Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1221-01 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონულმა საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კ. კ-ძის გამოსახლება ფოთში, ... მდებარე ოროთახიანი ბინიდან შემდეგი საფუძვლით: ბინა ირიცხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონული საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის ბალანსზე. 1992 წლიდან ბინა უკანონოდ აქვს დაკავებული მოპასუხე კ. კ-ძეს და, მიუხედავად მათი არა ერთი გაფრთხილებისა, იგი ბინას არ ათავისუფლებს.

სასამართლო სხდომაზე კ. კ-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: მას ბინა თვითნებურად არ დაუკავებია. იგი ბინაში შესახლდა ფოთის სამხედრო გარნიზონის ¹90921 სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი ფართის კომიტეტის განაწილებით. რაც შეეხება სადავო ბინაში ორდერისა და ჩაწერის გარეშე ცხოვრების საკითხს, იგი სისტემატურად მიმართავდა ამის შესახებ მოსარჩელეს, მაგრამ მის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდნენ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონული საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ფოთის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: რადგან მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1992 წელს, როდესაც მოპასუხე კ. კ-ძე შესახლდა სადავო ბინაში, სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამოიყენა 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი და აღნიშნული კოდექსის 75-ე და მე-80 მუხლების საფუძველზე ჩათვალა, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონულმა საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უძრავ ქონებას ეხება, რომლის სამართლებრივი რეჟიმი 1997 წლის 25 ნოემბრიდან ახალ წესებს ითვალისწინებს, სადავო ურთიერთობის მიმართ გამოიყენა ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან მოპასუხე კ. კ-ძე სადავო ბინაში შესახლდა ფოთის სამხედრო გარნიზონის ¹90921 სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი ფართის კომიტეტის განაწილებით, იგი კეთილსინდისიერი მფლობელია სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ითხოვს მფლობელობის შეწყვეტას, სასამართლო მაინც ვერ გადაწყვეტს დავას მოსარჩელის სასარგებლოდ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნაზე ვრცელდება ექვსწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა ეს ვადა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹3 რეგიონულმა ბაზამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ კ. კ-ძე ცნო კეთილსინდისიერ მფლობელად, რაც არასწორია, რადგან საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის 28.II.92 წლის ოქმი ¹93 არის ყალბი. იგი დამტკიცებულია სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მიერ 1992 წლის 27 თებერვალს, მაშინ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 25 ნოემბრის ¹819 დადგენილებით საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის სამხედრო ქონება გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 აპრილის ¹446 დადგენილებით აკრძალულია სამხედრო ქონების ბალანსზე გადაცემა ან შესყიდვა სამთავრობო კომისიის ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს და მათ ეს ვადა არ დაურღვევიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან დავა უძრავ ქონებას ეხება, დავის გადაწყვეტის დროს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამოყენებულ უნდა იქნეს 1997 წლის 25 ნოემბრის სამოქალაქო კოდექსი და ამ კოდექსის 129-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობს უძრავ ნივთთან (ბინასთან) დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობა და, ამდენად, სასარჩელო ხანაზმულობის ვადა არის ექვსი წელი.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ასეთ მოსაზრებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცება იმის თაობაზე, რომ სადავო ბინასთან დაკავშირებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რაიმე ხელშეკრულება არსებობდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულებად. ბინის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება ფორმდებოდა არა წერილით, არამედ ორდერის სახით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის გაფორმებული. გარდა ამისა, არ არის გარკვეული 1992 წლის ფოთის გარნიზონის ¹90821-სამხედრო ნაწილი იყო თუ არა უფლებამოსილი, გაენაწილებინა სადავო ბინა. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა გამოარკვიოს, ვის ბალანსზე ირიცხებოდა სადავო ბინა 1992 წელს; არსებობდა თუ არა ხელშეკრულება მხარეებს შორის სადავო ბინასთან დაკავშირებით და რა დროს შეიტყო მოსარჩელემ მისი უფლების დარღვევის შესახებ, რადგან სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.