საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№444აპ-24 თბილისი
უ-ი ვ., 444აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. უ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – ოჯახში ძალადობისთვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ. რ-ში, ----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვ. უ-მა საყოფაცხოვრებო საკითხზე მომხდარი კონფლიქტისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ა. ნ-ს – მარჯვენა ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით ვ. უ-ი, -- ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ლაშა მერაბიშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განაჩენის გაუქმებას, ვ. უ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. გამართლებულ ვ. უ-ის ადვოკატი ჯ. კ. შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22).
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი განაჩენი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. უ-ის ბრალეულობა. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია თუ არა ტკივილი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნა, რომ ვ. უ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ა. ნ-მა (ბრალდებულის მეუღლემ) ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა, ესარგებლა ამ პროცესუალური უფლებით.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, მოითხოვს დაზარალებულის მიერ ტკივილის ან ტანჯვის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №746აპ-19; 674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ – ობიექტურ კრიტერიუმებზეც: ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგ., იხ.: სუსგ N627აპ-19, №443აპ-20, №1003აპ-20).
11. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 2 დეკემბრის № დასკვნის მიხედვით, „პირადი გასინჯვის მონაცემებით (16.11.2022 წ.) ა. ნ-ს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე ბასრი კიდის მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად“. ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში კი მითითებულია, რომ, შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2022 წლის 15 ნოემბერს სახლში კამათი მოუხდა ქმართან, რომელმაც მსუბუქად მიარტყა ხელი თავის არეში, რის გამოც მას არ სტკენია და არც დაზიანება მიუღია, მაგრამ, გაღიზიანებულმა, თვითონ მიიყენა მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის არეში „ბრიტვით“ მრავლობითი დაზიანებები. დაზარალებულის აღნიშნული განმარტება ადასტურებს, რომ მან გამოძიების პროცესშივე სადავოდ გახადა თავისივე ინფორმაცია ძალადობისა და ფიზიკური ტკივილის განცდის თაობაზე.
12. №- და №- შეტყობინებები, №- შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, მართალია, შეიცავს მონაცემებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, მაგრამ მათში არაფერია ნათქვამი ტკივილის განცდაზე, რაც ბრალად წარდგენილი დანაშაულის აუცილებელი შემადგენელი ნიშანია. რაც შეეხება გ. მ-ეს, გ. მ-სა და რ. ჟ-ეს, ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია, სხვა პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და მათი გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დაუშვებელია.
13. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ. უ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე