3კ-1229-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ნივთების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. პ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა პირადი ნივთების დაბრუნება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ცხოვრობდა რუსეთში ჩაუწერავად. იგი ჩაწერილი იყო თბილისში დედასთან. 1997 წელს საცხოვრებლად თბილისში ჩამოსულს დედა გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ბინა _ გაძარცული. კ. პ.-ს ძმამ განუმარტა, რომ, რადგან დედას ინახავდა და უვლიდა, უფლებამოსილი იყო, დედის კუთვნილი ნივთები მას წაეღო. მოსარჩელე ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთების (საათი ,,ზარია” ჯაჭვით, ბრილიანტისთვლიანი საყურეები, ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი, ოქროს კულონი ოქროს ჯაჭვით, კარადა, ლოგინი, მაგიდა, ჭაღი, რუსული წარმოების საათი “კუკუშკა”, მაღვიძარა საათი, ხორცის საკეპი მანქანა, ერთი ყუთი მარილი, ელ. ნათურა, სახლის გასაღები, ორპირიანი სარკე, 3 პაკეტი თეთრეული, სამკურნალო რვეული, ვერცხლის კოვზები) გამოთხოვას, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 5000 ლარს.
მოწინააღმდეგე მხარემ სარჩელი არ ცნო. რ. პ.-ი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოსაზრებები სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით კ. პ.-ის სარჩელს პირადი ნივთების დაბრუნების თაობაზე უარი ეთქვა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე რ. პ.-მ მოსარჩელე კ. პ.-ის სახლიდან წაიღო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთები. გამომდინარე აქედან, სასამართლომ კ. პ.-ის სარჩელი უსაფუძვლოდ ცნო და არ დააკმაყოფილა.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კ. პ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
მოპასუხემ აღნიშნულ სააპელაციო საჩივარზე შეიტანა შესაგებელი, რომელშიც მიუთითებს, რომ ასეთი განცხადებებით კ. პ.-ს მათთვის არა ერთხელ დაურღვევია სიმშვიდე. ამგვარი საჩივრის საფუძველზე უბნის ინსპექტორმა ერთხელ უკვე შეისწავლა ეს საქმე, დაკითხა მეზობლები და როდესაც დარწმუნდა რ. პ.-ის სიმართლეში, საქმე შეჩერდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით კ. პ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილება სსკ-ს 393-ე მუხლის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უარი ეთქვა კ. პ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
კ. პ.-მ მითითებული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან იგი არ არის საკმაოდ დასაბუთებული და ითხოვს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
უდავოა, რომ კ. პ.-მ თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 1991 წელს, როდესაც მუდმივად საცხოვრებლად დაბრუნდა თბილისში.
სკ-ს 75-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა ამიწურა 1994 წელს, სარჩელი კი შეტანილია 2002წ. 31 იანვარს.
სსკ-ს 84-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 75-ე, 84-ე, 79-ე მუხლები და სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სარჩელის ხანდაზმულობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. პ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.