Facebook Twitter

საქმე N 010100123007457938

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №411აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი

კ–ი ს., №411აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. კ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 12 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბ–ში, ....ს ქუჩის №...., ბინა №...–ში, ს. კ–მა განახორციელა ძალადობა თავისი ოჯახის წევრის – დედის მ. გ–ს მიმართ, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც მ. გ–სმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2023 წლის 12 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბ–ში, ....ს ქუჩის №...., ბინა №...–ში, ს. კ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – დედას მ. გ–ს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2023 წლის 5 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბ–ში, ....ს ქუჩის №...., ბინა №...–ში, ს. კ–მა განახორციელა ძალადობა თავისი ოჯახის წევრის – დედის მ. გ–ს მიმართ, კერძოდ, დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც მ. გ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2023 წლის 5 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბ–ში, ....ს ქუჩის №...., ბინა №...–ში, ს. კ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – დედას მ. გ–ს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2023 წლის 5 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბ–ში, ....ს ქუჩის №...., ბინა №...–ში, ს. კ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – მეუღლეს მ. ა–ს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ს. კ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, ს. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და გამართლდა.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 7 მარტს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განაჩენის გაუქმება ს. კ–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად დასტურდება ს. კ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. მართალია, დაზარალებულებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ოჯახის წევრის მიმართ მამხილებელი ჩვენება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მოწმე მ. ზ-ს, პოლიციის თანამშრომლების მ. კ–ს და მ. ბ–ს ჩვენებები, შემაკავებელი ორდერი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დათვალიერების ოქმი ქმნიან იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქმეები: №258აპ-19, №1070აპ-22).

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება ს. კ–ს მიერ ძალადობისა (ორი ეპიზოდი) და მუქარის (სამი ეპიზოდი) ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულებმა მ. გ–მა (დედა) და მ. ა–მა (მეუღლე) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ს. კ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.

5.4. მოცემულ შემთხევევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2023 წლის 5 მაისს, 22:10 საათზე, ქ. ბ–ში, ....ს ქუჩის №...., ბინა №...–ში მისული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ გამოძახებულ იქნა პოლიცია, ვინაიდან ადგილზე მყოფი პირი სავარაუდოდ ნარკომანია და ესაჭიროებათ პოლიციის დახმარება.

5.5. რაც შეეხება კასატორის მითითებას შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაციის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად შეფასების თაობაზე - საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მასში დაფიქსირებული ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს ქმედების კონკრეტულ აღწერას, იმდენად მწირია - შეუძლებელია საკმარისად იქნეს მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.6. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №........... დასკვნის თანახმად კი, მ. გ–სს პირადი შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ვერც აღნიშნული მტკიცებულება გახდება ს. კ–ს მსჯავრდების საფუძველი.

5.7. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მოწმეები – მ. ზ–ე, მ. კ–ე და მ. ბ–ე – არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და მათი ჩვენებები არაინფორმატიულია ს. კ–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენის დასადასტურებლად. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება წარდგენილ ბრალდებებს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.9. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხოლოდ აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებებში ასახული ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით - არ არის საკმარისი როგორც მუქარის განხორციელების და შედეგად შიშის განცდის, ასევე ძალადობისა და მის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტების დასადასტურებლად.

5.10. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს №258აპ-19 და №1070აპ-22 გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე