3კ-1215-02 5 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინის თანამესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. გ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე ბინის ნახევრის თანამესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: ი. მ.-ი არის მისი ყოფილი ცოლი, რომელთანაც ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინა სადავო ბინა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 2000წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი ყოფილი მეუღლის მოპასუხე ი. მ.-ის სარჩელი და სადავო სახლის 1/2½ აღირიცხა ი. მ.-ის სახელზე, ხოლო მეორე ნახევარი _ მოსარჩელის ძმის კ. გ.-ის, სახელზე. სახლი შეძენილია ი. მ.-თან ქორწინების პერიოდში და აქედან გამომდინარე, ნახევრის ნახევარი ეკუთვნის მას. ი. მ.-მა სარჩელი არ ცნო.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე ი. მ.-ს მიეკუთვნა სადავო სახლის ½1/2, კანონიერ ძალაშია შესული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ხოლო რაც შეეხება მოთხოვნას მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან წილის გაყოფას, სასამართლომ აღნიშნული უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან, თვით მოსარჩელის განმარტებით, მხარეების ერთად ცხოვრების პერიოდში არაფერი შეუძენიათ.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. გ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივლისის განჩინებით გ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ.-ი სადავო ბინის 1/2-ის მესაკუთრედ ცნობილი იქნა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მაშინ, როცა იგი უკვე განქორწინებული იყო მოსარჩელე გ. გ.-თან. დღეისათვის საჯარო რეესტრში სადავო სახლის ½1/2-ის მესაკუთრედ აღრიცხულია ი. მ.-ი. სკ-ს 173-ე მუხლის თანახმად საერთო საკუთრება წარმოიშვება კანონის ან გარიგების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არ არსებობს გარიგება, ხოლო კანონის თანახმად გ.გ.-ი სასამართლომ მესაკუთრედ არ ჩათვალა, რადგან მაშინ, როცა სახლი ირმა მ.-ის სახელზე აღირიცხა, მხარეები უკვე განქორწინებული იყვნენ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. გ.-მ, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც დღეისათვის კანონიერ ძალაშია დადგენილია ფაქტი, რომ სადავო ბინა შეიძინა მან ძმასთან ერთად. იგი ამ დროისათვის იმყოფებოდა ი. მ.-თან ქორწინებაში. აქედან გამომდინარე, სკ-ს 1158-ე მუხლის თანახმად სადავო ბინის ნახევარი ეკუთვნის მას და ი. მ.-ს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. მ.-ი სადავო სახლის ½1/2-ის მესაკუთრედ აღრიცხულია თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს და საჯარო რეესტრში სახლის ი. მ.-ის სახელზე აღრიცხვის პერიოდისათვის ი. მ.-ისა და გ. გ.-ს შორის ქორწინება შეწყვეტილი იყო. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი გ. გ.-ის სადავო ბინის თანამესაკუთრედ აღრიცხვისათვის, რადგან სკ-ს 173-ე მუხლის თანახმად საერთო საკუთრება წარმოიშვება კანონის ან გარიგების საფუძველზე. გ. გ.-სა და ი. მ.-ს შორის გარიგება საერთო ქონების შესახებ არ არსებობს. ასევე არ შეიძლება აღნიშნული ბინა ჩაითვალოს მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებად, რადგან სადავო ბინის ½1/2 ი. მ.-ის სახელზე აღრიცხულია 2000 წელს, როცა მხარეები უკვე განქორწინებული იყვნენ, ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში კი სადავო ბინა საჯარო რეესტრში არცერთი მეუღლის სახელზე არ ყოფილა აღრიცხული. ამდენად, სკ-ს 1158-ე მუხლის თანახმად არ არსებობს საფუძველი, სადავო ბინა მიჩნეულ იქნეს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებად. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს. ½
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.