Facebook Twitter

3კ-1222-02 6 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 11 ივლისს მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლად მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1993 წლიდან მოპასუხე ნებაყოფლობით უხდიდა სარჩოს. მათი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე მოქმედი კანონის შესაბამისად არ საზღვრავს სარჩოს ოდენობას, რის გამოც 1996 წლიდან სარჩოს ანაზღაურება ხდება ნაკლები ოდენობით.

აღნიშნულის გამო მოსარჩელეებმა მოითხოვეს სპეციალისტის მოწვევით სხვაობის დადგენა და დადგენილი სხვაობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ დღეისათვის საწარმოში არის დროებითი ანაზღაურება, რამაც გამოიწვია მოსარჩელეების უკმაყოფილება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სხვაობის გადახდა:

1. რ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 4466,54 ლარის;

2. ა. შ.-ის სასარგებლოდ _ 4532,71 ლარის;

3. ა. გ.-ის სასარგებლოდ _ 3383,25 ლარის;

4. ს. ბ.-ის სასარგებლოდ 4540,14 ლარის;

5. ვ. გ.-ის სასარგებლოდ _ 4501,98 ლარის;

6. ბ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 4532,77 ლარის;

7. ო. ბ.-ის სასარგებლოდ _ 3858,26 ლარის.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე საწარმოში მე-4 თანრიგის მუშაკის ბოლო სამი თვის ხელფასი შეადგენდა 95 ლარს, ხოლო მე-5 თანრიგისა _ 80 ლარს, კერძოდ, 1998წ. ნოემბერში მე-4 თანრიგის მუშის ხელფასი იყო 95 ლარი, დეკემბერსა და 1999წ. იანვარში ხელფასი არ მიუღიათ, ხოლო მე-5 თანრიგის მუშებმა მიიღეს ნოემბერში 80 ლარი, ხოლო დეკემბერსა და იანვარში ასევე არ მიუღიათ ხელფასი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ხელფასის მონაცემები ერთნაირია როგორც მემოქლინე მუშების არასრული 3-დღიანი სამუშაო დღის ხელფასის გაანგარიშებით, ასევე სრული სამუშაო დღის საშუალო ხელფასის გაანგარიშებით.

სასამართლომ პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს იმავე თანრიგის სპეციალობის მუშაკის ბოლო 3 თვის ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასის იმ ოდენობით, რა პროცენტითაც დაკარგულია შრომის უნარი. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მე-4 თანრიგის მუშაკს, რომელსაც დაკარგული აქვს შრომის უნარი 80%-ით ზიანის ოდენობა შეადგენს (95X80:100) 76 ლარს; ამავე თანრიგის მუშებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ შრომის უნარი 60%-ით, ზიანის ოდენობა შეადგენს (95X80:100) 57 ლარს, ხოლო მე-5 თანრიგის მუშებს, რომლებსაც 80%-ით აქვთ დაკარგული შრომის უნარი (80X80:100) 64 ლარს და ვისაც 60%-ით აქვს დაკარგული შრომის უნარი (80X60:100) 48 ლარს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეებს იმაზე მეტი თანხა აქვთ მიღებული, ვიდრე კანონის თანახმად ეკუთვნოდათ, მაგრამ ვინაიდან მოპასუხემ გამოხატა ნება გადაუხადოს იმ მუშებს, რომელთაც დაკარგული აქვთ შრომის უნარი 80%-ით, 85 ლარი, ხოლო იმ მუშებს, რომლებმაც დაკარგეს შრომის უნარი 60%-ით, 75 ლარი, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მათ მიერ აღიარებული თანხა.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეების მოთხოვნა 1996 წლიდან ყოველთვიური სხვაობის ანაზღაურების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მათ აღნიშნულის თაობაზე 2000წ. 11 ივლისამდე პრეტენზია არ გამოუთქვამთ. სააპელაციო პალატამ მიუთითა 1999წ. 9 თებერვლის ¹48 პრეზიდენტის ბრძანებულების 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაზარალებულს შრომის უნარის დაკარგვის ხარისხისა და სარჩოს მიღების უფლების მქონე პირების რაოდენობის შეცვლისას ხდება ასანაზღაურებელი სარჩოს თანხის გადაანგარიშება და მიიჩნია, რომ ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა შეიცვალა ამ ბრძანებულების თანახმად და ამდენად, მას უკუქცევითი ძალა ვერ ექნება.'აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქოს სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანის სხვაობის გადახდა:

რ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 85 ლარი;

ა. შ.-ის სასარგებლოდ _ 85 ლარი;

ა. გ.-ის სასარგებლოდ 75 ლარი;

ს. ბ.-ის სასარგებლოდ 85 ლარი;

ვ. გ.-ის სასარგებლოდ _ 85 ლარი;

ბ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 85 ლარი;

ო. ბ.-ის სასარგებლოდ _ 85 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესითE გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებიც მოითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელების დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით:

1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად მოახდინა ასანაზღაურებელი ზიანის ოდენონის გაანგარიშება.

მოპასუხის საწარმოში საშუალო ხელფასი თვეების მიხედვით მკვეთრად იცვლება, რის გამოც სასამართლო ვალდებული იყო ასანაზღაურებელი თანხა ეანგარიშა თვეების მიხედვით და ყველა მოსარჩელისათვის პერსონალურად.

2. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ¹48 ბრძანებულების 63-ე პუნქტი არ ვრცელდება ამ ბრძანებულებით დამტკიცებული “წესების" ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ამავე 63-ე პუნქტის მოთხოვნებს. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

3. სასამართლომ გამოიყენა “წესების" 54-ე პუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან აღნიშნული პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის ზიანის ანაზღაურების თანხის რაოდენობის გაანგარიშებისას და დაზარალებულის ჯანმრთელობის ცვლილებასთან დაკავშირებული ცვლილებებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

4. გადაწყვეტილება მოკლებულია იურიდიულ დასაბუთებას და სსკ-ის 377-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე" პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმღვანელობდა.

მოცემულ საქმეზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეებს იმაზე მეტი თანხა აქვთ მიღებული, ვიდრე კანონის თანახმად ეკუთვნოდათ, ხოლო მოსარჩელეების მოთხოვნა იმის შესახებ, რომ 1996 წლიდან განიცდიდნენ მატერიალურ ზარალს, სასამართლომ მიიჩნია უსაფუძვლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელეებს აღნიშნულის შესახებ 2000წ. 11 ივლისამდე არ გამოუთქვამთ პრეტენზია.

გადაწყვეტილებაში სრულყოფილად არ არის აღნიშნული დადგენილი გარემოებანი. კერძოდ, არ არის დადგენილი მოსარჩელეებს რა თანხა ეკუთვნოდათ კანონის შესაბამისად და რამდენი აქვთ ფაქტობრივად მიღებული. არ არის მითითებული მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეებს იმაზე მეტი აქვთ მიღებული, ვიდრე ეკუთვნოდათ. ასევე გაურკვეველია, როდის აქვთ მიღებული მოსარჩელეებს დადგენილ ოდენობაზე მეტი თანხა და რომელი პერიოდი, სასამართლოს აზრით, არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. ამასთან დაკავშირებით, გაუგებარია, სასამართლომ რატომ გამოიყენა პრეზიდენტის ბრძანებულების 54-ე მუხლი, რომელიც მოცემულ დავასთან არ არის კავშირში, სასამართლოს მიერ არ არის შეფასებული ის გარემოება, რომ რაიონულ სასამართლოში მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოსარჩელეთა მოთხოვნა მიიჩნია საფუძვლიანად. საკმაოდ არ არის დასაბუთებული გადაწყვეტილება ასევე საშუალო ხელფასის ოდენობის დადგენის ნაწილში.

ამდენად, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.