¹ 3კ/1224-01 15 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე)
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: სესხის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შ. მ-ანის წინააღმდეგ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1997 წლის 31 ივლისს ნ. მ-ძეს და შ. მ-ანს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ 700 აშშ დოლარი ყოველთვიური 15%-ის დარიცხვით ასესხა მოპასუხეს. შ. მ-ანმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის, სულ 3360 აშშ დოლარის დაკისრება.
შ. მ-ანმა სარჩელი არ ცნო და შეგებებულ სარჩელში მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს და ის ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
საქმის ზეპირი განხილვის დროს შ. მ-ანმა განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ბათილი იყო პროცენტის ნაწილში, ხოლო ძირითადი თანხა მას დაბრუნებული ჰქონდა მოსარჩელესათვის და ამდენად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ. მ-ანს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1836 აშშ დოლარის და 80 ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად არ უნდა ყოფილიყო ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი. 1997 წლის დეკემბერში საპროცენტო განაკვეთი სესხისათვის იყო თვეში 4%. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ არ შესრულებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მისმა დავალიანებამ შეადგინა 700 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა), 1092 აშშ დოლარი (სესხის პროცენტი 1997 წლის აგვისტოდან 2000 წლის ოქტომბრის ჩათვლით).
შ. მ-ანმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და სააპელაციო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.
აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლო განხილვის დროს დაყენებული ჰქონდა შეგებებული სარჩელი, რომელზეც სასამართლოს არ უმსჯელია. შ. მ-ანის აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
საოლქო სასამართლოს 2001 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ. მ-ანის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა შ. მ-ანის შეგებებული სარჩელი.
სასამართლო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმარტა, რომ სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება, რასაც აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
შ. მ-ანმა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონი. შ. მ-ანის მითითებით, ურთიერთობა უნდა დარეგულირებულიყო ძველი სამოქალაქო კოდექსით, რადგანაც მისი განმარტებით ნ. მ-ძეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1997 წლის 31 აგვისტოს და არა 1997 წლის დეკემბერში, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია მითითებული. ძველი სამოქალაქო კოდექსით კი სესხისათვის პროცენტი არ იყო გათვალისწინებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ შ. მ-ანის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ არის დადგენილი, შ. მ-ანსა და ნ. მ-ძეს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 1997 წლის 31 ივლისს 5 თვის ვადით, ყოველთვიური 15%-ის დარიცხვით. მოვალე ვალდებული იყო სესხი დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 1997 წლის 31 დეკემბრამდე.
ვინაიდან სესხის ხელშეკრულება დაიდო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, სამოქალაქო კოდექსის 1507 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა იყოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) ნორმები. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად მოცემულ სადავო ურთიერთობებში პროცენტის გადახდევინება დაუშვებელია.
აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ მხარეთა შეთანხმება სესხზე პროცენტის გადახდევინების ნაწილში ბათილია.
სამოქალაქო კოდექსის 1507 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
ვინაიდან ფულადი ვალდებულების დაფარვის ვადა ამოიწურა ახალი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების პერიოდში, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების გამო გადაცილებული დროისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოადგენს სამოქლაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებას.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდას გადააცილებს ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი.
აღნიშნულის გამო, Mმოცემულ შემთხვევაში, მოვალეს უნდა დაეკისროს კანონით განსაზღვრული პროცენტი ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 1998 წლის იანვრიდან 2000 წლის ოქტომბრის ჩათვლით. ვინაიდან მოცემულ პერიოდში ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე პროცენტის ოდენობა ერთთვიან კრედიტზე საშუალოდ იყო 3%, ძირითადი თანხის 3% უნდა გამრავლდეს ოცდათოთხმეტზე, რაც 714-ის ტოლია. Aაღნიშნულზე ძირითადი თანხის დამატებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1414 აშშ დოლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
შ. მ-ანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. Mმოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრერბის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ნ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შ. მ-ანს ნ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 1414 აშშ დოლარის გადახდა.
შ. მ-ანის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი მხარეებს შორის დადებული 1997 წლის 31 ივლისის ხელშეკრულება სესხზე პროცენტის განსაზღვრის ნაწილში.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.