გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1222-01 26 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი ,მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში); მაღაზიის სარგებლობისათვის ქირის გადახდა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ვალის დაბრუნება 5 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996წ. აპრილში მოპასუხეს ასესხა 2000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით. სესხის შესახებ ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა. ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხემ ვალი ვერ დააბრუნა. ქ. თბილისში ბინის ყიდვის საჭიროება წარმოეშვა, რის გამოც იძულებული გახდა მოპასუხესთან შეთანხმებით აეღო სესხი პროცენტით, 2 800 აშშ დოლარის ოდენობით. 1996წ. ოქტომბრის ჩათვლით ნასესხებ თანხას პროცენტის სახით დაემატა 2450 აშშ დოლარი და სულ მისმა ვალმა შეადგინა 5250 აშშ დოლარი. ამ თანხიდან მოპასუხემ გადაიხადა 1360 აშშ დოლარი პროცენტის სახით. დანარჩენი 3880 აშშ დოლარის გადახდის მიზნით კიდევ აიღო სესხი პროცენტის გარეშე, რითაც დაფარა სესხის ნაწილი, გადასახდელი დარჩა კიდევ 1000 აშშ დოლარი. 1997წ. თებერვალში მოპასუხის თანხმობით ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში შეიტანა საქონელი, რომლის რეალიზაციით აღებული თანხით აგრძელებდა სესხის პროცენტის გადახდას. 1997წ. თებერვლიდან 1999წ. იანვრამდე მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 400 ლარი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოპასუხისაგან მოითხოვა ძირითადი ვალის 700 აშშ დოლარის და მიყენებული ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის _ 1000 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მისი მაღაზიით სარგებლობისათვის ორიწ. ქირის ანაზღაურება, თვეში 150 ლარის ოდენობით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი “ხელწერილის” საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მართებდა მოსარჩელის ვალი 1000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც მოსარჩელის განმარტებით მოპასუხემ დაუბრუნა მხოლოდ 400 ლარი, რაც იმ დროს შეადგენდა 300 აშშ დოლარს. ამდენად, სასამართლომ დადგენილად ცნო. რომ მოპასუხეს გადასახდელად დარჩენილი ჰქონდა 700 აშშ დოლარი.
მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ მას 400 ლარის გარდა, დაბრუნებული ჰქონდა კიდევ 500 აშშ დოლარი, სასამართლომ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა წერილობითი საბუთი ვალის დაბრუნების შესახებ.
სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 2000 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიიჩნია დაუსაბუთებლად, რადგან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ვალის დროულად დაბრუნების შემთხვევაში იგი მიიღებდა შემოსავალს 2000 ლარის ოდენობით.
მხარეთა განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეებს შორის არ ყოფილა შეთანხმება მაღაზიის სარგებლობისათვის ქირის გადახდის შესახებ და სამოქალაქო კოდექსის 154-ე მუხლის გამოყენებით მიიჩნია, რომ ქირის გადახდის ვალდებულების საფუძველი არ არსებობდა.
2001წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ჩ-ა-მ-ს ე. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 700 აშშ დოლარის გადახდა; მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა ასევე მ. ჩ-ა-მ-ის შეგებებული სარჩელი ქირის გადახდის შესახებ. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 391-ე, 212-ე მუხლები.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. ე. ტ-ეს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. მან მოითხოვა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კასატორი მ. ჩ-ა-მ-ი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მას დაეკისრა 700 აშშ დოლარის გადახდა და უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კასატორი მიუთითებს, რომ ხელწერილი, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო ყალბია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ ე. ტ-ის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ. კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, იგი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც სასამართლოს მიერ არ შეფასებულა და გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს.
კასატორი მ. ჩ-ა-მ-იც საკასაციო საჩივარში ვერ მიუთითებს ქირის გადახდაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების რაიმე საფუძველზე, რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “ხელწერილი” ვალის _ 1000 აშშ დოლარის აღების შესახებ ყალბია, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან კასატორს ხელწერილის სიყალბის შესახებ არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ განუცხადებია. უფრო მეტიც კასატორი აღიარებდა, რომ ჰქონდა 1000 აშშ დოლარი ვალი, მაგრამ აღნიშნული ვალი მას გასტუმრებული ჰქონდა. ამდენად, სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ განმარტების მიმართ, რაც ასახულია საქმის მასალებში და საოლქო პალატის გადაწყვეტილებაში.
სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ვინაიდან მხარეებმა ვერ დაამტკიცეს თავიანთი მოთხოვნების საფუძვლიანობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კასატორების მიერ მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ტ-ის და მ. ჩ-ა-მ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე Qქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.