Facebook Twitter

ბს-204-158-კ-05 6 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და არასაცხოვრებელი ფართის გამოთხოვა მოპასუხის მფლობელობიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 27 ოქტომბერს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს “თ-ეს” მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2000წ. 7 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაქ. თბილისში, ..... განთავსებული 1155 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების არასაცხოვრებელ 107,37 კვ.მ. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, 30 კალენდარულ დღეში დაეფარა გადასახდელი, საბოლოო ფასის 51%, ხოლო დარჩენილი 49% უნდა გადაეხადა 2002წ. 30 ივნისამდე იმავე პუნქტში განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, რაც მოპასუხეს არ გაუკეთებია.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა 2000წ. 7 ივლისის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და სკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხის მფლობელობიდან მის მიერ დაკავებული ფართის გამოთხოვა.

მოპასუხე შპს “თ-ეს” დირექტორმა ა. ჭ-ამ სარჩელს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “თ-ემ”, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად რაიონულ სასამართლოში დაბრუნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “თ-ეს” სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “თ-ემ”.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ დაარღვია მხარეთა შორის 2000წ. 7 ივლისს დადებული ხელშეკრულების 3.4 და 3.5 პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს (“გამყიდველი”) მიერ შპს “თ-ეს” (“მყიდველი”) გაფრთხილებას გამოსასყიდი თანხის გადახდის შესახებ, ხოლო განმეორებითი გაფრთხილების შემდეგ “მყიდველთან” ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტას, რაც “გამყიდველს” არ გაუკეთებია, რადგანაც მოპასუხე სადავო არასაცხოვრებელ ფართში ატარებდა სარემონტო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც რამდენჯერმე აღემატებოდა გამოსასყიდ თანხას.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გამოსასყიდი თანხიდან (2425,5 ლარიდან) შპს “თ-ეს” გადახდილი ჰქონდა 1123 ლარი, ხოლო დანარჩენ თანხას გადაიხდიდა ნებისმიერ დროს გადაუხდელობა კი გამოწვეული იყო იმით, რომ შპს “თ-ეს” დირექტორისთვის და პარტნიორებისთვის უცნობი იყო საწარმოს ერთ-ერთი პარტნიორის მიერ ზემოაღნიშნული თანხის გადაუხდელობა, რომელიც დავალებული ჰქონდა საწარმოსგან. იმ პერიოდში კი სადავო არასაცხოვრებელ ფართში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და მანქანა-დანადგარების მონტაჟი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოცემული საქმის სააპელაციო პალატისთვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს იმგვარად, რომ გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელს უარი ეთქმება დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ განჩინების მიღებისას არ გამოიყენა მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა, რის გამოც აღნიშნული განჩინება სამართლებრივად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს “თ-ეს” შორის 2000წ. 7 ივლისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულ შპს “თ-ეს”, როგორც მყიდველს, გამყიდველისგან _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსგან უნდა გამოესყიდა ქ. თბილისში, ...... მდებარე არასაცხოვრებელი 107,37 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემოდა სახელმწიფო ქონების სრულად გამოსყიდვის შემდეგ, შპს “თ-ემ” კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა _ არასაცხოვრებელი ფართის გამოსასყიდი მთლიანი თანხა არ დაუფარავს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2002წ. 30 ივნისი და თუ ამ პერიოდისთვის შპს “თ-ე” ვერ გამოისყიდდა სრულად სადავო ფართს, ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება გაუქმდებოდა და მყიდველს ბე არ დაუბრუნდებოდა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს “თ-ეს” არ გადასცემია საკუთრების უფლება სადავო არასაცხოვრებელ ფართზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ შეაფასა 2000წ. 7 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, გამყიდველ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წერილობითი ფორმით უნდა გაეფრთხილებინა მყიდველი _ შპს “თ-ე” და მიეთითებინა დარღვევის გამოსწორების აუცილებელ ვადაზე, ამასთან, მყიდველი დაჯარიმდებოდა დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0,1%-ით. იმავე ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად კი საკონკურსო პირობების დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ, ხოლო შპს “თ-ეს” არ დაუბრუნდებოდა გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდებოდა მის მიერ გაწეული ხარჯი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ დაარღვია 2000წ. 7 ივლისის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელემ არ გააფრთხილა მოპასუხე წერილობითი ფორმით, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო დარღვევის გამოსწორების აუცილებელ ვადასა და ჯარიმის ოდენობაზე და მხოლოდ საკონკურსო პირობათა დაუცველობის განმეორებითი შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა აძლევდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფლებას, ცალმხრივად მოეშალა აღნიშნული ხელშეკრულება.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო არ უარყოფს შპს “თ-ეს” მიერ გამოსასყიდი თანხის ნაწილის გადახდას. გარდა ამისა, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნულ არასაცხოვრებელ ფართში სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ეკოლოგიური პირობების დაცვა, რაც ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 405-ე მუხლი, კერძოდ, მისი პირველი ნაწილის თანახმად, თუკი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ერთი მხარე _ შპს “თ-ე” არღვევდა ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისთვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. შეიძლებოდა, დამატებითი ვადის განსაზღვრის ნაცვლად, გამოყენებული ყოფილიყო გაფრთხილება, რასაც ითვალისწინებდა კიდეც ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.4 პუნქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება აუცილებელი არ არის თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული არც ერთი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს და ამიტომ, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შპს “თ-ეს” წერილობითი გაფრთხილება ევალებოდა, როგორც ხელშეკრულების 3.4 პუნქტის, აგრეთვე, სკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელს, 2000წ. 7 ივლისის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობისა და სადავო არასაცხოვრებელი ფართის შპს “თ-ეს” მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საქმის გარემოებები სააპელაციო პალატამ დაადგინა სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და ამასთან, საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს “თ-ეს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.