Facebook Twitter

საქმე # 330100123007372463

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №408აპ-24 ქ. თბილისი

გ. ვ. 408აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. გ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებითვ. გ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2023 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ. თ–ში, .......ის გამზირ N...-ში მდებარე შპს „ფ–ს“ კუთვნილ მარკეტ „ს–ში“, ვ. გ–ი დანის ყელზე მიბჯენით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავს დაესხა ლ. კ–ს და მოსთხოვა ფულადი თანხა, ლ. კ–ს დაეხმარა თანამშრომელი - ა. გ–ე, რომელსაც ასევე დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კონსულტანტების მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო თავდამსხმელმა ვერ შეძლო ფულადი თანხის დაუფლება, თუმცა იმის შიშით, რომ ვ. გ–ი, ლ. კ–ს ან ა. გ–ს მოკლავდა ან ჯანმრთელობას დაუზიანებდა, ა. გ–მ ვ. გ–ს გადასცა შპს „ფ–ს“ კუთვნილი 9,45 ლარად ღირებული ერთი ბოთლი „ნემიროვის“ ფირმის 200 მილიგრამიანი არაყი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ვ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ვ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2023 წლის 21 აპრილიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ვ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ბ–მა და მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში და ვ. გ–სათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით პირობითად ჩათვლა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ბ–მა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ვ. გ–სათვის დანიშნული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით პირობითად ჩათვლას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ვ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, დაზარალებულთა პოზიცია, ნასამართლობის არ ქონა), რისი გათვალისწინებითაც ვ. გ–ს სასჯელის სახით განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე), რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს.

12. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმისა და სასჯელის ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, ვ. გ–ს მიმართ მინიმალური სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება სასჯელის კერძო და საჯარო პრევენციის, ასევე - ვ. გ–ს რესოციალიზაციის მიზანს.

13. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობები, დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმის, ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნიწილის პირობითად ჩათვლა.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. გ–სათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

16. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ბ–ს საკასაციო საჩივრი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ.გაბინაშვილი