული და ძაღლი იქ ვერ შევიდოდა. ასევე, შემთხვევის ადგილზე ვერ ნახეს ძაღლის მხრიდან ქათმებზე თავდასხმის დამადასტურებელი რაიმე კვალი.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ დ. წ-ას ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ., ასევე: Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. წ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი