გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1214-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: დავალიანების დაფარვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 18 აპრილს შპს “ი-მა" შპს “.. ..-ის" ფილიალის თბილისის სატელეფონო ქსელების წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა 339818,90 ლარის ანაზღაურება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. “.. ..-ს" დაეკისრა 300266,90 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 4 იანვრის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ს 28-ე მუხლის შესაბამისად ფილიალი არის განცალკავებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის გარეთ, მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს, ან ახორციელებს მის ფუნქციებს. ამ ნორმის შესაბამისად ფილიალი არის ორგანზაციის ნაწილი და მას აქვს გარკვეული ორგანიზაციული დამოუკიდებლობა. საგარეო ურთიერთობაში ფილიალის ხელმძღვანელი უფლებამოსილია წარმოადგინოს ფილიალი. მართალია, ფილიალი არ წარმოადგენს იურიდულ პირს, მაგრამ ის მოქმედებს საწარმოს სახელით და საწარმოს წარმოადგენს სხვა პირებთან ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება დარღვეულად ჩათვლილიყო სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ" პუნქტი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მოწვეული იყო ორგანიზაციის ფილიალი მის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე. აღნიშნული მიუთითებდა, რომ ორგანიზაცია საქმის განხილვბაში მონაწილეობდა მისი ორგანიზაციულად განცალკავებული ნაწილის _ ფილიალის სახით.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თუ მოპასუხეს მიაჩნია, რომ ის წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო არა ფილიალის სახით, არამედ უშუალოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიერ, მას უფლება ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში შეეცვალა ფილიალი. ასეთ შემთხვევაში ფილიალის მიერ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებდა მნიშვნელობას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყევტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა სასამართლო შეტყობინება. იგი სათანადო წესით გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე.
2002წ. 29 მაისს სს “.. ..-მა" საჩივრით მიმართა სასამართლოს. საჩივარში მითითებულ იქნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სასამართლო პროცესზე მიიწვია მხოლოდ ფილიალი და არა _ იურიდიული პირი, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 ივნისის განჩინებით სს “.. ..-ის" საჩივარი არ დაკმაყოფილდა: მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2002წ. 8 მაისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სს “.. ..-ის" საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2002წ. 10 აპრილს, რის შესახებაც მხარეებს და შესაბამისად, მათ წარმომადგენლებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ სასამართლო შეტყობინება საქმის განხილვის დროისა და ადგილის მითითებით. 10 აპრილს სხდომაზე გამოცხადნენ მხარეთა წარმომადგენლები. “ი-ის" ნაცვლად საქმეში ნ. ს-ს ჩაბმის გამო საქმის განხილვა გადაიდო 2002წ. 8 მაისისათვის. მხარეები გაფრთხილდნენ გამოუცხადებლობის შედეგებზე, რაც დაფიქსირებულ იქნა სხდომის ოქმშიც.
სააპელაციო სასამართლომ სს “.. ..-ის" მითითება იმაზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო საქმის განხილვის დრო, საფუძველს მოკლებულად მიიჩნია.
სს “.. ..-მა" და სს “.. ..-ის" “თ. ს. ქ-მა" 2002წ. 22 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანეს საკასაციო საჩივარი.
კასატორებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2002წ. 8 მაისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყევტილებისა და ამავე წლის 26 ივნისს მიღებული განჩინების გაუქმება, 5778 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა, ხოლო სხვა ნაწილში დავის არსებითად განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორთა მოსაზრებით, 2002წ. 8 მაისის სხდომის შესახებ სასამართლო პროცესზე გამოცხადების თაობაზე ეცნობა მხოლოდ შპს “ი-ის" უფლებამონაცვლე ნ. ს-ს და სს “.. ..-ის" ფილიალ “თ. ს. ქ-ის" წარმომადგენელს, ადვოკატ შ. პ-ს, ვინაიდან 2002წ. 10 აპრილის სხდომა მხოლოდ ამ პირთა მონაწილეობით ჩატარდა. 2002წ. 8 მაისის სხდომის შესახებ ცნობილი არ იყო სს “.. ..-ისათვის", სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობას არ გაეგზავნა შეტყობინება დადგენილი წესით.
სსკ-ს 70-ე მუხლის შესაბამისად მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა დაცული საოლქო სასამართლოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში სხდომის დღისა და ადგილის შესახებ გაფრთხილდა მხოლოდ ფილიალის ადვოკატი, ხოლო თვით ფილიალი და მისი სათავო ორგანიზაცია სხდომის დღისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული არ ყოფილან. სსკ-ს 233-ე მუხლის “ა" პუნქტის თანახმად კი სასამართლოს ეკრძლება გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ გამოუცხადებელი მხარე გაფრთხილებული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთო მხარის დაუსწრებელად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
კასატორთა მოსაზრებით, ლარის დოლართან მიმართებაში ინფლაციის გამო მოთხოვნილ 5778 აშშ დოლარის ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან მითითებული თანხა წარმოადგენს 1999წ. 9 სექტემბრის მხარეთა მორიგების გამო საქმის შეწყვეტის განჩინებით დაფიქსირებულ თანხას, რომელზეც დაუშვებელი იყო ხელმეორედ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების დრო და ადგილი.
სსკ-ს 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ" პუნქტის შესაბამისად უწყება სხვა საკითხებთან ერთად უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.
ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მხარეებს შეუძლიათ, აგრეთვე, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
სსკ-ს 98-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად კი უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებითY დადგენილია, რომ საქმეში მოპასუხედ მონაწილეობდნენ სს “.. ..-ი" და მისი ფილიალი _ “თ. ს. ქ-ი". სს “.. ..-ს" მითითებულ სასამართლო პროცესზე მონაწილეობისათვის წარმომადგენლობის დამადასტურებელი მოწმობა _ სათანადო მინდობილობა გაცემული ჰქონდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ადვოკატებზე: შ. პ-ზე და თ. ხ-ზე.
სააპელაციო საჩივრის 2002წ. 10 აპრილს განხილვის თაობაზე სასამართლოში მოწვევის უწყება გაეგზავნათ და ჩაბარდათ თ. ბ-ეს (სს “.. ..-ის" დირექტორი) და სს “.. ..-ის" წარმომადგენლებს: ხ-ს და პ-ს. მითითებული უწყებები შეიცავდა სათანადო გაფრთხილებას გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე.
2002წ. 10 აპრილის სასამართლო სხდომა გადაიდო შპს “ი-ის"'ნაცვლად პროცესში სხვა პირის ჩაბმის გამო. მოცემულ სასამართლო სხდომაში მონაწილეობდა სს “.. ..-ის" წარმომადგენელი შ. პ-ი, რომელზეც სს “.. ..-ს" 2002წ. 10 აპრილის თარიღით გაცემული ჰქონდა წარმომადგენლობის დამადასტურებელი ახალი მინდობილობა. 10 აპრილის სხდომა გადაიდო 2002წ. 8 მაისისათვის, რის შესახებაც გაფრთხილდა სს “.. ..-ის" წარმომადგენელი, როგორც გამოცხადების აუცილებლობის, ისე _ გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, რაც აღინიშნა სხდომის ოქმსა და სათანადოდ გაფორმებულ ხელნაწერში. მიუხედავად აღნიშნულისა, 2002წ. 8 მაისს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა სს “.. ..-ი", რის გამოც სასამართლომ გამოუცხადებელი მხარის საწინააღმდეგოდ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან მხარე მისი წარმომადგენლის მეშვეობით სათანადო წესით იყო გაფრთხილებული სასამართლო პროცესზე გამოცხადებისა და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დარღვეულა სსკ-ს 233-ე მუხლის მოთხოვნები. ვინაიდან გამოუცხადებელი მხარე მისი წარმომადგენლის მეშვეობით სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული, გამოუცხადებელ მხარეს დროულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. ადგილი არ ჰქონია რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოუცხადებლობისათვის და, ამდენად, არ არსებობდა საჩივრის შეტანის წინაპირობაც.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ თავისი 2002წ. 26 ივნისის განჩინებით სწორად არ დააკმაყოფილა სს “.. ..-ის" საჩივარი (რომელიც მითითებულ პროცესში მისი რწმუნებულების _ შ. პ-ისა და თ. ხ-ის მეშვეობით მონაწილეობდა) და სწორად დატოვა უცვლელად მის მიერვე ამ საქმეზე 2002წ. 8 მაისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პროცესში წარმომადგენლის მონაწილეობა ნიშნავს პროცესში მარწმუნებლის მონაწილეობასაც და წარმომადგენლის გაფრთხილება, გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, ნიშნავს მარწმუნებლის გაფრთხილებასაც, რადგან წარმომადგენელი მარწმუნებლის სახელით ასრულებს ყველა საპროცესო მოქმედებებს სასამართლოში, ხოლო სს “.. ..-ის" წარმომადგენელ შ. პ-ს სსკ-ს 99-ე და მე-100 მუხლების შესაბამისად წარმომადგენლობის უფლებამოსილება შეწყვეტილი არ ჰქონია. იგი სასამართლოში წარმოადგენდა სს “.. ..-ს", ანუ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ"' პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა (სასამართლოს მიერ საქმის ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად განხილვა, რომელსაც დადგენილი წესით არ მიუღია შეტყობინება) და ზემოაღნიშნული გარემოება ვერ ჩაითვლება საკასაციო საჩივრის აბსოლუტ საფუძვლად. აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის (როცა მხარე პროცესს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით) გამოუცხადებლობა იწვევს იმ შედეგს, რასაც _ მხარის გამოუცხადებლობა და ამ მოტივით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონის დარღვევით მიღებულად.
არასწორია კასატორის მითითება 5778 აშშ დოლარის ნაწილში საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.
მოცემულ საქმეზე არსებობს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა 300266,90 ლარის გადახდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი მიღებულ იქნა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
მართალია, სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდება, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, მაგრამ ამ კრიტერიუმის გათვალისწინება ძირითადად ხდება მაშინ, როცა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოდის სარჩელთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში სარჩელთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია დასაბუთებული გადაწყვეტილება, ანუ მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია. დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი მიღებულია სააპელაციო სასამართლოში.
სსკ-ს 387-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აპელანტის გამოუცხადებლობა სააპელაციო სასამართლოში, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ მან ინტერესი დაკარგა პირველ ინსტანციაში მის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე და მის მიერვე შეტანილ სააპელაციო საჩივრის მიმართ. ამ შემთხვევაში სააპელაცო სასამართლო არ ახორციელებს სააპელაციო საჩივრის განხილვას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების რევიზიას.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კასატორის მიერ სადავოდ მიჩნეული 5778 აშშ დოლარი არც სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული და არც _ პირველი დაუსწრებელ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეტანილ საჩივარში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “.. ..-ისა" და სს “.. ..-ის" ფილიალის “თ. ს. ქ-ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივნისის განჩინება და ამავეწ. 2002წ. 8 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.