¹ 3კ/1220-01 27 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე,მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ბინის ქირის დაკისრება, ნივთების დაბრუნება და საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ს-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ... მდებარე ბინიდან შპს “ა.-მ.” გამოსახლება, საწარმოსათვის გადაუხდელი ბინის ქირის _ 2800 ლარის დაკისრება და საწარმოში განთავსებული სააფთიაქო მოწყობილობის დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა 1994 წლის 30 ივნისს შეიძინა ზ. ჯ-შვილისაგან. ბინა რეგისტრირებულია მის სახელზე; 1996 წლის თებერვალში საცხოვრებელ ბინაში მისი თანხმობით განთავსდა შპს “ა.-მ.”, რომლის დირექტორი იყო ა. ს-ძე; ამ უკანასკნელს მოსარჩელისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა ბინის ქირა 50 ლარი, რაც 56 თვის მანძილზე არ გადაუხდია.
შპს “მ.” ყოფილი დირექტორის, აწ გარდაცვლილი ა. ს-ძის, მეუღლემ მ. ს-ძემ სარჩელი წარადგინა სასამართლოში, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით და მოითხოვა თ. ს-ძესა და ზ. ჯ-შვილს შორის 1994 წლის 30 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა ს-ძეს არ შეუძენია; ბინის ღირებულება _ 1000 აშშ დოლარი ა. ს-ძემ გადაიხადა, თუმცა ბინის პატრონს ეს თანხა თ. ს-ძემ მიუტანა; ა. ს-ძე ეხმარებოდა თ. ს-ძეს, როგორც ნათესავს; ამ უკანასკნელის მეუღლე შპს “ა.-მ.” ბუღალტერი, ა. ს-ძე კი საწარმოს მძღოლი – ექსპედიტორი იყო; ა. ს-ძემ ბინა შეიძინა იმ მიზნით, რომ მასში აფთიაქი განეთავსებინა. ბინის შეძენისთანავე დაიწყო რემონტი და ფართი მოაწყო დანიშნულების მიხედვით. მანვე შეიძინა აფთიაქისათვის საჭირო ინვენტარი და განათავსა სადავო ფართში; მ. ს-ძის განმარტებით, ზ. ჯ-შვილისა და თ. ს-ძეს შორის მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება დაიდო, ვინაიდან იგი მიზნად არ ისახავდა იურიდიული შედეგის დადგომას – თ. ს-ძისათვის ქუთაისში, ... მდებარე ბინაზე საკუთრების წარმოშობას; შპს “მ.” თ. ს-ძისათვის ბინის ქირა არასოდეს გადაუხდია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ს-ძის სარჩელი უსაფუძვლობის გამო; დაკმაყოფილდა მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მ. ს-ძის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ზ. ჯ-შვილისა და თ. ს-ძეს შორის 1994 წლის 30 ივნისს დადებული ხელშეკრულება ქუთაისში, ... არსებული ბინის ნასყიდობის თაობაზე;
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-ძემ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება;
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქალაქო სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:
მოსარჩელე თ. ს-ძემ ვერ წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულება, რომ შპს “მ.” ბალანსზე რიცხული ნივთები (2 ც. კარადა მაცივარი, დახლი და წყლის სახდელი აპარატი) მისი საკუთრებაა; ვერ დაადასტურა მასსა და ა. ს-ძეს შორის სადავო ბინის ფართის ქირავნობის შესახებ შეთანხმების არსებობა ვერც შეთანხმების ფაქტობრივი შესრულებით და ვერც შეთანხმების შესახებ წერილობითი საბუთის წარმოდგენით; ნოტარიუსის მიერ 1996 წლის 28 თებერვალს დამოწმებული თ. ს-ძის განცხადება არ არის მხარეთა შორის გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი, რადგან მას არა აქვს ხელშეკრულების ფორმა და არ გამოხატავს ა. ს-ძის ნებას; სინამდვილეს არ შეეფერება აპელანტის განმარტება, რომ მოწინააღმდეგე მხარე მას ერთი წელიწადი უხდიდა ბინის ქირას ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელით თ. ს-ძე 1996 წლის მარტიდან 2000 წლის დეკემბრამდე ითხოვს ქირის გადახდას, რაც 56 თვეს შეადგენს და გამორიცხავს ერთი წლის განმავლობაში ბინის ქირის გადახდას;
სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითია, ვინაიდან დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას იურიდიული შედეგი მოჰყვეს; თ. ს-ძეს ეს ბინა არასოდეს არ გამოუყენებია, როგორც საკუთარი ქონება და არ განუხორციელებია მესაკუთრის უფლება რაიმე ფორმით, რაც ადასტურებს იმას, რომ თ. ს-ძე ბინას თავის საკუთრებად არ თვლიდა.
მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ თ. ს-ძემ ბინა ა. ს-ძის თანხით შეიძინა.
თ. ს-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებაზე და მოითხოვა 2001 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.
საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო პალატამ მოჩვენებითად ჩათვალა ნასყიდობის ხელშეკრულება, ისე რომ არ მიუთითა თუ რა კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად და დასაფარავად იქნა იგი დადებული.
არ არის გასაზიარებელი მ. ს-ძის ჩვენება, რომ ა. ს-ძემ იმიტომ ვერ გაიფორმა სადავო ბინა, რომ არ სურდა ქ.თბილისიდან ამოწერა, მაშინ როცა უკვე მიღებული იყო საქართველოს კანონი “საკუთრების უფლების შესახებ” და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეეძინათ საცხოვრებელი სახლები;
მოწმეებს, რომელთა ჩვენებებიც გაიზიარა სასამართლომ კავშირი არ ჰქონიათ ბინის ნასყიდობასთან და ისინი ა. ს-ძის ნათესავები არიან;
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია მოჩვენებითად სადავო გარიგება, არ დაასაბუთა, რაში გამოვლინდა გარიგების მოჩვენებითი ხასიათი. არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული. არც ერთ შემთხვევაში მხარეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგების დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად და დასაფარავად გამოიყენება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, გარიგების ორივე მხარე მოქმედებდა თუ არა იმ განზრახვის გარეშე, რომ გარიგებას შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყოლოდა, რაც ნიშანდობლივია მოჩვენებით დადებული ბათილი გარიგებისათვის, ვინაიდან მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ყველა სუბიექტი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია რა დადებულად ქირავნობის ხელშეკრულება, არ გაარკვია, რა სახის ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის; განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები, მოთხოვნათა ხანდაზმულობის საკითხი და შეკრებილი მტკიცებულებების სწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.